„მთელი ბავშვობა მეშინოდა ამ ბატკნების...“ - რა დატვირთვა აქვს ბატკანს, რომელსაც სააღდგომოდ აცხობენ? - Gemrielia.ge

„მთელი ბავშვობა მეშინოდა ამ ბატკნების...“ - რა დატვირთვა აქვს ბატკანს, რომელსაც სააღდგომოდ აცხობენ?

„მთელი ბავშვობა მეშინოდა ამ ბატკნების“ - ამბობს ჩემი მეგობარი და სააღდგომო ბატკნის ფოტოს მაჩვენებს. პასკა, კულიჩი და წითელი კვერცხები ყველამ ვიცით, მაგრამ ეს ბატკანი საიდან მოვიდა ან რატომ არის ასეთი პოპულარული?

როგორც ამბობენ, ამ ტრადიციის ფესვები იუდაიზმიდან მოდის. პასექსის დღესასწაულზე ებრაელების სუფრაზე აუცილებლად იკავებს ადგილს ცხვრის ხორცი, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი თავს სამწყსოს ნაწილად თვლიან, ხოლო ღმერთი კი მათი მწყემსია. მიიჩნევა, რომ ქრისტიანობამ „ისესხა“ ეს ტრადიცია - მსხვერპლშეწირული კრავი იესო ქრისტეს განასახიერებს. ოღონდ ტრადიცია ასე დამკვიდრდა - ბატკნის ხორცის ნაცვლად ბატკნის ფორმის ნამცხვარი მიაქვთ სუფრაზე.

batkani-1680779249.jpg

როგორც ამბობენ, ეს ტრადიცია საფუძველს შუა საუკუნეებიდან იღებს. ცომის მთავარი ინგრედიენტებია კარაქი, კვერცხი, შაქარი, ფქვილი. ზოგი არაჟანს, ნაღებს, რძეს ან მაწონს უმატებს. როგორც აღვნიშნეთ, მთავარი ბატკნის ფორმაა, რომელიც ბევრ ადგილას იყიდება. არის როგორც მეტალის, ასევე სილიკონის.

batkani1-1680779260.jpg

რაც შეეხება გაფორმებას, შესაძლებელია მხოლოდ შაქრის პუდრის მოყრა, ანდაც გამდნარი შოკოლადის მოსხმა. ზოგი კისერზე წითელ ლენტსაც უკეთეს და ჯეჯილზე სვამს - თითქოს, ბატკანი ბალახობს.

batkani-2-1680779279.jpg

გიტოვებთ ბატკნის რეცეპტს:

ინგრედიენტები

  • რძე - 2 სკ
  • გამაფხვიერებელი - 2 სკ
  • ფქვილი - 200 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ლიმონის წვენი - 1 სკ
  • მწიკვი მარილი
  • ვანილინი - 1 შეკვრა
  • შაქარი - 150 გ
  • დარბილებული კარაქი - 150 გ

მომზადების წესი:

მიქსერით კარგად ათქვიფეთ კარაქი. დაუმატეთ შაქარი, ვანილი, ლიმონის წვენი და გააგრძელეთ თქვეფა მანამ სანამ ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ კვერცხის გულები და 30 წამის განმავლობაში თქვიფეთ. დაუმატეთ რძე, ჩაყარეთ გამაფხვიერებელი, გაცრილი ფქვილი და ნაზად აურიეთ. ამასობაში ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად (ასე ნამცხვარი გაცილებით მსუბუქი და ნაზი გამოვა). იმისთვის რომ ცილა კარგად აითქვიფოს, ის ცივი უნდა იყოს. ბოლოს ორივე მასა ნაზად და მსუბუქად აურიეთ ერთმანეთს. ყალიბს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, ჩაასხით ცომი და გამოცხეთღუმელში 170 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ბატკნის კექსი, ამოიღეთ ყალიბიდან და გაალამაზეთ თეთრი გამდანრი შოკოლადით ან უბრალოდ შაქრის პუდრით.