სასარგებლო "მავნე" პროდუქტები - Gemrielia.ge

სასარგებლო "მავნე" პროდუქტები


მითები შოკოლადზე

"შოკოლადში სასარგებლო არაფერია“
ხარისხიან შოკოლადში ნამდვილად შედის სასარგებლო ნივთიერებები: ფლავონოიდები, ტანინი, მაგნიუმი, ფოსფორი, ვიტამინი A,B.
გარდა ამისა, შოკოლადი ანტიოქსიდანთებით მდიდარი პროდუქტია.

„შოკოლადი კარიესს აჩენს“
შოკოლადი არ აჩენს კარიესს, მაგრამ დაზიანებულ ემალს ვნებს ნებისმიერ პროდუქტში შემავალი შაქარი, იქნება ეს შოკოლადი თუ ქლიავის ჩირი.

„შოკოლადი ნარკოტიკივითაა“
ბევრი ადამიანი ებრძვის სტრესსა და ცუდ განწყობას შოკოლადით. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ სეროტონინის გამომუშავებას, რასაც „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. მაგრამ შოკოლადი არ იწვევს ნარკოტიკის მსგავს დამოკიდებულებას.

მითები კეტჩუპზე

„კეტჩუპი სუფთა ქიმიაა და არაფერს სასარგებლოს არ შეიცავს“
შესაძლოა ზოგიერთი მწარმოებელი მართლაც იყენებს მის წარმოებაში ზედმეტ და არასაჭირო დანამატებს, ხელოვნურ საღებავებს, გემოს გამაძლიერებლებს, სხვადასხვა ბოსტნეულის პიურეს პამიდორთან ერთად, მაგრამ მთავარია ამ ყველაფრის მითითება ეტიკეტზე არ „დაავიწყდეს“.

პროდუქტის არჩევისას ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მწარმოებელს და ეტიკეტს.

ნატურალური და ხარისხიანი კეტჩუპი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს - ლიკოპენს. თერმული დამუშავების შემდეგ იგი უფრო კონცენტრირდება. ხოლო რადგან ამ დროს ზედმეტი სითხე ორთქლდება, დარჩენილი ლიკოპენი სამჯერ მეტია, ვიდრე ნედლ პომიდორში. მისი შეწოვა ორგანიზმის მიერ კი უფრო იოლდება.

მითები მაკარონზე

„მაკარონი „მავნეა“
დავიწყოთ იმით, რომ მაკარონი ბევრნაირია. როცა ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, გავიხსენოთ, რომ მაკარონი იყოფა 2 ჯგუფად - მაგარი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული და რბილი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული. ეს უკანასკნელი მაღალი გლიკემიური ინდექსით ხასიათდება, ანუ სისხლში გლუკოზის დონის უეცარ მომატებას იწვევს.
მაგარი ხორბლისგან დამზადებული მაკარონი დაბალი გლიკემიური ინდექსით ხასიათდება. ის გლუკოზის დონის სტაბილიზაციას უწყობს ხელს, ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და რთულ ნახშირწყლებს.
მაგარი ხორბლისგან დამზადებულ მაკარონს ქარვისფერი შეფერილობა აქვს და პრიალაა. თუ არათანაბარი ზედაპირი, მოთეთრო ფერი დაჰყვება, ის ან შერეული ფქვილითაა, ან მხოლოდ რბილი ჯიშის ხორბლის.

მითები ნაყინზე

„ნაყინი იწვევს ანგინას“
ანგინას იწვევს ვირუსი, ბაქტერია, მაგრამ არა სიცივე. თუ ადაამიანს ნაყინის შემდეგ მაშინვე ყელი ასტკივდა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ არასწორად მიირთვა. ნაყინი ნელა უნდა შევჭამოთ, მცირე ლუკმებად,ისე რომ სიცივე მხოლოდ ენაზე ხვდებოდეს.

„ნაყინი სასარგებლო არ არის“

ხარისხიან, წესებით დაცვით მომზადებულ ნაყინში რჩება ის ვიტამინები და მინერალები, რაც რძის ნაწარმშია ზოგადად. ეს რა თქმა უნდა არ ეხება სხვადასხვა გაურკვეველი მცენარეული ცხიმით მომზადებულ უხარისხო ნაწარმს. ზომიერად მოხმარების დროს, ნაყინი არც მავნეა და არც ასუქებს.