"ხელს უწყობს ტვინის მოქმედების აქტივობას..." - რა სასარგებლო თვისებები აქვს წაბლს? - Gemrielia.ge

"ხელს უწყობს ტვინის მოქმედების აქტივობას..." - რა სასარგებლო თვისებები აქვს წაბლს?

როდესაც საშემოდგომო პროდუქტებს განვიხილავთ, აუცილებლად გაგვახსენდება წაბლი. ეს მცენარე არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩევა, არამედ ძალიან გემრიელ ნაყოფსაც იძლევა. წაბლი ფოთოლმცვივანი მერქნიანი მცენარეა, რომლის ოთხ ძირითად სახეობას ვიცნობთ: ევროპულს, ჩინურს, იაპონურსა და ამერიკულს. იგი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყელებში ხარობს. საქართველოში წაბლნარი გავრცელებულია კოლხეთის დაბლობზე, შედარებით ნაკლებად _ ლიხის ქედზე, ბორჯომის ხეობასა და კახეთში. წაბლი კულტივირებულია აშშ-სა და სამხრეთ ევროპაში. მართალია, წაბლი კარგ ხემასალას წარმოადგენს და შესანიშნავი ავეჯი მზადდება, მაგრამ ჩვენ ამჯერად მხოლოდ მისი ნაყოფის კვებით ღირებულებას შევეხებით.

წაბლი უნიკალური მცენარეა. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები: С, Е და В2, მინერალები: რკინა, სპილენძი და კალიუმი. ის აგრეთვე შეიცავს უჯრედისს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საერთოდ არ შეიცავს გლუტენს, წაბლში დიდი რაოდენობითაა სახამებელი, რაც დიაბეტით დაავადებულთათვის ნაკლებად სასარგებლოა. ვიტამინების შემცველობა ტვინის მოქმედების აქტივობას და ერითროციტების გამრავლებას უზრუნველყოფს. მასში შემავალი სპილენძი ძვლების სიმტკიცეს და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს, ხოლო მანგანუმი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოხარშული წაბლი უფრო დაბალკალორიულია, ვიდრე შემწვარი, თუმცა, სინამდვილეში, მათ შორის ამ მხრივ დიდი სხვაობა არ არის.