როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები
ახალი წლის სუფრა ყოველთვის მდიდარია მრავალფეროვანი კერძებით. ამ დღესასწაულს ერთი უსიამოვნებაც ახლავს - ხშირად ადამიანები სწორედ ამ მრავალფეროვნებისგან იწამლებიან კიდეც - ხდება მათი კვებითი ინტოქსიკაცია. მათი შემდგომი მკურნალობა მედიკოსების საქმეა, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პროდუქტი უნდა მოვიმარაგოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შეძენისას, მომზადების, შენახვის და გამოყენებისას.
ამაში სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული დაგვეხმარება.
- მივესალმები თქვენს მკითხველს, დამდეგ ახალ წელს ვულოცავ. მიხარია, რომ საშუალება მომეცა, ჩემი რჩვებით, მკითხველს გავუადვილო სურსათის შერჩევის, მომზადების და შენახვის პროცესი. პირველ რიგში, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, ეს არის სურსათის სწორად შერჩევა. მომხმარებლებმა, როცა პროდუქტებს ყიდულობენ, ყოველთვის სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ. მალფუჭებადია პროდუქტები, როგორებიცაა: ხორცი, ყველი, თევზი, ქათამი და სხვა ისეთი სურსათი, რომელსაც რეალიზაციის დროს სჭირდება სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. სურსათის შეძენა აუცილებლად უნდა მოხდეს ისეთი რეალიზაციის პუნქტებში, სადაც დაცულია უკვე აღნიშნული პირობები.
კატეგორიულად აკრძალულია, მსგავსი პროდუქტების მანქანის საბარგულებიდან, გზის პირებიდან თუ სხვა ისეთ ადგილებში შეძენა, სადაც ელემენტარული ჰიგიენის ნორმებიც არ არის დაცული. შემდეგი რისკ-ფაქტორი, რომ სურსათი არ გაფუჭდეს და გახდეს პოტენციურად მავნებელი, ეს არის მისი მომზადების წესების დაცვა, რაც გულისხმობს საფუძვლიან რეცხვა-გასუფთავებას, ხოლო შემდგომ უკვე სწორ თერმულ დამუშავებას.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ კვერცხი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული ინგრედიენტია სხვადასხვა კერძებისთვის, ასევე ხშირად გამოიყენება საკონდიტრო მიმართულებით. აუცილებელია გამოყენების წინ გაირეცხოს საფუძვლიანად სადეზინფექციო ხსნარით, სახლის პირობებში 1ლ წყალში, 100 გრ მარილი განზავებით მივიღებთ სადეზინფექციო ხსნარს, რომლის მეშვეობით შეგვეძლება კვერცხის და ასევე სამუშაო ზედაპირების დეზინფექცია.
- ციტრუსითაც ხდება ადამიანების მოწამვლა...
- ციტრუსით მოწამვლა, შეიძლება ითქვას, რომ იშვიათი მოვლენაა საქართველოში. ციტრუსები დიდი რაოდენობით შეიცავენ მჟავებს, იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ, რეკომედნირებულია მათი ბევრი მიღებისგან თავი შეიკავონ. მანდარინი ალბათ ის სეზონური ხილია, რომელიც ყველასთვის საყვარელია ამ პერიოდში. თუმცა გვმართებს ნორმების დაცვა, რადგან ნებისმიერი სურსათი, რაც არ უნდა სასარგებლო იყოს, მისი გადამეტებული მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. აქვე ვიტყვი, ჩემს საყვარელ ციტატას „წამალს და საწამლავს შორის განსხვავება მხოლოდ დოზაა“...