"კრედიტი ავიღე და ამ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე... მოგვყავს მოსავალი, ნაწილს ოჯახისთვის მოვიხმართ" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერი მიწას შეეჭიდა: თათა ვარდანაშვილის საოჯახო მეურნეობა თელავში
თბილისში დაბადებულსა და გაზრდილ თათას მეურნეობის კუთხით არც ისე მცირე გამოცდილება აქვს. ჰყავს თხები, უვლის ვენახს, აყენებს ღვინოს და უზომოდ უყვარს მამაპაპისეული სოფელი ართანა. ეს ყველაფერი კი მისი პაპა-ბებიის იქ დაწყებული საქმის გაგრძელებაა...
ამასთან, აქვს კიდევ საინტერესო გეგმები, რაზეც ვრცლად მასთან ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.
- არა მარტო მე ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი, დედის მხრიდან მეცხრე და მამის მხრიდან მეშვიდე თაობის თბილისელი ვარ. მიუხედავად ამისა, სოფელთან მჭიდრო კავშირი ყოველთვის გვქონდა. არც მამის მხარე და არც დედის, თავის წარმომავლობას არ კარგავდნენ. მუდმივად ინარჩუნებდნენ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს და სოფელთან კავშირს. ამიტომ ზაფხულში ტრადიციულად ჯერ საგარეჯოში ჩავდიოდით, სადაც დედაჩემის დედას მამაპაპისეული კერა ჰქონდა - უძველესი რიკულებიანი სახლი. ბავშვობაში იქ საზაფხულო არდადეგების ნახევარს ვატარებდი.
15 წლის რომ ვიყავი, მამამ თელავის რაიონში, თავის სოფელ ართანაში, სადაც პაპას ძირძველი მიწა-წყალია, ძველი სახლი შეიძინა. იქ სამკვიდრო მიწა გვაქვს. სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარა. მალე ბებიას (მამის დედა) მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, არანაირ იმედს არ გვაძლევდნენ, რომ გადარჩებოდა. 80-იანი წლები იყო და ექიმ ბებიას ასევე ექიმებმა დარჩენილი დროის გატარება, კრისტალურად სუფთა ჰაერზე ურჩიეს. მათი თქმით, რადგან სამი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, გადაწყვიტა, მამაჩემს სოფელში, სუფთა ჰაერზე გადაეყვანა. იქ პაპას ნათესავები ჰყავდა. ართანა მაშინ საკმაოდ გამართული სოფელი იყო, წყალი ჰქონდა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოკლედ, 17 წლის რომ გავხდი, იქ იყო უკვე გამართული სახლი და ბებიას ჰქონდა კარგი მეურნეობა. ის გადარჩა და იცოცხლა იმდენ ხანს, რომ დემეტრე გამაზრდევინა.
- არადა ერთი კვირის სიცოცხლის გარანტია მისცეს, ხომ?
- კი, მოსკოვის ონკოლოგიის წამყვან ცენტრმა... მან ამ დიაგნოზიდან მოყოლებული 12 წელი იცოცხლა. მოუარა ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს და ინსულტით გარდაიცვალა. 12 წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ იქაურობა ააყვავა, იქ გადაიტანა თავისი სტომატოლოგიური კაბინეტიც. ავბედითი 90-იანი წლები, შიმშილის, გაუსაძლისი შიშის პერიოდი მან გადაგვატანინა. სახლი ართანაში იყო ჩვენი და მამიდის ოჯახების ერთადერთი თავშესაფარი. იმ პერიოდში ასე გადარჩა და ჩვენც გადაგვარჩინა...
ჰყავდა ფრინველები, პირუტყვი, ვენახი, რომელსაც პაპასთან ერთად უვლიდა. გვქონდა ჩვენი საკუთარი ღვინო. ბებია ტანინისგან წიგნში ამოკითხულ მშრალ ნაყენს აკეთებდა, რომელსაც უზმოზე იღებდა, რომ ორგანიზმში სითხის ბალანსი შეევსო. კიბო ფაქტობრივად, ასე დაამარცხა. ჩემი ორივე ბებია მამის და დედის დედები ბაღელები იყვნენ, ერთად სწავლობდნენ „სამედიცინოზე“, მეორე მსოფლიო ომის დროს ერთდროულად მოუვიდათ გაწვევა ფრონტიდან და მოწინავე ხაზზე იყვნენ. ერთდროულად დაოჯახდნენ.... დედა და მამა ერთ დღეს არიან დაბადებულები. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, ერთ ბებიას მეორე ბებია (მამის დედას დედის დედა) ხელში ჩააკვდა. იმასაც სიმსივნე ჰქონდა. ქიმიოთერაპია ჩაუტარეს და თავის დაავადებასთან ისე გამკლავება ვერ შეძლო.
- ისე მამის დედა მაინც როგორ გაუმკლავდა ასეთ მძიმე სენს?
- მან ოპერაციის შემდეგ ყველა მედიკამენტის მიღებაზე, ქიმიოთერაპიაზე და ნებისმიერ სხვა თერაპიაზე უარი თქვა. როგორც ექიმმა, თავისი განათლების კომპეტენციაში უმკურნალა საკუთარ თავს, სუფთა ჰაერით და ხალხური მედიცინით. დაანება ფარმაკოლოგიური წიგნების კითხვას თავი და ხალხურ მედიცინას ჩაუღრმავდა.
ამდენად, სახლი ართანაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ცოტა მიჭირს იქ კარის შეღება... მაგრამ მამის ავადმყოფობის ამბავი რომ შევიტყვე, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად არანაირი საშუალება არ მქონდა, კრედიტი ავიღე და იმ სახლის რეაბილიტაცია დავიწყე. თავს იმას ვერ ვპატიობ, რომ მამის იქ გადაყვანა ვერ მოვასწარი. მან სხივური თერაპიის დროს დამწვრობა მიიღო და სეფსისით გარდაიცვალა. დედა ექიმი მყავს და მარტო მე არ ვწყვეტდი მამის მკურნალობის საკითხს, მისთვის ისე რომ მემკურნალა, როგორც ეს ბებიამ შეძლო. ამიტომ მორალურად განადგურებული ვარ, რომ ვერ შევძელი სიცოცხლის ბოლო წლები მამასთან ერთად ართანას სახლში გამეტარებინა.
- ბებიამ თავის ცხოვრებით პატარებს მაგალითი მოგცათ...
- ბებია თბილისში ყაზბეგის გამზირზე 14 ნომერში ძველი „მედიკების სახლში“ ცხოვრობდა. ამასთან ერთად, „მეტრომშენის“ დასახლებაში სააგარაკედ კერძო სახლი ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს, მაგრამ იქაც სულ მუშაობდა, მეურნეობას მისდევდა, ვეუბნებოდით, რა გინდა, დაისვენე, იქ მიწასთან მუშაობა არც დედას და არც მამას უნდოდა. სულ ამბობდა, მე ომი გამოვიარე და ვიცი, შიმშილი რას ნიშნავსო. სამსახურიდან თავისუფალ დროს ბოსტანს ამუშავებდა, ჰყავდა ქათმები. მე და ჩემი მამიდაშვილი შრომას ბავშვობიდან იქ მიგვაჩვია. ბებიას ვეხმარებოდით. მებაღეობის მიმართულებით იქიდან დაიწყო ჩემი პირველი გამოცდილება... გააგრძელეთ კითხვა