ქუმელა - უძველესი ტრადიციული დესერტი, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის - Gemrielia.ge

ქუმელა - უძველესი ტრადიციული დესერტი, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის

ვამბობთ ხოლმე, რომ ქართული სამზარეულო დესერტების სიმწირეს განიცდის. დღეს გვინდა ერთი მივიწყებული დესერტი გაგახსენოთ, რომელსაც ქუმელას უწოდებენ, გაგიგიათ ეს სახელი?

იოსებ გრიშაშვილის ქალაქურ ლექსიკონში ქუმელა ასეა განმარტებული:

„დახალული და დაფქვილი ხორბალი, თაფლ - წყალში მოზელილი. ქუმელას სჭამენ ხოლმე სუფსარქისის მარხვებში. თბილისში ქუმელა თაფლში მოზელილი ფქვიალია. ქუმელას მესხეთში უწოდებენ ფოხინდის...“

ანუ ქუმელა არა დესერტის, არამედ მისი მთავარი ინგრედიენტის სახელია, თუმცა ფაქტია, დესერტმაც ეს სახელი მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ქუმელა/ქუმელი ერთ-ერთი უძველესი ქართული დესერტია, რომლის გავრცელების არეალი საქართველოს მთიანეთია.

ქართულ კილო-თქმათა ლექსიკონში ქუმელი ასეა განმარტებული:

  • შაქარწყალში ან თაფლის წყალში აზელილი წმინდა ფქვილი, მშვენიერი საჭმელია, უყვართ ბავშვებს;
  • მარცვლეულია, რომლის ფქვილისაგან ნამცხვრებს ამზადებენ:
  1. შეჭამანდი, რომელიც მზადდება ასე: დახალულ პურს ჯერ მსხვილად დაფქვავენ ხელსაფქვავით, შემდეგ თაფლწყალში აურევენ და ჭამენ;
  2. გამხმარ პანტას დაფქვავენ, ტკბილ წყალში აურევენ და ჭამენ.

ამ სიტყვას სულხან-საბას ლექსიკონშიც ვხვდებით, იგი ქუმელს განმარტავს, როგორც მოხალულ ფქვილს.

თუშეთში ქუმელი მოხალულ და დაფქულ ქერის ფქვილს ჰქვია, რისგანაც, ჩვეულებრივ, ფაფებს აკეთებენ, ხოლო მეცხვარეები თუშური ყავის მოსამზადებლად იყენებენ.

qeri-1678370020.jpg

დავინტერესდით, „გემრიელიას“ ჯგუფის წევრებმა თუ იცოდნენ ეს ტკბილეული:

„მიყვარს. თუ არ ვცდები, დახალულ ხორბალს ფქვავენ და თაფლით გაზავებული წყლით ზელენ, ზოგი ქიშმიშსაც ურევს, დააგუნდავებენ ან ლამაზ ფორმას მისცემენ, გემრიელი დესერტია,“ - წერს მანანა წიწიკაშვილი.

„ბებიაჩემი ხორბალს ფქვავდა ხელის ქვის წისქვილზე. მერე რძეში ზელდა და შაქრის ფხვნილიში ავლებდა.ამას ელოდებოდა რიგში ჩამდგარი შვილიშვილების ჯარი და სიამოვნებით მივირთმევდით.იმ დროს იმაზე გემრიელი არფერი არ გვეგონა,“ - წერს ანა გელიაშვილი.

„ხორბლის დაფქვისას ყველაზე წმინდად დაფქვილს იღებენ და ტკბილი წყლით ასველებენ შეწებებამდე.ბებო მიკეთებდა, უგემრიელესი იყო,“ - წერს ნათია ნაოჭაშვილი.

გიზიარებთ ქუმელის მომზადების რეცეპტს, რომელიც შეუძლებელია იყოს ერთადერთი, ამიტომ თქვენს რეცეპტებსაც სიამოვნებით გავეცნობით. დაგვიტოვეთ კომენტარებში.

qumela-1678369904.jpg

ფოტოს წყარო

ქუმელის დესერტი

ინგრედიენტები:

  • ქუმელი (მოხალული და წმინდად დაფქული ხორბლის ფქვილი)
  • შაქარი
  • წყალი
  • სასურველი თხილეული.

მომზადება:

წყალი გააცხელეთ და შაქარი ჩაყარეთ. რომ გადნება, გადმოდგით, გააგრილეთ და დაასხით ფქვილს. შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი. უნდა მიიღოთ ცომივით მასა; ისეთი, რომ მისი ამოგუნდავება შეძლოთ. შეკარით გუნდები და ამოავლეთ სასურველ დაქუცმაცებულ თხილეულში. შაქრის ოდენობა თქვენი გემოვნებით განსაზღვრეთ.

ფაქტობრივად, ეს არის ქართული ტრიუფელი, არა?

თქვენებური რეცეპტები დაგვიტოვეთ კომენტარებში.

ფოტოს წყარო: gastronomia.ge