მსოფლიოს საუკეთესო დამფლინგების რეიტინგი - რომელ ადგილზე გავიდა ხინკალი?
მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ კულინარიული ენციკლოპედია TasteAtlas დამფლინგების რეიტინგს აქვეყნებს.
დამფლინგი ჰქვია შიგთავსიან ცომს, რომელიც შემწვარი ან მოხარშულია. ცომი ძირითადად არის ხორბლის ფქვილის ბაზაზე მომზადებული, ხოლო შიგთავსად შეიძლება გამოყენებული იყოს ხორცი, თევზი, ყველი, ბოსტნეული და სხვ.
დამფლინგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში გვხვდება და მათს სამშობლოზეც არაერთი ვერსია არსებობს. TasteAtlas-მა მსოფლიო ქვეყნების 100 საუკეთესო დამფლინგს მოუყარა თავი და ცხადია, ჩამონათვალში ხინკალიც მოხვდა.
ქართული დამფლინგი - ხინკალი TasteAtlas-ის რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ცნობილ კერძებს, როგორიცაა: იტალიური რევიოლი და ნოჩი, რუსული პელმენი და სხვ.
„ეს გემრიელი ქართული დამფლინგები ქვეყნის ერთ-ერთ ეროვნულ კერძად ითვლება. შიგთავსად სუნელებით შეზავებულ ხორცს იყენებენ, ცომს კი ტრადიციულად ახვევენ და თავში კრავენ. ხინკალს რეგიონების მიხედვით განსხვავებული შიგთავსით აკეთებენ. მაგალითად, მთლიან რეგიონებში ძირითადად ცხვრის ხორცს იყენებენ, თუმცა ყველაზე გავრცელებული მაინც ღორისა და საქონლის ხორცის ნაზავია. ასევე საკმაოდ პოპულარულია ტრადიციული იმერული ყველის ან სოკოს შიგთავსით დამზადებული ვეგეტარიანული ვარიანტები,“ - ვკითხულობთ ხინკლის შესახებ TasteAtlas-ის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, TasteAtlas მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ კულინარიული ენციკლოპედია, რომელიც ყველა ქვეყნის კერძებს, დესერტებს, სასმელებსა და რესტორნებს აერთიანებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის ყველაზე პოპულარული კერძების შესახებ. ამავე საიტზე დაგხვდებათ იმ კერძების ჩამონათვალი, რომელთაც ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ. საიტზე შეფასების დაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაციის გავლის შემდეგ. ის კერძები და პროდუქტები, რომლებიც TasteAtlas-ის გვერდზეა გამოქვეყნებული, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის შეფასებას აერთიანებს.