„შეუძლებელია უმი ვეგანი დაავადდე ანთებით, გაციებით, სახსრების ტკივილი გაწუხებდეს...“ - სალომე კალანდაძე ვეგანობის შესახებ
სალომე კალანდაძე "მასტერშეფის" ერთადერთი უმი ვეგანი მონაწილე გახლდათ. ყველაზე კეთილშობილურ კონცეფციაზე დაფუძნებული სიახლე - უმი ვეგანიზმი ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათი ნაწილი ამას სალომეს მიმართ აგრესიით, დაცინვით, ლანძღვა-გინებით გამოხატავდა... გადავწყვიტეთ, სალომეს პიროვნება და უმი ვეგანიზმის თემა საზოგადოებისთვის უკეთ გაგვეცნო...
სალომე კალანდაძე პროფესიით ადვოკატი გახლავთ. საადვოკატო საქმით (სამოქალაქო სამართლის მიმართულებით) დღესაც დაკავებულია. ასევე, უძღვება კვების ობიექტს, რომელშიც მხოლოდ უმ ვეგანურ კერძებს ამზადებენ...
- ჩემთვის "მასტერშეფში" მონაწილეობის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მცენარეული, უმი ვეგანური სამზარეულოს, მისი სარგებლიანობის შესახებ ინფორმაცია ბევრი ადამიანისთვის გამეზიარებინა. არ ველოდი, რომ უკლებლივ ყველა დადებითად მიიღებდა, რადგან ეს კონცეფცია პირდაპირ "გვეუბნება", - ტაფა და ქვაბი უნდა გადააგდოთო (იღიმის). ქართული, ლამის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ხინკალი და ხაჭაპური ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე, გამანადგურებელია... როგორც ხდება, ნებისმიერი სიახლე, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის ჩვენს მენტალიტეტს, ტრადიციებს ეხება და გარკვეულწილად, ჩვენს იდენტობასთანაა დაკავშირებული, ძირითადად, საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამისთვის მზად ვიყავი. დაახლოებით რაც წარმომედგინა, ის დამხვდა: საზოგადოებისგან დამცინავი, სარკასტული, აგრესიული, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მივიღე... იმავდროულად, უამრავმა ადამიანმა მადლობაც მომწერა, ჩემ მიმართ სიყვარული, გულთბილი დამოკიდებულება და მხარდაჭერა გამოხატა. ჩემთვის ეს გულისამაჩუყებელი იყო. ჩემგან გაზიარებული ინფორმაცია თუ ერთ ადამიანს მაინც გამოადგა და წამლად ერგო, ე.ი. საქმე გაკეთებულია.
- ვეგანიზმი ცხოველების ნებისმიერი სახით ექსპლუატაციას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს უმი ვეგანიზმი?
- ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ კერძები დედამიწის რესურსების მინიმალური გამოყენებით დამზადდეს. საკვების თერმულად დამუშავება მხოლოდ 40-45 გრადუსამდეა დასაშვები, რადგან ესაა ერთადერთი გზა, რომ საკვებმა სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, ანუ ჩვენ საკვებს არ ვწვავთ, არ ვხარშავთ, არ ვაცხობთ... 4 ტექნოლოგიას ვიყენებთ: გამოშრობა (დეჰიდრაცია), გაღივება, "ფრიზინგი" (შოკური გაყინვის მეთოდი) და ფერმენტაცია. ბოსტნეულსა თუ ხილს 45 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე თუ ვხარშავთ, იგი სასიცოცხლო თვისებებს კარგავს. ადამიანის ორგანიზმისთვის გადამუშავებული საკვების მეორედ გადამუშავება ძლიერი სტრესია - დიდი რაოდენობით ფერმენტებს ხარჯავს, რომ თუნდაც მცენარეული კერძი გადაამუშაოს. უმი ვეგანური კერძების შესაქმნელად გაზქურა არ გვჭირდება. უმი ვეგანიზმი საუკეთესო გზაა, რომ არც საკუთარ თავს მივაყენოთ ზიანი, არც - დედამიწას და არც - დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ცოცხალ არსებებს. როცა ასე იკვებები, ფაქტობრივად, საკვები ხდება შენი მკურნალი - მედიკამენტების საჭიროება საერთოდ აღარ დგას, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე, შენს ცხოვრებაში ისეთი საოცრებები იწყება, რომ მჯერა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლაკონიური გზაა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად.
ფოტო: ummy უმი
- რა საოცრებებს გულისხმობთ?
- რაც უნდა ბევრი გესაუბროთ, თუ როგორი საოცარი ცხოვრება შეიძლება გელოდეთ, თავად თუ არ გამოცდით, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იქნება. შეუძლებელია, უმი ვეგანი დაავადდე ანთებით, გაციებით, სახსრების ტკივილი გაწუხებდეს... ყველა ორგანო იწმინდება და ახალგაზრდავდება, ანუ იმუნიტეტი ხელოვნური მინიმუმიდან ბუნებრივ ნორმამდე იზრდება - შეგიძლია სპეციალური გაკაჟების გარეშე, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, თოვლში 3 საათი იწვე, -18 გრადუს ყინვაში და არაფერი დაგემართოს. პირადად მე, მთელი ცხოვრება ცინგლიანი ვიყავი (იცინის). ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები ჩემი მუდმივი თანმდევი იყო. ეს პრობლემები უბრალოდ, გაქრა... როგორც აღვნიშნე, ორგანიზმისთვის გადამუშავებული საკვების გადამუშავება დიდი სტრესია: როდესაც ვეღარ ამუშავებს, შლაკების სახით "ჯდება". უმი ვეგანობის შემთხვევაში, ამ შლაკების, შხამების დაშლა, გაწმენდა, ორგანიზმიდან გამოდევნა ხდება, როცა "ცოცხალ" საკვებს ვიღებთ... საერთოდ, ამ ტიპის კვებაზე იმიტომ დავფიქრდი, რომ თანამედროვე ადამიანი უამრავი ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებით იტანჯება. დღევანდელი კვლევებით, ყოველ მეორეს აქვს დიაბეტის ნიშნები სხვადასხვა ფორმით, სიმსივნე, მენსტრუაციის დროს ტკივილი, ფსიქოლოგიური დაავადება - დეპრესია, ნევროზი... თვეების ბავშვებსაც კი საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ეწყებათ, რასაც უპირველეს ყოვლისა, რძის პროდუქტი იწვევს...
ადამიანების მთავარი მიზანია, ბედნიერად, ჰარმონიულად ვიგრძნოთ თავი, მაგრამ როცა ჯანმრთელები არ ვართ, თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობთ, დასახულ მიზნებს ვერ ვაღწევთ... პირადად მე, რაც უმი ვეგანი ვარ, უფრო მეტად ენერგიული გავხდი. მაგალითად, ხორცის ჭამა სარგებელს კი გვაძლევს, მაგრამ იმაზე მეტს გვართმევს, ანუ თუკი 2 კილოჯოულ ენერგიას მაძლევს, 14 კილოჯოული მჭირდება, რომ გადავამუშაო... ხომ გვინდა, ცხოვრება ყველამ შევიგრძნოთ და დავტკბეთ? ამდენი ფიზიკური და ფსიქიკური დაავადება ამაში ხელს გვიშლის... ცოტათი გიჟურად ჟღერს, მაგრამ ყველანი უმ ვეგანურ კვებაზე რომ ვიყოთ, დედამიწაზე შიმშილობა აღარ იქნება. ადამიანები უბრალოდ ვეგანურ კვებაზეც რომ გადავიდნენ, დედამიწის რესურსების 90% დაიზოგება...
ფოტო: უმი ummy
- როგორ გარემოში გაიზარდეთ? უმი ვეგანი როგორ გახდით?
- სტანდარტულ, ტრადიციულ ქართულ ოჯახში დავიბადე, სადაც სააღდგომოდ კვერცხებს ვღებავდით. ახლა დედაჩემს გული უსკდება, რადგან კვერცხებს არ ვღებავ (იცინის). ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა ხდება... დაახლოებით 7 წელია, ხორცი არ მიჭამია. ჩემს ორგანიზმს ხორციანი კერძის მიღება არ სიამოვნებდა... საერთოდ, ასაკი რომ გვემატება, ჩვენთვის არაჯანსაღი საკვების მიღება მძიმეა: ადამიანების დიდი ნაწილი, შემწვარ-მოხრაკული საკვების მიღების შემდეგ, საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველ პრეპარატსაც დააყოლებს ხოლმე... გააგრძელეთ კითხვა