როგორ გამოვაცხვე იდეალური პური პურის საცხობში - 4 რჩევა +რეცეპტი
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცხობს პურს სახლში. ამისათვის დღეების განმავლობაში კვებავენ ბუნებრივ საფუარს, არჩევენ სპეციალურ ფქვილს, უმატებენ სანელებლებს და ა.შ. თუმცა უფრო მარტივი გამოსავალიც არსებობს - ქარხნული საფუარი და პურის საცხობი აპარატი.
დღეს პურის საცხობ აპარატს საკმაოდ ბევრი ოჯახი იყენებს. ყველა აპარატს მოჰყვება რეცეპტებიც და მოხმარების ინსტრუქციაც, თუმცა ზოგს ეკარგება, ზოგს ენის ბარიერი უშლის ხელს წაკითხვაში, ზოგს კი უბრალოდ მეტი რჩევა სჭირდება იდეალური შედეგის მისაღებად.
იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი პური გამოაცხოთ, საჭიროა გარკვეული ნიუანსების ცოდნა და მარტივი წესების დაცვა. გამომცხვარი პურის გემო და ხარისხი დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ტენიანობაზე, ინგრედიენტების ხარისხზე, სწორ დოზირებაზე, თვით აპარატზე და სხვა.
პირველ რიგში გიტოვებთ რეცეპტს:
დაგჭირდებათ:
- 1 ჭ თბილი წყალი;
- 2 სკ შაქარი;
- 1 ½ სკ საფუარი;
- ¼ ჭიქა მცენარეული ზეთი;
- 3 ჭ ხორბლის ფქვილი;
- 1 ჩკ მარილი;
მომზადება:
კომბაინში მოათავსეთ წყალი, შაქარი და საფუარი. დააყოვნეთ 10 წუთით, რომ საფუარი გააქტიურდეს. შემდეგ დაუმატეთ ზეთი, ფქვილი და მარილი. შეარჩიეთ შესაბამისი რეჟიმი (შესაძლოა ეწეროს: Basic, ან White Bread) და დააჭირეთ დაწყებას.
სანამ ფორმიდან ამოიღებთ, მინიმუმ 5 წუთით გააჩერეთ.
ახლა კი გაგიზიარებთ 5 რჩევას, რომლებიც იდეალური პურის გამოცხობაში დაგეხმარებათ.
1. რჩევა დამწყებებისთვის
თუ გამოცდილი „მცხობელი“ ბრძანდებით, ამ რჩევას შეგიძლიათ გადაახტეთ, ხოლო, თუკი ახლა იწყებთ ცომთან მეგობრობას, მაშინ კარგად დაიმახსოვრეთ: წყალი უნდა იყოს თბილი (არც ცხელი, არც ცივი), თორემ საფუარი ვერ გააქტიურდება და შესაბამისად, ცომიც ვერ ამოვა.
2. ფრთხილად ექსპერიმენტებთან
თუკი გამოუცდელი ხართ, ეცადეთ ზედმიწევნით მიჰყვეთ ინსტრუქციას. გამოცდილების დაგროვების შემდეგ უკვე შეგიძლიათ ექსპერიმენტებზე გადახვიდეთ, ოღონდ ფრთხილად იყავით. მაგალითად, თეთრი ხორბლის ჩანაცვლება რუხი ან მთელმარცვლიანი ფქვილით სხვადასხვანაირ შედეგს იძლევა, რადგან სხვადასხვა სახეობის ფქვილი სხვადასხვანაირად იწოვს ტენს. ასევე, ყველა საფუარი არ არის ერთნაირი - სხვა ოდენობა დაგჭირდებათ სწრაფადმოქმედი საფუარისთვის და სხვა - ნედლისთვის.
3. არ შეგეშინდეთ აპარატის თავის ახდის
როგორც ზევით აღვნიშნეთ, ყველა ფქვილი სხვადასხვანაირად იწოვს სითხეს, ამიტომ 100%-ით სანდო ვერცერთი რეცეპტი ვერ იქნება. დააკვირდით ცომს - ძალიან თხელია, ფქვილი დაუმატეთ, თუკი სქელი - წყალი.
4. გაითვალისწინეთ ტემპერატურა
მიუხედავად იმისა, რომ პურის აპარატებს სითბოს შენარჩუნების ფუნქცია აქვს, მაინც უმჯობესი იქნება აპარატი სიცივეში არ გქონდეთ. ოთახის ტემპერატურაზე ცომი კარგად ამოვა.
იმედია, ეს რეცეპტი და რჩევები დაგეხმარებათ. თუკი შეკითხვები გაგიჩნდებათ, კომენტარებში დაგვიწერეთ და ვეცდებით ვუპასუხოთ.
აქვე გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება - თუ იყენებთ და როგორ გადგებათ პურის საცხობი აპარატი.