5 კულინარიული წიგნი, რომელიც ყველა მოყვარული მზარეულისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება - Gemrielia.ge

5 კულინარიული წიგნი, რომელიც ყველა მოყვარული მზარეულისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება

იმისთვის, რომ გემრიელი კერძებით ოჯახის წევრები და სტუმრები გააოცოთ, სულაც არ არის აუცილებელი მზარეულის დიპლომი და სამზარეულოში ფუსფუსის მრავალწლიანი გამოცდილება გქონდეთ. ზოგჯერ უბრალოდ სურვილი, ცოტაოდენი მონდომება და სწორი რეცეპტია საჭირო, რომელიც ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით და მარტივი ინსტრუქციით საქმეს გაგიადვილებთ.

ჩვენ შევარჩიეთ 5 კულინარიული წიგნი, რომელიც გემრიელი და საინტერესო კერძების მარტივად მომზადებაში დაგეხმარებათ. პირობას გაძლევთ, ხუთივე მათგანი საუკეთესო საჩუქარი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც კულინარია უყვარს.

შოკოლადის ოქროს წიგნი

shokoladis-oqros-wigni-1682336124.jpg

თუ შოკოლადი თქვენი სისუსტეა, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა იყოს თქვენი სამზარეულოს თაროზე. ეს არის შოკოლადის განსაკუთრებული წიგნი, რაც კი ოდესმე გინახავთ! მასში 300-ზე მეტი საოცარი რეცეპტია თავმოყრილი: საუკეთესო დესერტები, ღვეზლები, ტარტები, მაფინები, კექსები, პუდინგები, კრემები, ტორტები, ნატიფი დესერტები, ნაყინი, სასმელი, კანფეტები და სხვა ტკბილეული – ეს ყველაფერი მართლა ოქროსავით ლამაზ და ძვირფას წიგნშია თავმოყრილი. ლამაზი ილუსტრაციები და მარტივი რეცეპტები მომზადების პროცესს უფრო გააიოლებს და სახალისოს გახდის.

დესერტების ოქროს წიგნი

desertebis-oqros-wigni-1682336112.jpg

ნებისმიერი უგემური კერძისგან გამოწვეულ სევდას, გემრიელი დესერტი გაანეიტრალებს. დესერტებს შეუძლიათ ბედნიერების განცდა მოგანიჭონ და დღე გაგილამაზონ. „დესერტების ოქროს წიგნი“ აერთიანებს დესერტების 250-ზე მეტ იდეას. ფლანის, მოხარშული კრემის, მუსის, ტრაიფლის, შარლოტის, ნაყინის, ღვეზელის და სხვა ნამცხვრების რეცეპტთან ერთად გაეცნობით მათი მომზადების ტექნოლოგიასაც. ეს გახლავთ ერთ წიგნათ აკინძული ყველა მნიშვნელოვანი დესერტი საოჯახო სუფრისთვის, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს! დესერტების წიგნი ასევე საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვისაც ტკბილეული ძალიან უყვარს.

კლასიკური ქართული სამზარეულო

klasikuri-qartuli-samzareulo-1682336096.jpg

წიგნში შესულია ტრადიციული რეცეპტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. თქვენ გაეცნობით ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვნებას, მათ ისტორიას, მომზადების პროცესს უხვი ფოტომასალით. ისწავლით, როგორ მოამზადოთ: წვნიანები, ხორცისა და თევზის, ბოსტნეულის, ყველის, კვერცხის კერძები, ასეცე ცომეული, დესერტი, მურაბები, საწებლები და მწნილები. წიგნში განხილულია საქართველოს რეგიონების კულინარიული თავისებურებანი, ქართული ღვინო, ყველი და პური.

წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან, გრძელ მოგზაურობას მოკლე შესავლით დაიწყებთ, შემდეგ ძირითად რეცეპტებს გაეცნობით და კლასიკური და ზამთრის მარაგებით დაასრულებთ. მესამე ნაწილში კი იხილავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიულ თავისებურებებს. წიგნში შეხვდებით როგორც კლასიკურ ასევე ჯერ თქვენთვის უცნობ, მივიწყებულ რეცეპტებს, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება და წარსულში გამოგზაურებთ. ისწავლით როგორ მოამზადოთ: ქათმის ჩიხირთმა, ხაში, მაწვნის და ბარდის შეჭამანდი, ინდაურის საცივი, მეგრული კუპატი, ყაურმა, იმერული, მეგრული ხაჭაპური, ასევე ხაბიზგინი, აჩმა, თონის ლობიანი, აჭარული ჰალვა, ჩურჩხელა, გოზინაყი, ბლის, საზამთროს, ლეღვის, კაკლის, ალუბლის, ვარდის მურაბა, აჯიკის, კიტრის მწნილი, ბაჟე და კიდევ უამრავი საინტერესო კერძი.

სპაგეტი

spageti-1682336085.jpg

თუ იტალიური სამზარეულო და პასტა გიყვართ, სპაგეტის წიგნი შესანიშნავი არჩევანი იქნება. მას ორიგინალური ვიზუალი აქვს და სპაგეტის ყუთს მოგაგონებთ. სპაგეტის წიგნში ისწავლით პასტის ცომის მარტივად მომზადებას და 100 - ზე მეტ უგემრიელეს რეცეპტს გაეცნობით. სპაგეტი; ლინჯინი; ბუკატინი; ტალიეტელე; პეტუჩინი; პაპარდელე; სპაგეტის სახლში მომზადების წესები იდეალური საჩუქარია საპეგეტის მოყვარულთათვის.

პიცა

pica-1682336073.jpg

ორიგინალური ფორმატით გამოირჩევა პიცის რეცეპტების წიგნიც, სადაც პიცის 50 – ზე მეტი იოლად მოსამზადებელი, ეკონომიური, და, რაც მთავარია, უგემრიელესი რეცეპტებია, სადაც დეტალურად არის განხილული პიცის მომზადების ყველა ეტაპი. ეს ორიგინალური ფორმის წიგნი, პიცის თვალსაჩინო ილუსტრაციებით, საუკეთესო საჩუქარი იქნება ყველასთვის, ვისაც პიცა უყვარს.

თქვენ რომელი წიგნის ჩუქებას ისურვებდით?

შეგახსენებთ, 23 აპრილს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში წიგნის ჩუქების დღე აღინიშნება, ეროვნული ბიბლიოთეკის, „ანაგრამასა“ და „ბიბლუსის“ ინიციატივით კი საქართველოში აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებებიც დაიგეგმა. აღნიშნული აქტივობები მიმართულია წიგნის პოპულარიზაციისა და ცოდნის გაზიარებისკენ.

#აჩუქეწიგნი