უჩვეულო რეცეპტები ნაყინით, ყველაზე პრეტენზიული გურმანებისთვის
ნაყინი ზაფხულის განუყოფელი ნაწილია და ბევრი ადამიანის საყვარელი დესერტი მთელს მსოფლიოში. დელიკატური ტექსტურა, ტკბილი გემო და არომატის ვარიაციები მას ყველა ასაკისთვის სასურველ დელიკატესად აქცევს. როგორც წესი, ჩვენ ნაყინს მივირთმევთ მზა სახით, ან საოჯახო შეფუთვით, ვამატებთ ხილს და საყვარელ ტოპინგს, მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ნაყინით შეგიძლიათ შექმნათ განსხვავებული და უგემრიელესი დესერტები?
ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე საოცარ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყინით. მოემზადეთ თამამი ექსპერიმენტებისთვის, ახალი გემოვნების აღმოჩენისთვის და უჩვეულო კომბინაციებისთვის, რომლებიც თქვენს ზაფხულს ნამდვილ კულინარიულ დღესასწაულად გადააქცევს.
ბრაუნი ფისტის ნაყინით
ფისტას ნაყინი ჩემი საყვარელი ნაყინების სიაში ერთ-ერთი ფავორიტი გემოა! ფისტას ნაყინის გემრიელი არომატი ბრაუნთან კომბინაციაში გემოების საოცარ ნაზავს ქმნის. ამ დესერტის მოსამზადებლად „პალომას“ საოჯახო შეფუთვის ფისტას ნაყინს ვიყენებ.
ინგრედიენტები:
- კარაქი - 6 ს/კ.
- შოკოლადი - 60 გ.
- შაქარი - 1 ჭიქა (200 მლ).
- კვერცხი - 2 ც.
- ვანილის ექსტრაქტი - 0,5 ჩ/კ.
- ფქვილი - 0,5 ჭიქა (200 მლ)
ზემოდან:
- შოკოლადი - 50 გ. (მოსართავად)
- ფისტას ნაყინი „პალომა“ - 240 გ.
მომზადების წესი:
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და დაიწყეთ ბრაუნის მომზადება. დაბალ ცეცხლზე დადგით ქვაბი, გაადნეთ კარაქი და გახეხილი შოკოლადი. გამუდმებით ურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ;
- ქვაბში ჩაამატეთ შაქარი, აურიეთ რომ კრისტალები გაიხსნას. დაუმატეთ კვერცხები, ვანილის ექსტრაქტი და კვლავ აურიეთ;
- ფქვილი გაცერით და დანარჩენ ინგრედიენტებს ნელ-ნელა შეურიეთ;
- დაახლოებით 22 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი. ჩაასხით ცომი და შედგით ფორმა გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 20 წთ. სანამ ხის ჩხირი ჩარჭობისას არ დარჩება მშრალი და სუფთა. ამოიღეთ ნამცხვარი და გააგრილეთ თეფშზე;
- „პალომას“ ფისტის ნაყინი გადაანაწილეთ ბრაუნზე თანაბრად, კოვზით მიეცით ტალღების ფორმა;
- შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და მოასხით ზემოდან ნაყინს გასაფორმებლად.
კრემ ბრიულეს ჰაეროვანი ტორტი
ინგრედიენტები:
- ორცხობილა/ბისკვიტი 250 გ.
- კარაქი (+ 5გ. საცხობ ფორმაზე წასასმელად) 25გ.
- ნაყინი კრემ ბრულე „პალომა“ 1,5 კგ
- ბეზეები (პატარა + 30 გ. დეკორაციისთვის) 100 გ.
- საკონდიტრო ტოპინგი (ვერცხლის ბურთულები ან სხვა) 10 გ.
- შაქრის ფხვნილი 20 გ.
ლიმონის შიგთავსისთვის:
- ნაღების კარაქი 70 გ.
- შაქარი 110 გ.
- მარილი მწიკვი
- კვერცხი 1 ცალი
- სიმინდის სახამებელი 5 გ.
- კვერცხის გული 1 ც.
- ლიმონი 100 გ.
მომზადების წესი:
- დაიწყეთ ლიმონის შიგთავსის მომზადებით. კარგად გარეცხეთ ლიმონი, რადგან დაგჭირდებათ ცედრა. ცედრა მოათავსეთ ჯამში, დააყარეთ გრანულირებული შაქარი და სუფრის კოვზით ყველაფერი კარგად დასრისეთ. გააჩერეთ ნარევი 30 წთ;
- კვერცხი გატეხეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ იქვე კვერცხის გულიც და ათქვიფეთ მსუბუქად. კვერცხებს დაუმატეთ ცედრის მასა და აურიეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე;
- ლიმონის წვენი გამოწურეთ და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. წვენი უნდა იყოს 70 მლ. ისევ აურიეთ ყველაფერი. ქვაბი დადგით მინიმალურ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მასა უნდა გასქელდეს;
- ქვაბში ჩაუმატეთ მწიკვი მარილი, ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 12 სთ.
მოამზადეთ ტორტი:
- 20 სმ. დიამეტრის და 6 სმ. სიღრმის მოსახსნელ ფორმას წაუსვით კარაქის ნაჭერი. დააფინეთ საცხობი ქაღალდი ისე, რომ ფორმის ზედა კიდეს 3 სმ-ით დაშორდეს. ორცხობილები დაფხვენით, მეოთხედი გადაინახეთ მოსართავად, დანარჩენს შეურიეთ კარაქი. მასა ჩატკეპნეთ ფორმის ძირზე, გაასწორეთ და შედგით მაცივარში 10 წთ;
- ცალკე ჯამში დატეხეთ ბეზეები მსხვილად. კრემ ბრულეს ნაყინის ნახევარი მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, დაუმატეთ ბეზე და ნახევარი ლიმონიანი მასა, კარგად აურიეთ და წაუსვით ორცხობილების ფენას. ზემოდან გაათანაბრეთ ნაყინით, მოაყარეთ გადანახული ორცხობილას ნამსხვრევები. ზემოდან დააფარეთ საკვები პარკი და შედგით საყინულეში 12 საათის განმავლობაში;
- დარჩენილ ნაყინსაც შეურიეთ დარჩენილი ლიმონის მასა, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ჩადეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში მთელი ღამით;
- გამოიღეთ ტორტი საყინულიდან, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 5 წთ. მოაშორეთ დამცავი პარკი და გადაიტანეთ ლამაზ ჭურჭელში;
- ზემოდან დაადეთ კონტეინერიდან ბურთულებად ამოღებული ნაყინი. ნაყინზე დადეთ პატარა ბეზეები, მოაყარეთ შაქრის პუდრი და მორთეთ ვერცხლისფერი საკონდიტრო მძივებით. მიირთვით დაუყოვნებლივ!
შემწვარი ნაყინი
შემწვარი ნაყინი საოცარი დესერტია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ნაყინი სტრაჩატელა „პალომა“
- 100 გ დაქუცმაცებული სიმინდის ფანტელები
- 120 გ ტკბილი ქოქოსი
- 4 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 3 დიდი კვერცხის ცილა
- 2 ს.კ. შაქარი
- ზეთი შესაწვავად (რაფსის ან მცენარეული)
- შოკოლადის სიროფი, კარამელის სოუსი ან თაფლი მზა დესერტის გასაფორმებლად
მომზადების წესი:
- ნაყინის კოვზით ან სუფრის კოვზით გააკეთეთ ვანილის ნაყინის ბურთები 7-8 სმ დიამეტრის, 6 ცალი და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ან ფორმაში. შედეთ ბურთულები საყინულეში მინიმუმ 2 საათით ან სრულად გამაგრებამდე;
- ჯამში შეურიეთ დაფქული სიმინდის ფანტელი (ბურბუშელა), ქოქოსის ფანტელები და დაფქული დარიჩინი;
- ამოავლეთ გაყინული ნაყინის ბურთები საფანელში და ისევ შეაბრუნეთ საყინულეში 30 წთ;
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილები და შაქარი, ქაფის გაჩენამდე. გაყინული ბურთულები ამოავლეთ ამ მასაში და შემდეგ, კვლავ სიმინდის საფანელში. გაყინეთ 1 სთ;
- პატარა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, გამოიღეთ გაყინული ბურთულები და სწრაფად შეწვით ზეთში. გადაიტანეთ თეფშზე და მოასხით სასურველი სიროფი, სოუსი ან თაფლი.
ჰონგ-კონგის ვაფლი ვანილის ნაყინით
ეს დესერტი ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ვაფლის საცხობი აპარატი.
ინგრედიენტები:
- ზეთი
- გამაფხვიერებელი - 1 ჩკ.
- სოდა - 1.5 ჩკ.
- დარიჩინი - 2 ჩკ.
- ზეთი - 140 მლ.
- კვერცხი - 2 ცალი
- კეფირი - 125 მლ.
- რძე - 300 მლ.
- შაქარი - 200 გ.
- ფქვილი - 300 გ.
გასაფორმებლად:
- ნაყინი ვანილის „პალომა“;
- ბანანი (ან სასურველი ხილი);
- მარწყვის სიროფი.
მომზადების წესი:
- ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, შაქარი, დარიჩინი, სოდა, გამაფხვიერებელი. მეორე ჯამში კი აურიეთ კეფირი, რძე, კვერცხის გული და ზეთი. კარგად აურიეთ და შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების მასას. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
- კიდევ ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ღრუბელივით მასის მიღებამდე და ფრთხილად შეურიეთ ცომს. უნდა მიიღოთ ოლადების ცომის კონსისტენციის მასა;
- გაახურეთ ვაფლის საცხობი. წაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ ვაფლები 5-5 წუთის განმავლობაში თავდახურულ საცხობში;
- გამომცხვარ ვაფლს დაადეთ ნაყინი, დაჭრილი ხილი, მოასხით მარწყვის (ან სხვა) სიროფი.
გემრიელად მიირთვით!
NS