რა უნდა ვიცოდეთ საკვებზე ალერგიული რეაქციების შესახებ - Gemrielia.ge

რა უნდა ვიცოდეთ საკვებზე ალერგიული რეაქციების შესახებ



თუ ერთი მშობელი მაინც ალერგიულია ანუ ბავშვი ალერგიისადმი გენეტიკურად არის განწყობილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ბავშვებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა.

ძროხის რძეს მოსდევს ფრინველის კვერცხი - მისი ცილაც ალერგენია. იგი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ნაწლავებში დიდხანს ინარჩუნებს ანტიგენურ თვისებებს და ფერმენტ ტრიფსინს ბოჭავს. კვერცხის გულს ცილასთან შედარებით სუსტი ალერგიული თვისებები აქვს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი ჩვილებისთვის მოხარშული კვერცხის გულის მიცემა და არა ცილისა. არცთუ იშვიათად ქათმის კვერცხის აუტანლობა ქათმის ხორცისა და ბულიონის აუტანლობასთან არის შერწყმული.

ჩვილ ბავშვებში ალერგია შესაძლოა დედის რძემაც გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში, თუ დედა ალერგიულ პროდუქტს თავად მიიღებს.

ხშირია მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის, ჭვავის, ქერის, სოიოს მიმართ ალერგიის შემთხვევები

მიიჩნევა, რომ ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად თევზი იწვევს, ამიტომ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კვებითი ალერგიის სიმპტომები აქვთ, მას არ აძლევენ. თევზის ალერგენები თერმოსტაბილურია და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. ზღვის თევზის მიმართ ალერგია უფრო ხშირია, ვიდრე მდინარის თევზის მიმართ. ამასთანავე, თევზის ცილისადმი მგრძნობელობა ასაკთან ერთად არ მცირდება და მოწიფულ ასაკშიც შეინიშნება. გარდა თევზისა, ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ხიზილალამ, კიბორჩხალამ და ზღვის სხვა პროდუქტებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, თევზის სუნმაც კი. წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა კვებითი ალერგენების მიმართ. შეინიშნება ჯვარედინი რეაქციებიც.

რას ნიშნავს ჯვარედინი რეაქციები?

ჯვარედინს უწოდებენ ალერგიულ რეაქციებს, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი პროდუქტები იწვევს. მათი ცოდნა აუცილებელია. თუ ბავშვს აქვს ალერგია რომელიმე პროდუქტზე, მოსალოდნელია, ალერგიული რეაქცია სხვა, მსგავსი პროდუქტის მიმართაც განვითარდეს. ასეთი საკვების განსაზღვრაში ქვემოთ მოყვანილი სქემა დაგვეხმარება:

ძროხის რძე - თხის რძე, ძროხისა და ხბოს ხორცი, ძროხის ტყავი, მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული პრეპარატები;

თევზი - ზღვისა და მდინარის თევზის პროდუქტები;

ქათმის კვერცხი - ქათმის ხორცი და ბულიონი, იხვის ხორცი, მწყრის კვერცხი, მაიონეზი, ბუმბულის ბალიში, პრეპარატები: ინტერფერონი, ზოგიერთი ვაქცინა;

სოკო - პროდუქტები, რომელთა დამზადების ტექნოლოგია სოკოს გამოყენებას ითვალისწინებს, კეფირი, ყველის ზოგიერთი სახეობა, გაფუებული ცომის პური, ანტიბიოტიკები, ობი;

სტაფილო - ოხრახუში, ნიახური, ბეტა-კაროტინი, A ვიტამინი;

მარწყვი - მაყვალი, მოცხარი, ჟოლო;

კაკალი - ნებისმიერი სხვა ჯიშის კაკალი, თხილი, მანგო;

მზესუმზირა - მზესუმზირას ზეთი, ჰალვა, თაფლი, საზამთრო, ნესვი;

შოკოლადი - კოკა-კოლა, კაკაო;

ნებისმერი ციტრუსი - გრეიპფრუტი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი.

ჭარხალი - შაქრის ჭარხალი, ისპანახი;

ატამი - გარგარი, ქლიავი, ასპირინი, ამიდოპირინი.


ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვები დანამატები - საღებავები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები. ამ დანამატების გარეშე დამზადებულ პროდუქტს დღეს ალბათ ვეღარსად ნახავთ. ალერგენებია ასევე შაქრის შემცვლელები - სახარინი, ასპარტამი...

ზოგიერთ ნივთიერებას, რომელსაც სურსათი ბუნებრივად შეიცავს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაავადება ან გაამწვაოს ის ე.წ. ფსევდოალერგიული რეაქციით. მაგალითად, ჰისტამინი - ის ორგანიზმში ალერგიული რეაქციის დროს წარმოიქმნება და ზრდის სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ხელს უწყობს შეშუპებას, იწვევს ქავილს. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰისტამინს ბუნებრივად, თანაც საკმაო ოდენობით შეიცავს. ესენია: ყველი, კონსერვები, ტომატი, ისპანახი, მოხარშული ღორი, ღორის სოსისი, ღორის ღვიძლი, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, მჟავე კომბოსტო. თირამინი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ჰისტამინის წარმოქმნას, არტერიული წნევის მომატებას. მას შეიცავს ლუდის საფუარი, დამარილებული ქაშაყი, შოკოლადი, ნუგა, თხილის კრემი, ციტრუსები, ძეხვი. სეროტონინი, ალერგიული რეაქციების მედიატორი, შედის ბანანის, ავოკადოს, კაკლის შემადგენლობაში. სალიცილატებს ბუნებრივი სახით შეიცავს ხმელი ხილი (ჩირი), კენკრა, ანანასი, გარგარი, ნუში, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. ასკორბინის მჟავას - C ვიტამინის - შემცველობა მაღალია ციტრუსებსა და მათ წვენებში, მჟაუნმჟავასი - ტომატში, ისპანახში, მჟაუნაში. ეს ორი ნივთიერებაც კვებითი ალერგიის გამომწვევია.

ამრიგად, როდესაც იცით, რომელი პროდუქტია სახიფათო ალერგიისადმი მიდრეკილი პატარებისთვის, უნდა მოარიდოთ იმ საკვებსაც, რომელიც მსგავს ალერგენებს შეიცავს.