ნაძვის ხის 5 გამორჩეული დიზაინი
ნაძვის ხის მორთვა ბევრისთვის საყვარელი სადღესასწაულო ტრადიციაა და ყოველთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. სასურველი დიზაინის შერჩევა კი წინასაახალწლო სამზადისის განუყოფელი ნაწილია და თუ ახლა ამ გადაწყვეტილების წინაშე ხართ, სადღესასწაულო, მომაჯადოებელი გარემოს შექმნაში ეს ბლოგი დაგეხმარებათ, რადგან ნაძვის ხის ხუთ გამორჩეულ დიზაინს გაგიზიარებთ.
ტრადიციული
ნაძვის ხის მორთვის ტრადიციული სტილი მათთვისაა, ვინც ექსპერიმენტების მოყვარული არ არის, თუმცა კლასიკური, მომაჯადოებელი გარემოს შექმნა უნდა. ამ სტილისთვის ოქროსფერია, მწვანე და წითელი ფერებია დამახასიათებელი. ხშირ შემთხვევაში, დეკორაციები ხელით კეთდება. განათებისთვის კი თბილი ყვითელი ფერის ნათურები გამოიყენება, რაც კიდევ უფრო მყუდრო გარემოს ქმნის. თუ ასეთი ნაძვის ხე ბუხართან დგას და ცეცხლიც გიზგიზებს, ნამდვილი ტრადიციული საახალწლო განწყობა იქმნება.
მინიმალისტური
მათთვის ვინც დახვეწილ, თანამედროვე ესთეტიკას ანიჭებს უპირატესობას, მინიმალისტური ნაძვის ხე საუკეთესო არჩევანია. ასეთ სტილში მორთული ნაძვის ხე სახლის ინტერიერთან არის შეხამებული. მორთულობაც მინიმალისტურია, სადა, ღია და პასტელური ფერების სათამაშოებითა და პატარა თეთრი ან ყვითელი ფერის ნათურებით გაფორმებული.
ვინტაჟური
ნაძვის ხის მორთვის ვინტაჟური სტილი მათთვისაა, ვისაც ნოსტალგიური გარემოს შექმნა და მოგონებების გაცოცხლება უყვარს. გასაფორმებლად რეტრო სტილის სათამაშოები და გირლანდებია საჭირო. რაც უფრო ძველია სათამაშო და ბევრ მოგონებასთან ასოცირდება, მით უფრო საინტერესო დიზაინის შექმნაა შესაძლებელი. ბოლო შტრიხი კი ვინტაჟური განათებით გაფორმებაა.
სკანდინავიური
სკანდინავიური დიზაინის ნაძვის ხე ტრადიციულისა და თანამედროვე სტილის ერთგვარი ნაზავია. გასაფორმებლად ძირითადად ბუნებრივი მასალები გამოიყენება - გირჩები, კენკროვანი ხილის ტოტები, რკო და ა.შ. ამ ტიპის ნაძვის ხე ირთვება ყავისფერი, მწვანე, ყვითელი და ოქროსფერი სათამაშოებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადატვირთული და აქცენტი ნაძვის წიწვებზე გაკეთდეს.
თეთრი ნაძვის ხე
თეთრი ნაძვის ხის დეკორი განსხვავებულია და არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ დიზაინს არ ჰგავს. როგორც წესი, გასაფორმებლად ოქროსფერი, ვერცხლისფერი და წითელი სათამაშოებისგან შექმნილი კომბინაცია გამოიყენება, რადგან ეს ფერები თეთრ ნაძვის ხეს ყველაზე ჰარმონიულად ერწყმის. მეტი სიხალისისთვის ეფექტური ხერხია საჩუქრების ნათელ, მკვეთს ფერებში შეფუთვა და ნაძვის ხის გარშემო დალაგება. ესთეტიკურობის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია, განათება თეთრი ან ყვითელი ფერის იყოს.
ამ ბლოგში ნაძვის ხის დეკორაციის ხუთი განსხვავებული სტილი განვიხილეთ და არჩევანის გაკეთება უკვე თქვენზეა. თუ მყუდრო ატმოსფეროს შექმნა გინდათ და არც ექსპერიმენტები გიზიდავთ, ტრადიციული ნაძვის ხე საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თუ ნოსტალგიური მოგონებების გაღვიძება გინდათ, ვინტაჟური სტილი აირჩიეთ. თუ ესთეტიკის მოყვარული ხართ და გინდათ, რომ ნაძვის ხე სახლის ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმოდეს, მინიმალისტური ნაძვის ხე გამოგადგებათ, ხოლო თუ რაიმე განსხვავებულს ეძებთ, სკანდინავიურ სტილზე ან თეთრ ნაძვის ხეზე შეაჩერეთ არჩევანი.
ნაძვის ხის მორთვა სასიამოვნო და სახალისო პროცესია და კრეატივთან და ექსპერიმენტებთან ერთად, თქვენთვის სასურველ დიზაინს აუცილებლად იპოვით და თქვენს სახლში ზუსტად იმ ატმოსფეროსა და განწყობას შექმნით, რომელიც თქვენს ხასიათს შეეფერება და ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულს კიდევ უფრო მომაჯადოებელს გახდით.
R