კონდიტერი, რომლის ყოველი ტორტი ხელოვნების ნიმუშია
ფოტოებს რომ გადაათვალიერებთ, ნამდვილ ნივთებში არ შეგეშალოთ, ტორტებია და მათზე გენიალურმა კონდიტერმა მარი კიკნაძემ იმუშავა.
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ კონდიტერია მისი პროფესია არ არის. რადგან ბავშვობაში მათემატიკა უყვარდა და მის დროს არც დიდი არჩევანი იყო, პროფესიად ეკონომისტობა აირჩია.
კულინარია ბავშვობიდან აინტერესებდა და წლების შემდეგ თავისი საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია. ტორტებზე შეკვეთებს ჯერ ხაშურში იღებდა, მაგრამ იმდენი შეკვეთა დაუგროვდა თბილისიდან, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ხაშურიდან თბილისში გადმოვიდა.
„გურმანი ვარ, ბავშვობიდანვე მეხერხებოდა კეთება. მახსოვს ერთხელ დედას პურის ცომი ჰქონდა მოზელილი, მაგრამ შეუძლოდ გრძნობდა თავს და გამოცხობას ვერ ახერხებდა. ბნელი 90-იანების პერიოდია. 7 წლის ვიყავი, შეშის ღუმელში მე თვითონ გამოვაცხვე პურები. დედაჩემმა რომ გაიღვიძა და ჩემი პურები ნახა, გაოცდა: ასე პატარამ ასეთი პურები როგორ დააცხვეო.
ამას გარდა, ძალიან მიყვარს ხატვა და ძერწვა, რაც საბოლოოდ კონდიტერიაში ძალიან მეხმარება,“ - ამბობს მარი.
საყვარელი საქმე მალევე აქცია შემოსავლის წყაროდ და როგორც ამბობს, ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
„მესამე კურსის დასასრულს დავქორწინდი, ერთი წლის შემდეგ შვილი შემეძინა. მინდოდა ჩემი შემოსავლის წყარო მქონოდა. თავიდან პროფესიით ვცადე მუშაობის დაწყება, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტე ნამცხვრები გამომეცხო და მაღაზიაში ჩამებარებინა. პირველად ერთი პატარა ზომის ტორტი გამოვაცხვე საცდელად და ვუთხარი: როცა გაიყიდება, დამირეკეთ და ახალს გამოვაცხობ-მეთქი. ჯერ სახლში დაბრუნებული არ ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ტორტი უკვე გაიყიდაო. არ ველოდი, თუ ასე უცებ გაიყიდებოდა. რამდენიმე წელი მაღაზიას ვაბარებდი, მოთხოვნა რომ გაიზარდა და გამიცნეს, უკვე სახლში ვიღებდი შეკვეთებს,“ - გვიყვება მარი.
ითვლება, რომ კონდიტერია ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და რთული სფეროა. აქ თვალის ზომით ვერაფერს გააკეთებ, ყველაფერი გრამებში უნდა აწონო, რადგან თუნდაც ერთი ინგრედიენტის არასწორმა რაოდენობამ შეიძლება დესერტს გემოც დაუკარგოს, ფორმაც და სტრუქტურაც. მარი იმის შესახებაც გვესაუბრა, რომ ზოგიერთი საკონდიტრო ტერმინი ჩვენთან ჯერ კიდევ არასწორად ესმით, მაგალითად, მარციპანი და ფონდანტი:
„ძალიან არასწორად არის დამკვიდრებული ქართულში მარციპანი, ფონდანტი და სხვ. მარციპანი არის ნუშის ფქვილისგან დამზადებული ტკბილეული, რომელიც ცალკეც მიირთმევა და ტორტების მოსართავადაც გამოიყენება, მაგრამ იმდენად ძვირადღირებულია, რომ ფართო გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი. ამის გამო ჩვეულებრივი ფონდანტი, ანუ შაქრის ცომი გამოიყენება, რომელიც მარციპანის ბიუჯეტური ვარიანტია,“ - განმარტავს მარი.
სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისმა შვილმა ტიკტოკზე ვიდეო დადო. ამას მოჰყვა პოსტების განთავსება სხვადასხვა კულინარიულ ჯგუფში, პოპულარობამ არ დააყოვნა და ბოლო ორი წელია მარის ხშირად იწვევენ სხვადასხვა გადაცემაშიც.
მისი ტორტების განსაკუთრებულობა ისაა, რომ თითოეული მათგანი საოცრად რეალისტურია. მაგალითად, შეიძლება ნახოთ ტაფაზე მოთავსებული შემწვარი კარტოფილი, მაგრამ ის თავიდან ბოლომდე ტორტი იყოს. როგორც მარი ამბობს, ჩვეულებრივ დადებით გამოხმაურებას იღებს, თუმცა რამდენიმე უარყოფითიც ახსენდება:
„მახსენდება გოჭის ფორმის ტორტი, რომელსაც ყველაზე დიდი, ოღონდ უარყოფითი, გამოხმაურება მოჰყვა. ვეგანების შემოტევა იყო, არადა ეს ხომ არ იყო ნამდვილი გოჭი, თავიდან ბოლომდე ტორტი იყო,“ - ამბობს მარი.
შეიძლება ითქვას მარიმ თავისი ორი საყვარელი ჰობი - კულინარია და ხელოვნება - გააერთიანა და დღეს ყოველდღიურად უამრავ ადამიანს აბედნიერებს გამორჩეული და განსაკუთრებული ტორტებით.