როგორ შევწვათ ქათმის ფილე ტაფაზე ისე, რომ რბილი და წვნიანი იყოს?
ქათმის ფილე ხორცეულის ის უნივერსალური ნაწილია, რომლის გამოყენებაც არაერთ რეცეპტში შეგვიძლია. მისი მომზადების ყველაზე მარტივი მეთოდი მოხარშვა და შეწვაა. დღეს ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ ყურადღებას და გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებითაც მსოფლიოში ყველაზე რბილი და წვნიანი ქათმის ფილე გამოგივათ.
1. დაამარინადეთ
კარგი მარინადი ყველა ხორცს აგემრიელებს. რამდენიმე საათით ადრე დატოვეთ ქათმის ფილე მარინადში (აუცილებლად მაცივარში), გარანტირებულად რბილ და წვნიან ხორცს მიიღებთ. ჩემი მხრივ, რეკომენდაციას გავუწევდი სოიოს სოუსის, ასევე რძის მარინადს. შესუნელებულ რძეში დამარინადებული ქათამი ნამდვილად უნდა გასინჯოთ.
დაგაინტერესებთ: არცერთი მარინადი არ გახდის ქათამს ასე გემრიელს: კულინარიული ტრიუმფის მთავარი საიდუმლო!
2. ღვინო დაიხმარეთ
ალკოჰოლი, განსაკუთრებით ღვინო, ხორცის კერძებს ძალიან უხდება. შეწვისას ხორცს თეთრი მშრალი ღვინო დაასხით. ფილე წვნიანიც გამოვა და გემრიელიც.
3. ზეთის ნაცვლად კარაქი გამოიყენეთ
თუკი აქამდე არ გიცდიათ, ზეთის ნაცვლად კარაქში შეწვით. საოცრად რბილი, არომატული და წვნიანი გამოდის.
4. დაბეგვეთ
თუ მარინადის მომზადების დრო არ გაქვთ, არც ღვინისა თუ კარაქის გამოყენება გსურთ, ქათმის ფილე უბრალოდ დაბეგვეთ. დაბეგვილი ფილე უფრო სწრაფადაც იწვება და უფრო რბილიც გამოდის (დიდხანს არ შეწვათ, თორემ გამაგრდება).
5. ითამაშეთ ტემპერატურით
კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც ასევე უნივერსალურია, „ტემპერატურით თამაშია“. ფილე ჯერ მაღალ ცეცხლზე თავახდილ ტაფაზე შეწვით, გემოსთვის კარგი იქნება ლიმონის წვენში, პაპრიკაში, ნივრის ფხვნილსა და ზეითუნის ზეთში თუ დაამარინადებთ წინასწარ. კარგად რომ მოიბრაწება და ამოატრიალებთ, შემდეგ ცოტა ხნით დაუწიოთ გაზს და თავიც დააფარეთ. სუპერ რბილი ფილე მზად არის!
6. ჩადეთ მარილწყალში
ეს ალბათ ყველაზე მარტივი მეთოდია. ქათმის ფილე მთელი ღამით მოათავსეთ მარილწყალში (აუცილებლად მაცივარში) და მეორე დღეს შეწვით. აღარც დაბეგვა დასჭირდება და აღარც განსაკუთრებული მარინადი.
და ბოლოს, მთავარი რჩევა: რომელ მეთოდსაც აირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ ხორცი თავიდან უნდა შეიწვას მაღალ ცეცხლზე და თავსახურის გარეშე, შემდეგ შეგიძლიათ ცეცხლს დაუწიოთ და თავიც დააფაროთ.
კომენტარებში გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ წვავთ ხოლმე ქათმის ფილეს.