„37 კგ-ზე მეტი დავიკელი... ადვილად ვინარჩუნებ წონას დიეტების გარეშე“ - როგორ მოვიქცეთ წონაში რეალურად დასაკლებად
ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უცდია დიეტის დაცვა. დიეტა სასურველი წონისა და სასურველი ფორმების მისაღწევად ყველაზე პოპულარული გზაა. თუმცა რამდენად ეფექტურია ის? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. უამრავი სახეობის დიეტა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი მიმდევრების არმიაც ჰყავს. პერიოდულად სხვადასხვა დიეტა ხდება განსაკუთრებით პოპულარული, თუმცა მათი სრული ეფექტურობის დადასტურება საბოლოოდ შეუძლებელია.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფასტინგი ანუ ინტერვალური შიმშილი. ის ანაცვლებს დიეტას და ადამიანებს სასურველი წონის მიღწევის ალტერნატიულ გზას სთავაზობს.
ინტერვალური შიმშილის შესახებ ჯინ სტივენმა, რომელმაც ამ მეთოდით 36 კგ დაიკლო და წონა ხანგრძლივად შეინარჩუნა, წიგნიც დაწერა. მან შექმნა ინტერვალური შიმშილის სისტემა, რომლის გარშემოც მსოფლიო მასშტაბით ასიათასობით ადამიანი გაერთიანდა. „დიეტები არ მუშაობს - ეს შესანიშნავად იცით, მაგრამ მაინც იცავთ... მე კი გასწავლით, როგორ მოარგოთ ინტერვალური შიმშილის სისტემა თქვენი ცხოვრების სტილს. როგორც კი ცხიმების დამწველი სუპერძალის ამოქმედებას შეძლებთ, სამუდამოდ გათავისუფლდებით დიეტომანიისგან. მიხვდებით, რომ ინტერვალური შიმშილი დიეტა კი არა, ცხოვრების წესია,“ - ვკითხულობთ წიგნში „იშიმშილე, ჭამე, გაიმეორე“.
ფასტინგის განსაკუთრებული პოპულარობიდან გამომდინარე გაგაცნობთ საინტერესო ინფორმაციას სტივენსის მოსაზრებებიდან დიეტებისა და ინტერვალური შიმშილის შესახებ:
„რატომ არის ასე ძნელი წონის დაკლება და მისი შენარჩუნება? ამის მიზეზი ჩვენი ჰორმონები და მეტაბოლური პროცესებია. ყველას, ვისაც დიეტა დაუცავს, დროთა განმავლობაში არ ტოვებდა შეგრძნება, რომ საკუთარი ორგანიზმი ებრძოდა, რაც ადრინდელთან შედარებით წონის მატებითა და მეტაბოლური პროცესების გაუარესებით მთავრდებოდა. სინამდვილეში ეს თქვენი ბრალი არ არის, არც სისუსტე და უნებისყოფობა. ამის მიზეზი ბიოლოგიაა...
ათწლეულების დიეტური ტენდენციების გარდა, ხელიდან არ ვუშვებდი ნებისმიერ სიახლეს: ვჭამდი სისხლის ჯგუფის გათვალისწინებით, ვითვლიდი ყოველ ჩაკბეჩას, თითქოს წონაში დასაკლებად კუჭის ოპერაცია მქონოდეს გაკეთებული, ფოსტით ვუკვეთავდი უგემურ ძვირადღირებულ და უსახურ საკვებს, ვსინჯე ჰიპნოზიც, ვიყენებდი საკვების შემცველ ძვირადღირებულ კოქტეილებს. მოკლედ, ტყავიდან ვძვრებოდი. ჩავერთე რამდენიმე სამედიცინო პროგრამაში: ვიღებდი გასახდომ აბებს და ვიკეთებდი ჰორმონულ ინექციებს. ჰორმონები ჩემს ორგანიზმს „ატყუებდნენ“, თითქოს ფეხმძიმედ ვიყავი, რაც დაგროვილი ცხიმის ხარჯვას აძლიერებდა. ამ ორი უკანასკნელის აღიარება მეუხერხულება კიდეც, მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო... აქედანაც ცხადად ჩანს, რაოდენ სასოწარკვეთილი ვიყავი. წარმოგიდგენიათ მაინც? დიახ, ყველა ეს მეთოდი დროებით მუშაობდა, მაგრამ თითოეული მათგანის შემდეგ, დასაწყისთან შედარებით, წონაში უფრო ვიმატებდი...
ახლა კი 37 კგ-ზე მეტი დავიკელი და მის შესანარჩუნებლად ბრძოლა არ მჭირდება. რამდენიმე ნივთის გარდა, რომლებიც ახლა უკვე დიდი მაქვს, ჩემი ტანსაცმელი კვლავ და კვლავ მერგება. მე ადვილად ვინარჩუნებ წონას დიეტების გარეშე, რასაც უნდა ვუმადლოდე ინტერვალურ შიმშილსა და ჯადოსნურ სუფთა შიმშილს მადის კორექციასთან ერთად...
რაც დრო გადის და 50 წელს ვუახლოვდები, ვრწმუნდები, რომ სიმსუქნესთან ბრძოლა სამუდამოდ დავასრულე, რისი დასტურიც ჩემი ახლანდელი სტაბილური წონაა. მადლობა ინტერვალურ შიმშილს!
წონის კლების დროს ორგანიზმის საპასუხო რეაქციებია:
- გრელინის, შიმშილის ჰორმონის მატება - ეს ჭამის სურვილის გაძლიერებას ნიშნავს. ამიტომაც ხელიდან არ ვუშვებთ კარტოფილის ჩიფსების პარკს და ჭამით ვერ ვძღებით. ამ ქცევას მართავს შიმშილის ჰორმონები და არა გონება.
- ლეპტინის, დანაყრების ჰორმონის კლება - ამ დროს რაც უნდა ბევრი ვჭამოთ, გაძღომას ვერ ვიგრძნობთ. ამიტომაც ვაგრძელებთ ჭამას, სანამ კუჭი არ აგვტკივდება - ვერ ვიღებთ ჭამის შეწყვეტის ბრძანებას.
- მეტაბოლური სიჩქარისა და ენერგიის ყოველდღიური ხარჯის შემცირება - ეს დამცავი საშუალებაა. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზმს უყვარხართ და თქვენი გადარჩენა სურს! ამიტომაც აღმოაჩენთ, რომ ძალა გამოგეცალათ და დივნიდან წამოდგომისა და სავარჯიშოდ წასვლის სურვილი საერთოდ დაკარგეთ.
შიმშილი ძლიერდება, დანაყრების შეგრძნება იკლებს, მეტაბოლიზმის სიჩქარე და ენერგიის ხარჯი მცირდება და ეს ყოველივე ერთობლივად ხელს უწყობს წონაში კვლავ მატებას, რაც ესოდენ დამახასიათებელია დიეტის დამცავი ადამიანებისთვის...
მინდა გაიგოთ, რომ დიეტის დარღვევა თქვენი ბრალი არ არის. თქვენი ორგანიზმი ჰორმონების დონეს და მეტაბოლურ პროცესებს თქვენივე სიცოცხლის გადასარჩენად არეგულირებს. მან „არ იცის“, რომ პატარა ზომის ტანსაცმლის მორგებას ცდილობთ ან გინდათ პლაჟზე უკეთ გამოიყურებოდეთ - მხოლოდ იმას „ხვდება“, რომ რაღაც საფრთხე გემუქრებათ და გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს თქვენს გადასარჩენად...
საბედნიეროდ, ინტერვალური შიმშილი ორგანიზმში აძლიერებს დადებით ჰორმონულ და მეტაბოლურ ცვლილებებს, რითაც ძალიან განსხვავდება დაბალკალორიული დიეტებისგან, რასაც ადრე ვიცავდით. ასე რომ, როდესაც ინტერვალური შიმშილის წესით ცხოვრობთ, თუნდაც ნაკლები ჭამოთ, ის ორგანიზმს მეტაბოლური ადაპტაციის შედარებით მაცნე ეფექტებისგან დაიცავს. მეტიც, ინტერვალური შიმშილის დაცვით შიმშილისა და დანაყრების ჰორმონები კვლავ გაწონასწორდება და ჭამის მერე დანაყრებასაც იგრძნობთ; შიმშილის შეგრძნება არ გაგიძლიერდებათ და დროთა განმავლობაში დასუსტდება კიდეც.“
სწორედ ასეთია ჯინ სტივენსის მიდგომა დიეტებისა და ინტერვალური შიმშილის შესახებ. ამ უკანასკნელის შესახებ დეტალურად კი წაიკითხავთ წიგნში „იშიმშილე, ჭამე, გაიმეორე“, რომელიც ქართულ ენაზეც არის გამოცემული. წიგნი ყველა შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს. ის განკუთვნილია ყველასთვის. ახალბედებისთვის შედგენილია 28-დღიანი ფასტ-სტარტი. ამ პრაქტიკის მიმდევრებს კი უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგებსა და გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს.