"საოკუპაციო ხაზი ჩემი ვენახიდან 100-150 მეტრში გადის. განცდები, ბუნებრივია, არის, მაგრამ ეს ჩემი გამოწვევაცაა" - ცხოვრება მავთულხლართების საზღვარზე - ჟურნალისტი და ფერმერი მეჯვრისხევიდან: ულამაზესი ბაღ-ვენახი და მეურნეობა
ტარიელ გურგენიძე ფილოლოგი და ჟურნალისტია, წლების განმავლობაში გორის გაზეთის რედაქციაში მუშაობდა. სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზის ახლოს ცხოვრობს. თავისი კუთხე უზომოდ უყვარს, იქაურობა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებშიც არ მიუტოვებია. სოფელში ყოფნა ძალას ჰმატებს, რადგან წინაპრების კუთხეს უვლის. დიდ მეურნეობას უძღვება - ვენახი, ვაშლის ბაღი, ვარდები და კენკრა, ბევრ სხვა საქმესთან ერთად, მისი საზრუნავია.
- ბატონო ტარიელ, წარმატებული ფერმერი და საოცარი საოჯახო მეურნეობის პატრონი ხართ...
- კი, ასე გამოვიდა... ორი-სამი შემთხვევა მქონდა, აფხაზეთიდანაც კი ჩამოვიდნენ ვარდის ნერგებისა და ვაშლის ძმრისთვის. არ არსებობს საქართველოს არც ერთი რეგიონი, ჩემთან ნერგებისა და ვაშლის ძმრის შესაძენად არ მოსულიყვნენ. თუმცა ჩემი მთავარი მიმართულება მევენახეობაა. ეს დარგი არა მარტო მატერიალურ შემოსავალს მაძლევს, სიამოვნებასაც მანიჭებს...
ყველგან ამაყად ვამბობ, რომ პაპაჩემმა ფეხი ვენახში ამადგმევინა. პირველი შვილიშვილი ვიყავი, სიგიჟემდე ვუყვარდი, ვენახში ხელჩაკიდებული დავყავდი. მისი წყალობით ვენახი და ვაზი ჩემთვის ოჯახის წევრებია. სტუდენტი რომ გავხდი, 2 500 კვადრატული ვენახი მქონდა. მაშინ ვაშლის ბაღების გაშენების ბუმი გაჩნდა. სანერგე მეურნეობის დირექტორმა ნამყენი ნერგები მაჩუქა. ვენახში ჩავყარე და რომ გაიზარდა, დაჩრდილა, ამიტომ ვაზი ამოსაყრელი გამიხდა. ეს შეცდომა რომ გამომესწორებინა, როცა მიწების პრივატიზაცია დაიწყო (სახელმწიფომ სულ 800 კვმ მომცა), მიწა არ მქონდა ვენახის გასაშენებლად, არც ფული. ამიტომ XVII საუკუნის ფრანგული სადილის სერვიზი გავყიდე და 2 ჰექტრამდე მიწა შევიძინე. ნახევარ ჰექტარზე საუკეთესო ჯიშის ყურძენი გავაშენე. გორში გორული მწვანეა ცნობილი, პრობლემა კი ის იყო, გორის რაიონში თითქმის აღარ იყო...
ეს ჯიში დიდ შრომასა და მოფერებას მოითხოვს, ადვილად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. კარდაკარ დავდიოდი, ქარელის რაიონშიც წავსულვარ რქების ასაღებად. რქები მომქონდა, ვაკალმებდი, ვაფესვიანებდი და ვაშენებდი, ამისთვის 5-6 წელიწადი დამჭირდა.
- ძალიან გიწვალიათ...
- კი, ასე იყო. ისე მიყვარს ჩემი ვენახი, დედაჩემი ცოცხალი რომ იყო, ბევრჯერ ვენახში ადუღებული რძე გადმოუტანია, დალიე, ამდენი შრომით რამე არ დაგემართოსო. მოკლედ, ახლა ნახევარ ჰექტარზე გორული მწვანეა და დანარჩენი კი თავკვერი. ღვინოს ტრადიციული წესით ვაყენებდი და პოპულარული გახდა, გაუყიდავი არ რჩებოდა. ახლა ჩემმა გორულმა მწვანემ სახელი ისე გაითქვა, ორი წლის მერე რომ მოსავალი უნდა მოვიდეს, იმაზეც კი უკვე კლიენტი მყავს. კარგ ფასად იყიდება.
- ყურძენს ყიდით?
- კი. ღვინოს ჩვენთვის, ოჯახისთვის ვაყენებ და ცოტას კიდევ ვყიდი. ღვინის გაყიდვა უფრო მომგებიანია, ვიდრე ყურძნის.
- ქართლში უმეტესად მებაღეობას მისდევენ, ჩანს, მართლაც ძალიან გიყვართ ვენახი...
- ჩემი ღვინო და ყურძენი ძალიან პოპულარულია. მეზობლებმა ეს რომ დაინახეს, მათაც დაიწყეს ჩემი ვენახიდან აღებული კალმებით ვენახის გაშენება. ასე რომ, კალმებს ვაფესვიანებ და ნერგებიც უპრობლემოდ მეყიდება. ბოლო დროს, რაც ბაღების ინტენსიურად გაშენება დაიწყეს, გლეხურ მეურნეობებს პრობლემა შეექმნათ. 1 ჰექტრამდე ბაღი მაქვს. ისეთი მოსავალი ვერ მომყავდა, რომ ხარჯი დაეფარა და მოგება მოეცა. რომ შევხედე, შრომა ფუჭად იხარჯებოდა, ძმრის წარმოება მოვიფიქრე.
ჩემი ბებო შინ ამზადებდა სრულად ბუნებრივი მეთოდით დავარგებულ ნატურალურ ვაშლის ძმარს. მეუბნებოდა, უზმოზე დალიე, სასარგებლოაო. 300 ლიტრამდე ვაშლის ძმარს ვამზადებდი. მეტი ჭურჭელი არ მქონდა.
- საკმარისი რაოდენობის ჭურჭელი არ გქონდათ და ევროკავშირის გრანტის მოსაპოვებლად პროექტი დაწერეთ?
- დიახ, გრანტი მოვიგე. 1200 ევრო იყო, რითაც ვიყიდე ვაშლის დამქუცმაცებელი, წვენის გამოსაწური დანადგარი და 6 ტონის ტევადობის რეზერვუარები. ასე დავიწყე ძმრის მასობრივად წარმოება, რომელიც ნორმალურ შემოსავალს მაძლევს...განაგრძეთ კითხვა