საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ 2023 ჩატარდა - Gemrielia.ge

საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ 2023 ჩატარდა

3-5 დეკემბერს, ბათუმმა უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლა. ეს პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი იყო საქართველოში, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფუდბლოგერი და გასტრონომიული კონსულტანტი, ქეთი კვიჭიძე და ქართული გასტრონომიის ელჩი, დადუნა ღლონტი. ღონისძიების მთავარი მიზანი აჭარის რეგიონში და მთლიანად საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ტრადიციული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვა წარმოადგენდა.

საკმაოდ შთამბეჭდავია იმ სტუმართა ჩამონათვალი, რომლებიც ფორუმს სპეციალური მოწვევით სტუმრობდნენ:

სტეფან იაკიჩი - FERRANDI – Paris სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო შეფ-ინსტრუქტორი, პროფესორი.

როლანდ დებუსტი - შეფი და გასტრონომიული კონსულტანტი. 1* მიშლენის რესტორნის, „Bistro R“ მფლობელი შეფი, ევროპარლამენტის აღმასრულებელი შეფ-კონსულტანტი, საფრანგეთის კულინარიის აკადემიის ვიცეპრეზიდენტი (2015-2019 წლები) და „Bocuse d’Or Competition“-ის 1997 წლის ვერცხლის მედალოსანი.

არტურ ლინკევიჩი - ლატვიელი შეფი, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებში მუშაობის დიდი გამოცდილებით.

ნიკოლას კალიადი - FERRANDI – Paris სკოლის საერთაშორისო დეპარტამენტის განვითარების მენეჯერი.

ილჰამ ნაი - PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან;

ფორუმის ქართველი მონაწილეები: შეფმზარეული და რესტორატორი, გურამ ბაღდოშვილი, გასტრონომიული მკვლევარი და ექსპერტი დალილა ცატავა და რესტორატორი და შეფი, გიორგი ნინუა, რომელიც აგრეთვე ფორუმის მოდერატორის ამპლუაში მოგვევლინა.

4-1701861354.jpg

ფორუმის დაწყებამდე, ჩამოსულ სტუმრებს მისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით შეხვდა აჭარა. სტუმრები დაესწრნენ მანდარინის რთველს სასტუმრო „კასტელო მარეში“, სადაც მანდარინით მომზადებული კერძებისა და დესერტების დეგუსტაცია მოეწყო. სპეციალურად მათთვის „შატო კვირიკეში“ ავთენტურ გარემოში აჭარული კერძების მასტერკლასები და ქვევრის ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა, რაც შესანიშნავი ქართული ვახშმით დასრულდა.

ფორუმის პირველი დღე მიეძღვნა გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებს. ღონისძიების ლაიტმოტივად იქცა განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში.

3-1701861416.jpg

არტურ ლინკევიჩის დაკვირვებით, რომელსაც საქართველოსთან რამდენიმე წლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, ბევრი რამ შეიცვალა ქართულ გასტრონომიაში, კერძოდ, დაიხვეწა სერვისი, კომუნიკაცია სტუმრებთან, კერძების მიწოდების კულტურა. ტენდენციად იქცა ნუტრიენტული ღირებულებები, სერვირება. ამასთანვე, შეიცვალა მომხმარებელიც, რომელმაც დღეს უკეთ იცის თუ რა უნდა და უკეთესი შემფასებელიცაა. იგი ახალბედა შეფებს ურჩევს, რომ მთავარი აქცენტი გააკეთონ ცოდნასა და გამოცდილებაზე, სწორედ ეს განსაზღვრავს მათ სამომავლო წარმატებას პროფესიული და ფინანსური თვალსაზრისით. ზუსტად ეს თემა განავრცეს ქართველმა ფორუმის მონაწილეებმა - გურამ ბაღდოშვილმა და გიორგი ნინუამ. გურამ ბაღდოშვილმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა და ტრადიციული პროდუქტების მნიშვნელობასა და მათ საფუძველზე ახალი ქართული სამზარეულოს შექმნაზე გააკეთა აქცენტი.

რონალდ დებუსტმა გასტრონომიული შეჯიბრებებისა და ფორუმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ძალიან საინტერესო მაგალითი მოიყვანა სკანდინავიის სახით. აღნიშნა ისიც, რომ პროფესიონალიზმთან ერთად, კონკურსებში წარმატებას მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯიც განსაზღვრავს.

შეფებმა აგრეთვე განიხილეს ქართული საზიარო სუფრის სარესტორნო სტანდარტზე მორგების საკითხებიც. ყველა, ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ტურიზმის, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია პრაგმატული მიდგომა, სარესტორნო სტანდარტზე მორგება. ეს რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ტრადიციების უგულებელყოფას. გიორგი ნინუას აზრით, მომხმარებელს არჩევანი უნდა ჰქონდეს - ერთი აირჩევს კერძებით გადატვირთულ ტრადიციულ ქართულ სუფრას, მეორე კი უპირატესობას მიანიჭებს კლასიკურ სარესტორნო სეტ-მენიუსა და მომსახურებას.

შესანიშნავი იყო ნიკოლას კალიადის მიერ FERRANDI – Paris სკოლის პრეზენტაცია, რაც თვალსაჩინო მაგალითია თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოში გასტრონომიის სფეროში განათლებას.

5-1701861584.jpg

ფორუმის პირველი დღე კულინარიული ექსპერტის, დალილა ცატავას გამოსვლით დასრულდა, რომელმაც უძველესი ქართული კულინარიული ტრადიციებისა და ავთენტური სამზარეულოს განვითარების გზების შესახებ ისაუბრა. ფორუმის მეორე და მესამე დღე კი კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმო, სადაც უცხოელმა შეფებმა ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერკლასები ჩაატარეს, რაც ნამდვილად დღესასწაულად იქცა და მონაწილეთა აღფრთოვანება დაიმსახურა.

სტატიის ავტორი: ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი ქეთევან ადეიშვილი