რა მოცულობის ხიზილალა იყიდა წელს საქართველომ და რომელია ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები?
რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. მათი ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს მიერ ტვირთზე გამოვლინდა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი, რის გამოც 200 კილოგრამი ხიზილალა უკან გააბრუნეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა მოცულობის ხიზილალა იყიდა წელს საქართველომ და რომელია ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჯამში, 352 ათას დოლარის ღირებულების ხიზილალას იმპორტი მოხდა. აქედან, ქვეყანაში დაახლოებით 9 ათასი დოლარის ზუთხის ხიზილალა და 343 ათასი დოლარის ღირებულების წითელი ხიზილალა შემოვიდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წითელი ხიზილალას იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ჩინეთი, მას კი რუსეთი და ბელორუსი მოსდევს. რაც შეეხება ზუთხის ხიზილალას, მისი იმპორტი საანგარიშო პერიოდში სრულად იტალიიდან მოხდა.
წყარო: BPN.GE
სიახლეებისთვის მოიწონეთ პალიტრანიუსის ფეისბუქგვერდი.