კარტოფილი ხახვით - რეცეპტი მხოლოდ უკიდურესად მდიდრებისთვის - Gemrielia.ge

კარტოფილი ხახვით - რეცეპტი მხოლოდ უკიდურესად მდიდრებისთვის

კარტოფილი ხახვით თუ ხახვის გარეშე? დღეს ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - თუკი უკიდურესად მდიდარი ბრძანდებით, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და კარტოფილი ხახვით მიირთვათ. ხახვი - ახალი ოქრო.

თუ ვერ მიხვდით, რა ხდება, ეს ხდება: მარტში ხახვი 110.7%-ით გაძვირდა... რა გახდა ამის მიზეზი?

ახლავე გთხოვთ, თუკი თავს მდიდრად არ თვლით, რეცეპტი არ წაიკითხოთ, რადგან შეიცავს ისეთ ძვირადღირებულ პროდუქტს, როგორიც დღეისათვის არის ხახვი.

დაგჭირდებათ:

  • კარტოფილი
  • მარილი
  • პილპილი
  • ზეთი
  • ხახვი - იგივე მეფეთა საჭმელი

მომზადების წესი:

საფუძვლიან დაიბანეთ ხელები და გაიმშრალეთ ახალი პირსახოცით (აჯობებს ერთჯერადი ხელსახოცი გამოიყენოთ). შემდეგ გადით საკუჭნაოში და შეხედეთ ხახვს. მხოლოდ შეხედეთ, არ აიღოთ, თითი არ დააკაროთ! ახლა დაფიქრდით, ნამდვილად კარგად დაიბანეთ ხელები? თუკი დარწმუნებული არ ხართ, გაბრძანდით და მეორედ დაიბანეთ. თუ საკუთარ თავში ეჭვი არ გეპარებათ, შეგიძლიათ ხახვი აიღოთ.

გააბრძანეთ ხახვი სამზარეულოში. მოაჭერით ბოლო და ნაზად შემოაცალეთ ნაფცქვენი. გაჭერით შუაზე და ხახვს შეეკითხეთ, მოსწონს თუ არა თქვენი სამზარეულოს დეკორი. როგორ უნდა გაიგოთ პასუხი? თუკი ხახვი თვალებს არ აგიწვავთ და ცრემლები არ გადმოგცვივდებათ, გილოცავთ, თქვენი სამზარეულო მეფეთა საჭმლის გემოვნებას აკმაყოფილებს, ანუ მდიდრულია და რა გენაღვლებათ! ხოლო, თუკი თვალები აგეწვათ და ცრემლით ლამის ხახვი დაასველეთ, მაშინ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. სასწრაფოდ მოათავსეთ ხახვი წყლიან ჯამში, გაიქეცით ელიავაზე, იპოვეთ „პრარაბი“, ააღებინეთ ზომები, შეცვალეთ კაფელ-მეტლახი, გამოცვალეთ ავეჯი და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდით წყალში დატოვებულ ხახვს.

ამოიღეთ წყლიდან და გააგრძელეთ დაჭრა.

სანამ ელიავაზე ირბენთ, იმედია მიხვდებით, რომ ამასობაში ოჯახის წევრებს კარტოფილის გათლა და დაჭრა დაავალოთ. კარტოფილი რომ თითქმის შეიწვება, დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. კარგად ამოურიეთ და თავი დაახურეთ. რამდენიმე წუთში თავი ახადეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

სამეფო კერძი გადაიტანეთ ყველაზე ძვირადღირებულ თეფშზე, ფოტოს გადაღება და „გემრიელიას“ ჯგუფში გაზიარება არ დაგავიწყდეთ. შემდეგ კარზე ზარი გაისმება. თქვენ დგებით, აღებთ კარს და ეგებებით სტუმრებს. მიშლენის ვარსკვლავის გამცემი კომისიაა, ნუ დაიბნევით და კერძი გაასინჯეთ. ისინი სინჯავენ თქვენს სამეფო კერძს, გიხდიან მადლობას და განიჭებენ მიშლენის ვარსკვლავს.

ხახვიანი კარტოფილისგან თუ რამე დარჩება, გემრიელად მიირთვით!