„ქართული კალმახი მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის გემოვნური თვისებებით გამოირჩევა“ – როგორ ავარჩიოთ ადგილობრივი და იმპორტირებული თევზი
ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებ პროდუქტებს შორის თევზს განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მდიდარია D ვიტამინითა და ომეგა 3-ით. თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა. თევზის ცილებს ორგანიზმი მარტივად და კარგად ითვისებს. მასში შემავალი ნივთიერებებიდან გამომდინარე ებრძვის დეპრესიას და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. სწორედ ამიტომ თევზის რეგულარული მიღება განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ზამთარში.
თევზისგან სარგებელი რომ მიიღოთ, აუცილებელია ის სწორადაც შეარჩიოთ. ამისთვის კი გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო. თევზის შერჩევის წესებზე დეტალურად კომპანია “ოკეანის“ ტექნოლოგი ლევან თომაშვილი გვესაუბრა.
ზოგადად, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს თევზის ხარისხს?
თევზის ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმებიდან უმთავრესია ნედლეულის წარმოშობა და დაჭერის პერიოდი. მაგალითად, საუკეთესო ხარისხის სკუმბრია მოიპოვება სკანდინავიის ქვეყნებში, კერძოდ, ნორვეგიაში. მიზეზი ისაა, რომ ოკეანეში არის ცივი წყლები. ასეთ წყლებში გვიან შემოდგომით დაჭერილი თევზი არის უმაღლესი ხარისხის, აქვს მკვრივი სტრუქტურა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებები.
აღნიშნულის გარდა, უშუალოდ საკვებად მზა თევზის ხარისხზე გავლენას ახდენს თევზის ნედლეულის საწარმომდე ტრანსპორტირების რეჟიმის ზუსტი დაცვა, ამის შემდგომ კი უშუალოდ თევზის ტექნოლოგიური დამუშავების პროცესი. ეს, თავის მხრივ, მოიცავს ფიზიკურ დამუშავებას და მომზადებას მის მარილში მოსათავსებლად, შემდგომ უკვე მარილის სწორად შერჩეული კონცენტრაციასა და მასში თევზის დაყოვნების დროს, საბოლოოდ კი, სწორად შერჩეულ შებოლვის პროცესს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლამდე მივიდეს პროდუქტი, რომელსაც საუკეთესო ორგანოლეპტიკური თვისებები ექნება.
რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება თევზის ყიდვის დროს? როგორ უნდა ამოიცნოს კარგია თუ არა ის?
უპირველესად, თევზის ყიდვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას და პროდუქტის წარმოების თარიღს. სამწუხაროდ, მაღაზიებში ჯერაც მრავლად არსებობს კუსტარულად, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაუცველად დამზადებული პროდუქცია, რაც ხშირად ადვილი ამოსაცნობია კიდეც. მათთვის დამახასიათებელია უჩვეულოდ მკვეთრი ფერი. ეს შეიძლება იყოს ფოსფორისფერი, მუქი სტაფილოსფერი, უჩვეულოდ მკვეთრი წითელი და ამავდროულად, ფერი თევზის ზედაპირზე არათანაბრად არის გადანაწილებული.
უხარისხო თევზის კიდევ ერთი ნიშანია მძაფრი სუნი. ასეთი პროდუქცია ხშირად ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა.
როგორი უნდა იყოს თევზის შენახვის პირობები მარკეტებსა და სახლებში?
სხვადასხვა ტიპის თევზს განსხვავებული შენახვის პირობები გააჩნია. გაყინული თევზის კატეგორია უნდა ინახებოდეს -18 0C ტემპერატურაზე საბოლოო გამოყენების დაწყებამდე. ცივად/ცხლად შებოლილი თევზეულის კატეგორია, ასევე დამარილებული თევზის კატეგორია სასურველია, ინახებოდეს 00C +8 0C ტემპერატურაზე. მნიშვნელოვანია, რომ მათი შენახვისას მარკეტებშიც და სახლშიც შენარჩუნდეს ერთგვაროვანი ტემპერატურა, რადგან ტემპერატურის ხშირი და მკვეთრი ცვლილება უარყოფითად მოქმედებს პროდუქციის ხარისხსა და შენახვის ვადაზე. ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ თევზეული ინახებოდეს სხვა ტიპის პროდუქციისგან (რძის ნაწარმი, ხორცის ნაწარმი) განცალკევებით და შეფუთულ მდგომარეობაში. შეფუთვა გულისხმობს მჭიდროდ მოკრულ ცელოფანს, კონტეინერს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა თევზის ორგანოლეპტიკური თვისებები დაირღვეს.
თევზის არჩევის დროს, იმპორტირებულს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა თუ ადგილობრივ ნაწარმს?
თევზის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ნედლეულის მწარმოებელ კომპანიას/ქვეყანას. მსოფლიოში თევზეულის მწარმოებელი უამრავი ქვეყანა არსებობს, მათ შორის, საქართველოც. ყველა ქვეყანას გააჩნია უპირატესობა გარკვეული სახეობების წარმოებაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკუმბრიის შემთხვევაში ნორვეგია ერთ–ერთი საუკეთესო ექსპორტიორი ქვეყანაა. ეს ძირითადად დამოკიდებულია თევზის სახეობასა და მის საბინადრო გარემო პირობებზე, თუმცა არის თევზეულის კატეგორია, რომელიც ჩვენთან ბევრად უკეთესი ხარისხის იწარმოება. მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორაგულის ოჯახის წევრი თევზის სახეობა კალმახია. ჩვენს პირობებში შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის კალმახის მოშენება. იგი გამოირჩევა ხორცის ტექსტურის სინაზით და უმაღლესი გემოვნური თვისებებით. ასეთ შემთხვევაში პირადად ყოველთვის ადგილობრივ ნაწარმს ვანიჭებ უპირატესობას. მაგ. „ნიკორა სუპერმარკეტებში“ შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი, სოფელ ვაკიჯვარში წარმოებული კალმახი, რომელიც ნამდვილად საუკეთესო ხარისხისაა.
მოგვიყევით "ოკეანის" ასორტიმენტზე, როგორ ხდება კომპანიაში ხარისხის კონტროლი?
ამჟამად ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ცხლად და ცივად შებოლილ პროდუქციას (სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი, ზეთოვანი თევზი და ა. შ.), დამარილებულ პროდუქციას და თევზის სალათებისა და პრესერვების ფართო არჩევანს.
„ოკეანე“ ინტენსიურად მუშაობს ასორტიმენტის დახვეწა-გაფართოებაზე. ძალიან მალე გვექნება კიდევ უფრო მეტი სახის პროდუქცია. მომხმარებლისთვის ბევრ სიახლეს ვამზადებთ.
ხარისხის კონტროლის კუთხით, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ნორმებით ვხელმძღვანელობთ. თითოეული პროდუქტის შემთხვევაში მთლიანი წარმოების პროცესი ყველა ეტაპზე - ნედლეულიდან მზა პროდუქციის მაღაზიის დახლზე მოხვედრამდე - მკაცრად კონტროლდება მრავალი ადამიანის მიერ. კომპანიაში ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის შიდა სამსახურიც. თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა მომხმარებლამდე ყველა სტანდარტის დაცვით დამზადებული პროდუქცია მივიტანოთ.