10 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი მსოფლიოში - Gemrielia.ge

10 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი მსოფლიოში

ალბათ დამეთანხმებით, რომ ტკბილეული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად მისი მაღალკალორიული შემცველობისა, ხშირ შემთხვევაში უარს ვერ ვამბობთ გემრიელი და ნოყიერი დესერტის მირთმევაზე. ბევრ რესტორანსა თუ კაფე-ბარში დესერტები ხელოვნების ნამდვილ ნიმუშადაა ქცეული, მაგრამ გაითვალისწინეთ, რაც უფრო განსხვავებული და დახვეწილია დესერტი, მით უფრო მაღალია მისი ფასიც.

თუ გსურთ ეგზოტიკური და მდიდრული ტკბილეულის მირთმევა, გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ და ცნობილ 10 დესერტს.

1. მარწყვის დესერტი - 9.85 მილიონი დოლარი

lk-1671446918.jpg

ნიუ-ორლეანი განთქმულია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დესერტით, რომელიც ექსკლუზიურად რესტორან Arnaud-ში მზადდება. დესერტის ღირებულება სულ რაღაც 9.85 მილიონ დოლარს შეადგენს. მის შემადგენლობაშია: მარწყვი, ღვინის სოუსი და ვანილის ნაყინი. ეს სტანდარტული მარწყვის დესერტი წლების განმავლობაში დაახლოებით 9 დოლარი ღირდა, მაგრამ 2016 წლიდან რესტორანმა მას ვალენტინობის დღის აღსანიშნავად სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა. დესერტის ამჟამინდელი მაღალი ფასის საიდუმლოება კი მასში მოთავსებულ უზარმაზარ ბრილიანტის ბეჭედში მდგომარეობს.

2. ბრილიანტებით მორთული ხილის ტორტი - 1.82 მილიონი დოლარი

diamond-2-1671446818.jpg

ალბათ დღესასწაულებზე ხილის ტორტის შესაძენად რამდენიმე ათეულ ლარს ხარჯავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგაცნობთ კიდევ ერთ ძვირადღირებულ იაპონურ შედევრს, რომლის ღირებულებაც 1.82 მილიონ დოლარს შეადგენს. ტორტი, მორთულია 223 პატარა ბრილიანტით, რომელსაც ტოკიოელი კონდიტრები 6 თვის განმავლობაში ქმნიდნენ აუქციონზე გასატანად.

3. პლატინის ტორტი - 130 000 $

8-1671447414.jpg

ეს გრანდიოზული ტორტი ცნობილმა იაპონელმა კონდიტერმა ნობუე იკარამ შექმნა. დესერტი დაფარულია თეთრი მინანქრითა და ყველა სახის პლატინის სამკაულით: ყელსაბამით, გულსაკიდით, ჯაჭვებითა და თმის სამაგრებით. კონდიტერმა ნამუშევარი მსახიობ რინკო კიკუჩის მიუძღვნა და თქვა, რომ ამ გზით სურდა ყველა ქალის წახალისება შემდეგი იდეით - ოქროს ნაცვლად პლატინის ტარება.

4. ნაყინი კილიმანჯაროდან - 60 000 $

expensive-deserts-5-1671446956.jpg

ტანზანიაში მდებარე მთა კილიმანჯარო ცნობილია მყინვარებით, რომლებიც ფარავენ მის მწვერვალს. ნაყინის შექმნის კონცეფციაც სწორედ ამ მთიდან მომდინარეობს. მიზეზი, რის გამოც დესერტი ასეთი ძვირადღირებულია, შემდეგია: იდეის შემქმნელები პირველი კლასით მოგაფრენენ კილიმანჯაროს მთას, იქვე მყოფი შეფ-კონდიტერი კი მწვერვალიდან მიღებული ყინულის საშუალებით დაგიმზადებთ უგემრიელეს ნაყინს. ეს სიამოვნება კი სულ რაღაც 60 000 დოლარი დაგიჯდებათ.

5. შოკოლადის პუდინგი - 34 000 $

esss-1671446996.jpg

წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ პუდინგს მსოფლიოში, რომლის დაგემოვნებასაც ინგლისში - „ Lindeth Howe Country House Hotel-ში“ შეძლებთ. დესერტი შექმნილია ფაბერჟეს კვერცხის ინსპირაციით, ხოლო მის შემადგენლობაში გამოყენებულია სტანდარტული რეცეპტის რამდენიმე ინგრედიენტი. დესერტის მაღალ ფასს განაპირობებს მასში მოთავსებული 2-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მირთმევის შემდეგ დამკვეთის მფლობელობაში გადადის.

6. შოკოლადის დესერტი - 25,000 $

frozen-haute-chocolate-25000-1671447020.jpg

დესერტი ნიუ-იორკში მდებარე კაფე Serendipity 3-სა და ექსკლუზიური მწარმოებლის Euphoria New York-ის თანამშრომლობით შეიქმნა. მის ძირითად შემადგენლობაშია 5 გრამი საკვები ოქრო, 28 სახეობის კაკაო, რომელთაგან 14 ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება მსოფლიოში.

დესერტი მოთავსებულია ძვირადღირებულ ჭურჭელში, რომლის ძირს ბრილიანტებით გაწყობილი ოქროს სამაჯური ამშვენებს, იგი დესერტის დასრულების შემდეგ დამკვეთის მფლობელობაში გადადის. ეს სიამოვნება სულ რაღაც 25 000 $ დაგიჯდებათ.

7. მეთევზე ჯოხებზე - 14500 $

6-1671447040.jpg

შემდეგი ძვირადღირებული დესერტი შრი-ლანკაში მდებარე ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნის მენიუს ამშვენებს. მის ძირითად შემადგენლობაშია: საკვები ოქროს პატარა ფირფიტები, ყველი, ხილი, ლიქიორი და ღვინო. დესერტის მთავარ გმირად შოკოლადისგან დამზადებული მეთევზის ფიგურა გვევლინება, რომელიც ლურჯი აკვამარინის 80-კარატიან ქვას შესცქერის. მისი ღირებულება 14 500 დოლარს შეადგენს, რომელიც დესერტის მირთმევის შემდეგ დამკვეთის მფლობელობაში გადადის.

8. მაკარუნები - 7500 $

5-1671447066.jpg

პიერ ერმე - მსოფლიოში ცნობილი, როგორც საუკეთესო მაკარუნების შემქმნელი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს - ბალზამიანი ძმრით, ზღვის მარილის ან წითელი ღვინის არომატით დამზადებული მაკარუნი. ტკბილეულის ერთი პატარა ყუთის საწყისი ფასი 7500 დოლარს შეადგენს. მისი მაღალი ფასი მაკარუნის შიგთავსზეა დამოკიდებული.

9. სულთნის ოქროს ტორტი - 1000 $

2-1-1671447087.jpg

ამ დესერტის კონცეფციის მოსაფიქრებლად კონდიტრებს 2 წელი დასჭირდათ, ხოლო თავად მომზადების პროცესი სამი დღე გრძელდება. საუბარია სტამბოლში ერთ-ერთი ცნობილი დესერტის შესახებ, რომელიც სასტუმრო “Ciragan Palace-ში“ მზადდება. მისი ღირებულება 1000 დოლარს შეადგენს. მას პიკანტურ და განსაკუთრებულ გემოს იამაიკურ რომში გაჟღენთილი ინგრედიენტები აძლევენ, ესენია: ლეღვი, კომში, გარგარი და მსხალი. მომზადებისას დესერტს ძვირადღირებულ პოლინეზიურ ვანილს უმატებენ, ზემოდან კი შავ ტრიუფელის სოუსს ასხამენ. სუფრაზე მიტანის წინ დესერტს 24-კარატიანი ოქროს ფანტელებით ამკობენ, რომელიც ვერცხლის კოლოფშია მოთავსებული.

10. ბრაუნი 1000 $

brauni-1671447113.jpg

თუ გნებავთ მეგობარი გააოცოთ და დააგემოვნებინოთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი და ძვირადღირებული ბრაუნი, გირჩევთ ეწვიოთ ატლანტიკ-სითიში მდებარე რესტორანს. დესერტს ძვირადღირებულ პორტუგალიურ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ, სწორედ ეს უკანასკნელი განაპირობებს მის მაღალ ღირებულებას, რომელიც 1000 დოლარს შეადგენს. თავად ბრაუნი კი ჩვეულებრივი შავი შოკოლადისა და იტალიური თხილისგან მზადდება.

თქვენ რომელი დესერტის გასინჯვას ისურვებდით?