ბროლისა და მინის ჭიქები, ლურჯისა და თეთრის კომბინაცია... - როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა - Gemrielia.ge

ბროლისა და მინის ჭიქები, ლურჯისა და თეთრის კომბინაცია... - როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი დღესასწაულია. თუკი გინდათ ამ წელს ყველაფერი ლამაზად გქონდეთ და თან უახლესი ტენდენციებიც გაითვალისწინოთ, მაშინ სტატია ბოლომდე წაიკითხეთ.

ფერთა გამა

saaxalwlo-sufra1-1672235871.jpg

ასტროლოგიური კალენდრით შთაგონებული დიზაინერები ყოველ წელს ახალ, საინტერესო იდეებს გვაწვდიან საახალწლო სუფრის მორთულობასთან დაკავშირებთ, გვიზიარებენ ახალ ტენდენციებს, რაც დღესასწაულს უფრო ფერადსა და კაშკაშას ხდის. წლევანდელ ტენდენციებს რომ გადავავლოთ თვალი, საკმაოდ მრავალფეროვან ფერთა პალიტრას შევამჩნევთ. კვლავ აქტუალური რჩება კლასიკური ფერთა შეხამება - წითელი, მწვანე და ოქროსფერი. ეს ფერები საახალწლო ტენდენციებში მკვეთრად არის ჩაწერილი და მას გვერდს ვერ ავუვლით. წელს აქტუალურია ასევე ლურჯი ტონები - ბაცი ცისფრიდან მუქ ლურჯამდე, რომელიც კარგად ეხამება თეთრსა და ვერცხლისფერს. მწვანე თუ მარადმწვანე, წიწვოვან ხეებთან ასოცირდება, ვერცხლისფერი ცივ ზამთარში მთვარით განათებული, თოვლიანი გარემოს ასოციაციას ტოვებს და ზამთრის დღესასწაულს ძალიან უხდება.

სუფრა

sufra-1672235912.jpg

სუფრა შეიძლება ავარჩიოთ ჭრელი და ასევე თეთრი, აქ საკითხი შემდეგნაირად დგას: ჭრელ სუფრას სადა ჭურჭელი უნდა შევურჩიოთ, თორემ, შედეგად უგემოვნო სიჭრელეს მივიღებთ, თეთრი ან ერთი ტონის გადასაფარებელი კი საშუალებას იძლევა, სუფრა გავაწყოთ ფერადი ჭურჭლითა და აქსესუარებით. შეიძლება მონოქრომატული გამის შერჩევაც, სადაც ჩართული იქნება სუფრაც, ხელსაწმენდებიც და ჭურჭელიც, თუმცა დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს - შესაძლოა ერთფეროვანი და მოსაწყენი დიზაინი მივიღოთ.

ჭურჭლეული და აქსესუარები

brolis-chiqa-1672236198.jpg

ჩვენი რჩევა იქნება, წინასწარ მოიფიქროთ თუ რის მომზადებას აპირებთ საახალწლო ვახშმისთვის და გათვალოთ, რა ჭურჭელს გამოიყენებთ. სადღესასწაულო განწყობას ძალიან უხდება მაღალხარისხიანი, მოვარაყებული თეთრი ან ღიაფერის ფაიფურის ჭურჭელი, თუმცა უკანასკნელ პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს საახალწლო თემატიკის ნახატიანი თეფშები და აქსესუარები. ამგვარი ჭურჭელი მოუხდება წითელი, მწვანე და ოქროსფერი ტონებით გაფორმებულ სუფრას. თეთრი თეფშები უფრო ლურჯისა და ვერცხლისფრის ან ლურჯისა და თეთრის კომბინაციას შევუხამოთ. რაც შეეხება ჭიქებს - უპირატესობა გამჭვირვალე, ბროლისა და მინის ჭიქებს მიანიჭეთ, ფერადი მინის ინვენტარი დროებით გვერდით გადადეთ. საქართველოში, თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება ბროლის ჭიქები და რთული საშოვნელი ნამდვილად არ იქნება.

თუ სუფრის გაფორმებას ხილით გადავწყვეტთ, ასევე გამოგვადგება ძველი, ბებიასეული მინისა და ბროლის ვაზები, რომლებიც შეგვიძლია ციტრუსით ავავსოთ, უკეთესია თუ ხილი ფოთლებიანად იქნება. არ დაგვავიწყდეს სუფრის ტონებში გადაწყვეტილი სანთლები, უმჯობესია მომცრო ზომის. საახალწლო საჩუქრებს, როგორც წესი, ნაძვის ხესთან აწყობენ, შეგვიძლია პირდაპირ სუფრაზე დავაწყოთ ლამაზი შეფუთვით.