ულამაზესი ბაღი ხონიდან, 700-მდე ჯიშის ვარდით და 1000-მდე დეკორატიული მცენარით - ბიზნესად ქცეული ჰობი: "დედა თავიდან ამ ყველაფერს ეზოს გალამაზებისთვის აკეთებდა"
იმერეთში, ერთ პატარა და ულამაზეს რაიონში, ასეთივე ლამაზ და ფერად ბაღს მივაგენით. ბაღი 2000 კვ.მ-ზეა გაშენებული და მასში 1000-მდე ჯიშის სხვადასხვა სახის მცენარე ბინადრობს. როგორც ბაღის მეპატრონე, ნინი გახარია ამბობს, ეს ბაღი მისი ოჯახის დიდი მონაპოვარი და ბევრი შრომის შედეგია. მცენარეებს ძმასთან, დედასთან და ბიძასთან ერთად უვლის.
- ჩემი სპეციალობა ბიზნეს ადმინისტრირებაა და ამ ეტაპზე ხონში დედასთან ერთად ვცხოვრობ, რომელსაც საოჯახო მცირე ბიზნესის მართვაში ვეხმარები, ამ მხრივ ჩემი პროფესიაც მიწყობს ხელს. მიტაცებს მცენარეების მოვლა და გამოყვანა. დიდი სიამოვნებაა, როცა უყურებ, როგორ ღვივდება თესლიდან თუ პატარა კალმიდან მცენარე და იზრდება შენს თვალწინ. ძალიან ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, როცა გვიგზავნიან ფოტოს, როგორ ხარობენ ჩვენი მცენარეები მათ ეზოში.
- მოგვიყევით ბაღზე, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია...
- ჩვენი ბაღი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ხონში, ის მოიცავს 2000 კვ.მ. ამ ბაღის შემოქმედი არის დედა და ბიძა, რომელიც აგროვებდა იშვიათი ჯიშის მცენარეებს, რომლებიც ჩამოჰქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საქართველოში არსებული სანერგეებიდანაც. თავიდან ამ ყველაფერს ეზოს გალამაზებისთვის აკეთებდა, შემდეგ გადაწყვიტა, ეს საქმიანობა ბიზნესად ექცია და სხვების ეზოებიც გაელამაზებინა. დედამ დაიწყო ამ ჯიშების გამრავლება, მე და ჩემი ძმა ვეხმარებით რეალიზაციაში, ფეისბუქ-გვერდის საშუალებით. ეზოში გვაქვს დამონტაჟებული მორწყვის სისტემა, რაც გვიმარტივებს მოვლას.
- ძალიან ფერადი და მრავალფეროვანია თქვენი ეზო. რა ჯიშის მცენარეები ჭარბობს და რის მიხედვით შეარჩიეთ ეს მცენარეები?
- მადლობა ამ შეფასებისთვის... ჩვენს ეზოში ჭარბობს ვარდები, ასევე გვაქვს მარადმწვანე და სხვა ჯიშის მცენარეები. მცენარეები შევარჩიეთ კლიმატის და გამძლეობის მიხედვით, როგორ გაუძლებდა ჩვენს პირობებს, როგორც დაავადებებს, ასევე კლიმატურ პირობებს.
- ხეხილი და ბოსტნეულიც გაქვთ?
- გვაქვს სხვადასხვა ხილის და თხილის ბაღი, რომელიც გაშენებულია ერთ ჰექტრამდე. ბაღს ვიყენებთ პირადი მოხმარებისთვის. ასევე მოგვყავს კიტრი, პომიდორი, ყურძენი. გვაქვს კივის ხეივანი, ციტრუსი. გვაქვს ორი სათბური, რომელსაც მცენარეების გამოსაყვანად ვიყენებთ, როგორც დათესვით, ასევე დაკალმებით.