„ძველად სუფრაზე განსაკუთრებით პოპულარული იყო კაკლის მურაბა და ღორის თავი...“ - წაიკითხეთ უცნობი საახალწლო ტრადიციები თბილისსა და საქართველოში
"ვისი კვერიც მობრაწულად, მადისაღმძვრელად გამოცხვებოდა, იმ ოჯახის წევრს ეტყოდნენ, რომ წარმატებული წელი ექნებოდა"
"... ქართველებისთვის ახალი წელი ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაული იყო, რომელსაც მრავალი რიტუალი უკავშირდებოდა, რიტუალები კი ადამიანთა თვითშეგნებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს! ეს ყოველივე ქართველების თვითიდენტიფიკაციასთან პირდაპირ კავშირშია..." - საქართველოს მივიწყებულ საახალწლო ტრადიციებზე ეთნოლოგი, დოქტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე - მირიან ხოსიტაშვილი "კვირის პალიტრას" ესაუბრება:
- შეიძლება ითქვას, რომ თბილისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაული იყო და შესაბამისადაც აღინიშნებოდა... ეს გახლდათ ერთ-ერთი დიდი საერო დღესასწაული. ჩვენს ისტორიაში დიდი ხნის განმავლობაში ახალი წელი სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ახალ წელს VI-VII საუკუნემდე აგვისტოში აღნიშნავდნენ. შემდეგ იყო 2-3-საუკუნოვანი ციკლი, რა დროსაც ახალ წელს მარტში აღნიშნავდნენ. ეს ყველაფერი იმ დროინდელ კალენდარს უკავშირდებოდა... რასაკვირველია, იულიუსის კალენდრის შესახებ იცოდნენ, თუმცა გარკვეული შიდაქართული კალენდრის ცნობაც არსებობდა, რის მიხედვითაც ახალი წლის თარიღს ცვლიდნენ. XII საუკუნის შემდეგ უკვე იულიუსის კალენდარი დამკვიდრდა და ახალ წელს სწორედ რომ დეკემბრის ბოლოს- პირველი იანვრისთვის აღნიშნავდნენ.
ჩვენი დედაქალაქი განსაკუთრებით ემზადებოდა ამ დღესასწაულისთვის, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა მტრის მიერ იყო დაპყრობილი. მოგეხსენებათ, თბილისმა უამრავ შემოსევას გაუძლო და თბილისის ისტორიკოსების ცნობით, 18-ჯერ არის მიწასთან გასწორებული და ახლიდან აშენებული. შესაბამისად, ამ მძიმე მდგომარეობაშიც აქ ახალი წელი მაინც ყოველთვის დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა.
ჩვენ უფრო გვიანდელი პერიოდის ცნობები გვაქვს, რის მიხედვითაც, ახალი წელი იყო სახალხო დღესასწაული. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი მულტიკულტურული ქალაქი იყო, აქ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ისინი, როგორც წესი, ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ქართველის მეკვლე შეიძლებოდა ყოფილიყო ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და - პირიქითაც.
დღესასწაულის აღნიშვნა, დაახლოებით, ისეთივე ტრადიციით ხდებოდა, როგორც დანარჩენ საქართველოში. განსაკუთრებით საზეიმო სუფრისთვის ემზადებოდნენ.
საახალწლო სუფრა უამრავი ნუგბარისგან შედგებოდა, სუფრაზე უხვად იყო ტკბილეული - ჩურჩხელა, მურაბები...
- მურაბა დღეს აღარ არის შემორჩენილი საახალწლო სუფრაზე და განსაკუთრებით საინტერესოა, რომელი ხილის მურაბა იყო ყველაზე მიღებული?
- სხვადასხვა ხილის მურაბა... ძალიან პოპულარული იყო კაკლის მურაბა, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ახალი წლისთვის საგულდაგულოდ ინახავდნენ. გარდა ამისა, საგანგებოდ კვერებს აცხობდნენ. ორნაირი კვერი იყო: ტკბილიც და მარილიანიც. კვერებს სხვადასხვანაირი ფორმა ჰქონდა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში იყო კაცის ფიგურის მსგავსი კვერები, რომელსაც ბასილას უწოდებდნენ, ვინაიდან პირველი იანვარი წმინდა ბასილის ხსენების დღეს ემთხვევა და მას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ... თბილისში, გარდა საახალწლო სუფრისა, მთელი რიგი ოჯახები პირველი იანვრისთვის იმდენად საგანგებოდ ემზადებოდნენ, ხშირად, ახალ ტანსაცმელსაც კი იკერავდნენ და ახალ წელს იცვამდნენ. მათი რწმენით, ახალი ტანსაცმლით შეგებება, მხიარულ გარემოში შეხვედრა, იმას ნიშნავდა, რომ მთელი წლის განმავლობაში, სიახლეები და სიკეთე ელოდათ.
კიდევ ერთი განსაკუთრებული თბილისური წესის შესახებ უნდა ითქვას... მოგეხსენებათ, თბილისში უამრავი ამქარი იყო, პროფესიული გაერთიანებები - მჭედლები, ხელოსნები, ოქრომჭედლები, ქვით ხუროები, კალატოზები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ამქრებში ერთიანდებოდნენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი თავიანთ სამუშაო ადგილზე მიდიოდნენ, ასე ვთქვათ, იმ ადგილს ახალ წელს ულოცავდნენ და სიკეთეს დაიბედებდნენ. ღმერთს შესთხოვდნენ, დალოცვილი ყოფილიყო მათი სამუშაო სივრცე, სადაც მათ სამჭედლო თუ სხვადასხვა ტიპის საწარმო ჰქონდათ. წარმატებული წელი რომ ჰქონოდათ, ახალ წელს მოილოცავდნენ, სადღეგრძელოსაც იტყოდნენ...