დაფიქრდით, სანამ შეჭამთ... - რომელია 10 ყველაზე მაღალკალორიული პროდუქტი
რაციონის შედგენისას აუცილებელია საკვების კალორიულობის ცოდნა და გათვალისწინებაც. კვების სპეციალისტები 10 ყველაზე კალორიული პროდუქტის შესახებ შეთანხმდნენ. მათ გაცნობამდე კი გავიხსენოთ, რომ 100 გ ცხიმი 900 კალორიაა, 100 გ ცილა 400, 100 მლ ალკოჰოლი კი 700... ალბათ, დაახლოებით მიხვდით კიდეც, რა პროდუქტები მოხვდნენ ამ სიაში.
1. ზეთოვანი კულტურები
ანუ პროდუქტები, რომლებიც ზეთის გამოსახდელად გამოიყენება: მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, კედარის კაკალი... ისინი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ და შესაბამისად მაღალკალორიულია. თუმცა, მეორე მხრივ, ეს უჯერი, სასარგებლო ცხიმებია, რომელიც ორგანიზმს გულსისხლძარღვთა დაავადებების წინაააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. არ ღირს მათზე უარის თქმა, პირიქით, ამ პროდუქტის მირთმევა აუცილებელიცაა, თუმცა ზომიერად ან სხვა ცხიმის შეზღუდვის ხარჯზე.
2. ძეხვეული
ძეხვეული ძირითადად ღორის ხორცისგან მზადდება. შესაბამისად, მასში ბევრი ნაჯერი ცხიმია, რომელიც სულაც არ არის სასარგებლო. არ დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით მარილიც, რომელიც არანაკლებად მავნეა.
სახლში მომზადებული ძეხვის რეცეპტი ნახეთ აქ
3. ჩიფსები
დიახ, ბევრისთვის საყვარელ ამ სასუსნავს კალორიების მეტი არც არაფერი მოაქვს ორგანიზმისთვის. ამას ემატება გემოს არომატიზატორები, კონსერვანტები და დიდი რაოდენობით მარილი. ჩიფსებთან ერთად, ამ "საპატიო " ადგილს მარილიანი კრეკერებიც იყოფს.
4. შოკოლადი
ის გვანიჭებს სიამოვნებას, გვაბედნიერებს, გვიმაღლებს განწყობას.... და მოაქვს კალორიები. მნიშვნელობა არ აქვს რძიანი იქნება, შავი თუ თეთრი, 100 გრამში დაახლოებით 530 კკალ-იაა, ანუ დაახლოებით 65 კკალ 1 პატარა, 10 გრამიან კვადრატში. რა თქმა უნდა, დღეში 1-2 კვადრატი ტრაგედია არ არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მთელი ფილა საღამოს, ტელევიზორთან.
ასევე დაგაინტერესებთ: რა რაოდენობის შოკოლადის მიღებაა დაშვებული ყოველდღე, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე – სპეციალისტების რეკომენდაციები
5. პოპკორნი
პოპკორნი შუცვლელია კინოსეანსების ან მეგობრებთნ ერთად ფილმის ყურების დროს: ხრაშუნობს, მსუბუქია და მაშინაც შეგვიძლია მივირთვათ, როცა არ გვშია. მაგრამ მასში იმდენივე კალორიაა, რამდენიც შოკოლადში. ის ხომ მხოლოდ სიმინდია - შეიძლება თქვას ვინმემ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მის მოსამზადებლად საკმაო რაოდენობის ცხიმი გამოიყენება, ხშირად არომატიზატორებსაც ამატებენ, ეს ყველაფერი კი სასარგებლო სულაც არ არის.
6. ნამცხვრები და ბისკვიტები
ყველაზე მეტი ცხიმი ფხვიერ და ფენოვან ცომშია, შესაბამისად ასეთი ცომით დამზადებული პროდუქტი მაღალკალორიულობით გამოირჩევა. ამ სიაში შედის ხრაშუნა ნამცხვრებიც, რომელიც ასევე ფხვიერი ცომით მზადდება, ხშირად ემატება არანაკლებ კალორიული ქიშმიში, შოკოლადი, ნუში, თხილი, ნიგოზი...
8. პაშტეტი
ამ კატეგორიაში ინდუსტრიული პაშტეტი შედის, რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს. თუმცა, ვისაც ეს პროდუქტი ძალიან უყვარს, მისი მომზადება თავადაც შეუძლია, ეს ძალიან მარტივია, ბევრად გემრიელი და რაც მთავარია ჯანსაღი.
9. შოკოლადის ბატონები
მადისაღმძვრელი სარეკლამო რგოლები მუდამ მათი გასინჯვისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველ 100 გრამში 460 კკალორიაა, ამასთან დიდი რაოდენობით ცხიმსაც შეიცავენ. როგორც წესი, ეს პალმის ცხიმია, ორგანიზმისთვის აბსოლუტურად უსარგებლო.
9. ყველი
ეს პროდუქტი, თავისთავად, ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმს, ცილას შეიცავს. თუმცა ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით კი ევროპული ტიპის ყველეული, დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ხშირად 50 %-საც კი. ამასთანავე, ყველი ხშირად შედის სხვა კერძების შემადგენლობაშიც, რაც ჩვენს რაციონში მის რაოდენობას ზრდის.
10. კანფეტები
ალბათ, არცაა საჭირო ბევრა წერა ამ პროდუქტის შესახებ. ისედაც ყველამ ვიცით, რომ ზედმეტი კალორიების მეტი კამფეტებს არაფერი მოაქვს. მათგან არანაირ სარგებელს არ ვიღებთ, ზიანი კი დიდია. კამფეტები, რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის, თუმცა ზომიერებამ ნამდვილად არ უნდა გვიღალატოს.
არავინ ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მთლიანად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, მით უფრო, თუ მათი მიღება უკვე ჩვევაში გვაქვს. არც გამუდმებით კალორიების თვლა და გრამობით აწონვაა საჭირო. უბრალოდ, უნდა ვიცნობდეთ პროდუქტს, რომელსაც მივირთმევთ და შეგვეძლოს საკუთარი გასტრონომიული ჩვევების გაკონტროლება.
ერთი მომენტიც - ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ზუსტად ისაა, რომელთაც ხშირად მივირთმევთ შიმშილის შემოტევის ჩასახშობად, სტრესისა და ცუდი განწყობის დასაძლევად, ან უბრალოდ, ისე, ტელევიზორის წინ, გასართობად... რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა წასახემსებლად უფრო ჯანსაღი პროდუქტები შეგვერჩია: ხილი, მაწონი, ხაჭო, უმი ბოსტნეული - სტაფილო, კიტრი, პამიდორი ჩერი... თუმცა, რადგან ჭამა სიამოვნებაა, შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი, მაგრამ ზომიერად.