აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას... - რა მნიშვნელობა აქვს K ვიტამინს და რომელ პროდუქტებშია - Gemrielia.ge

აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას... - რა მნიშვნელობა აქვს K ვიტამინს და რომელ პროდუქტებშია

ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებათა შორის აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ვიტამინი K, რომელიც ადამიანის კანის, სისხლის, ძვლებისა და თირკმლების დამცველად გვევლინება და აღმოჩენილი იქნა გასული საუკუნის დასაწყისში.

დანიელმა მეცნიერმა, ჰენრიკ დამმა გამოიკვლია, რა გავლენა ჰქონდა წიწილებზე ქოლესტეროლის ნაკლებობას. წიწილებში, რომლებსაც აძლევდნენ ნაკლებქოლესტეროლიან საკვებს, გავრცელდა ჰემორაგია - სისხლჩაქცევები კუნთებში, კანქვეშა უჯრედისსა და სხვა ქსოვილებში. კვლევის პროცესში აღმოჩენილ იქნა ნივთიერება, რომელსაც სისხლდენის შეჩერების უნარი გააჩნდა და დაერქვა ვიტამინი К (Koagulationsvitamin), კოაგულაციის ვიტამინი. ამ აღმოჩენისათვის ჰენრიკ დამს 1943 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია.

ვიტამინი К მიეკუთვნება ცხიმგამხსნელ ნაერთების ჯგუფს, რომელიც წარმოიქმნება 2 ძირითადი ფორმის სახით: ფილოქინონი (მცენარეული წარმოშობის, ან ვიტამინი К1) და მენაქინონი (ცხოველური წარმოშობის, ანუ ვიტამინი К2). ამ ვიტამინის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სისხლის ნორმალური შედედების უზრუნველყოფა, ღვიძლის მუშაობის გაუმჯობესება, ძვლების ფორმირება და აღდგენა. ეს აუცილებელია ბავშვებისათვის და უფროსებისათვის, რომლებსაც მოტეხილობები აქვთ.

mwvanili-1675940636.png

ვიტამინი К აუცილებელია ქალებისათვის მენოპაუზის პერიოდში, რადგან ხშირად ამ დროს ვითარდება ოსტეოპოროზი, რომელიც საშიშია ხანგრძლივი და შეუხორცებელი მოტეხილობებით.

ვიტამინი К აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვინც აქტიურადაა დატვირთული ფიზკულტურითა და სპორტით. ზემოხსენებული ვიტამინი ამცირებს სისხლის დაკარგვის რისკს ტრავმების დროს და აძლიერებს კუნთების შეკუმშვის უნარს. ამ ვიტამინის დეფიციტის გამოვლენა ძალიან იშვიათია. ახალშობილები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, არიან ვიტამინი К-ს დეფიციტის რისკის ქვეშ. თუ დედის რძე არ შეიცავს ზემოხსენებული ვიტამინის სათანადო რაოდენობას, ახალშობილის ნაწლავურ ფლორას უჭირს მისი დამოუკიდებლად გამომუშავება და ამიტომ სამშობიარო სახლებში მათ უკეთებენ ვიტამინი К-ს ინიექციებს. რაც შეეხება მოზრდილებს, მისი დეფიციტი ჩნდება მაშინ, როცა კვება იზღუდება და ერთფეროვანი ხდება, კიდევ მაშინ, როცა ადამიანი იღებს ისეთ წამლებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ანდა შეუთავსებელია ვიტამინი К-სათვის. მაგალითად, უარყოფითად მოქმედებს ანტიბიოტიკების მიღება.

bostneuli-1675940679.jpg

ვიტამინი К მოიპოვება მწვანე ფერის მცენარეებში. გასათვალისწინებელია, რომ ეს ვიტამინი ნადგურდება თბოდამუშავებისა და გაყინვის დროს. ვიტამინ К-ს შეიცავს ჭინჭარი, ჟოლოს, ასკილის, ცაცხვის ფოთლები, მწვანე პამიდორი, ისპანახი, ქერი, ხორბალი, ჭვავი, წიწვები. ამ ვიტამინით მდიდარია სოიის ზეთი, ღვიძლი (განსაკუთრებით ღორის), კვერცხი, ნიგოზი, ყველა სახის კომბოსტო, ლამინარია, მწვანე ჩაი.

ვიტამინი К-ს ასათვისებლად სასურველია, რომ ნაწლავებს ცოტა ცხიმი გააჩნდეს. როგორც ჩანს, თავის დროზე ეს ინტუიციურად განსაზღვრეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მცხოვრებლებმა და შექმნეს სალათები ყველის, ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის შემადგენლობით.