"თანამედროვე რაც იყო, ყველაფერი მოვაშორე, სარდაფიდან ძველი ნივთები ამოვიტანე" - სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, რომელმაც მამაპაპისეულ სახლს ახალი სიცოცხლე შესძინა
უკვე მრავლად არიან ჩვენში ადამაინები, რომლებიც სოფლად მამაპაპისეულ სახლკარს არ ივიწყებენ და იქაურობას ახალ სიცოცხლეს სძენენ. თამარ ასათიანმა დაბა მანგლისში წინაპრების სახლ-კარს ზუსტად ის იერი დაუბრუნა, როგორიც წარსულში ჰქონდა. ამბობს, რომ ახლა იქაურობა ბავშვობის წლებს ახსენებს და მოგონებებით იმ დროში, იმ ადამიანებთან აბრუნებს, ვინც გასულ საუკუნეებში იმ კარ-მიდამოში ცხოვრობდა. თავად სახლი 130 წლისაა და სამი საუკუნის მომსწრეა.
თამარ ასათიანი ქართული ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავეა, ამჟამად სუხიშვილების აკადემიის ადმინისტრაციაში მუშაობს. ის ახლა ჩვენი რესპონდენტია და თავის ამბავს გვიყვება.
თამარ ასათიანი:
- სულ ვფიქრობდი, რატომ მიყვარდა ეს სახლ-კარი ასე და მივხვდი - იმიტომ, რომ ძველ დროში მაბრუნებს. ყველაფერი ზუსტად ისევეა, არაფერი შემიცვლია. აქ ნებისმიერ რამეს თავისი ისტორია აქვს. თანამედროვე რაც იყო, მოვაშორე, სარდაფიდან ძველი ნივთები ამოვიტანე, სახლი ასე გავახალისე... ხომ ვამბობ, ყველა ნივთი ვინმეს ან რამეს მაგონებს. თუნდაც სახლის ხის მოაჯირს, ვინ იცის, რამდენი ჩემი წინაპრის ხელი შეხებია. ამიტომ ძალიან ძვირფასია. მოაჯირის შეცვლაზე იყო საუბარი, ცოტა მოირყაო, მაგრამ ახალს ის სითბო და ემოცია ხომ აღარ ექნება?! ამიტომ, სადამდეც შევძლებ, შევინარჩუნებ.
სოფლის სახლს ის ახასიათებს, რომ აქ ფიქრის საშუალება მეტია, საკუთარ თავს მეტად შეიცნობ. თბილისში ცხოვრების სხვა ტემპია, ქალაქი არ გაძლევს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალებას.
- ეზოსაც მიხედეთ?
- ახალი ხეხილი დავრგე. ბებოს დარგული ძალიან ძველი იყო. ამ ყველაფერს პანდემიის პერიოდში შევუდექი, ნაყოფიერად ვიშრომე. ნერგებმა კარგად გაიხარა. სასიამოვნოა, ყოველ დილით რომ გადიხარ და თითოეულ ფოთოლსა და კვირტს აკვირდები. გაიშალა, აყვავდა... ამ დროს ბედნიერი ხარ, სხვანაირი შეგრძნებაა. აქ სხვანაირად თავისუფალი ხარ, ხარ ის, ვინც რეალურად ხარ... ვუვლი ბალახსაც, ვკრეჭ, ყვავილებიც დავრგე.
- სახლი სავსეა უამრავი ძველი ფოტოთი, თქვენი წინაპრები არიან?
- წინაპრების ფოტოები წლების განმავლობაში უჯრაში გვქონდა შენახული, შარშან კი გამოვიტანე და ყველას თვალსაჩინო ადგილი მივუჩინე. ამ ხალხმა ააშენა და შეინარჩუნა ეს სახლ-კარი, მოუარა აქაურობას. ამიტომ მათი ფოტოები არ უნდა იყოს სადღაც უჯრასა და სკივრში. ახლა კედელზეა ჩამოკიდებული, მსიამოვნებს და მათი მადლიერი ვარ. პენსიაზე რომ გავალ, შეიძლება აქ საოჯახო კაფე მოვაწყო, სტუმრებს გავუმასპინძლდე - ასეთი იდეაც მაქვს.
- ძველი ნივთები მართლაც სულ სხვა ემოციებს იწვევს...
- აქ რაც იყო, ხომ ყველაფერი გამოვფინე და ერთი ჯართის მანქანა არ გამიშვია, მათგან რამე არ მეყიდა ან არ ეჩუქებინათ. ხალხი ძველ ნივთებს აბარებს და ძველი ქვაბები, თასები, ქოთნები, რადიოლა ასე მაქვს მოძიებული. სიამოვნებით მიცვლიდნენ და ფულსაც კი მთავაზობდნენ. ჰოდა, მოიყარა თავი ძველმა ავეჯმაც...განაგრძეთ კითხვა