პოპულარული დიეტების ბნელი მხარე - Gemrielia.ge

პოპულარული დიეტების ბნელი მხარე


ცილოვანი დიეტა.
ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა, როემლიც ამერიკელმა ექიმმა რობერტ ატკინსმა შეადგინა. დიეტის დროს ძირითადად იკვებებიან ხორცით და თევზით. მენიუში ასევე შედის ცილის შემცველი რძის პროდუქტები, სოკო, ცოტა ხილი და ბოსტნეული. მთლიანად აკრძალულია შაქარი და მარილი.
ნახშირწყლების მაქსიმალური შეზღუდვის ხარჯზე, დიეტის დროს 2 კვირაში სამ კგ-მდე შეიძლება დაკლება. 1 გ ნახშირწყალი ორგანიზმში 4 გ წყალს აკავებს. შესაბამისად, ამ დიეტის დროს კლება ხდება სითხის და არა ცხიმის დაკარგვის ხარჯზე. ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობა იწვევს უჯრედისის დეფიციტს ორგანიზმში,რაც შესაძლოა კოლიტის მიზეზი გახდეს.
ცილოვანი დიეტა ორჯერ ზრდის ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, რაც ასევე არასასურველია.

ბრინჯის დიეტა.
ითვლება, რომ ბრინჯი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მას ორგანიზმიდან მარილი და ტოქსინები გამოაქვს. მაგრამ სულ სხვა საქმეა ბრინჯის დიეტა, როცა მტელი დღეების განმავლობაში მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს მიირთმევენ ცალკე ან სხვა პროდუქტებთან ერთად (ქათმის ხორცი, თევზი).
ბრინჯის დიეტა, პირველ რიგში, გამოიწვევს შეკრულობას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კი დააზიანებს ნაწლავებს.

კეფირის დიეტა
კეფირის დიეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთის მიხედვით, მხოლოდ კეფირია დაშვებული მთელი დიეტის დროს, მეორეს მიხედვით, კეფირი სხვა პროდუქტებთან ერთად უნდა მიიღოთ. სიგამხდრეზე მეოცნებენი, ალბათ პირველ ვარიანტს აირჩევენ და რამდენიმე დღეში რამდენიმე კილოგრამსაც დაიკლებენ, მაგრამ როგორც კი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან, კვლავ მოიმატებენ დაკარგულ კილოგრამებს. ეს მოჯადოებული წრესავითაა.
თანაც, მკაცრი დიეტების დროს, როგორც წესი, "დიეტური დეპრესია" ვითარდება. შესაძლოა განვითარდეს ე.წ. კვებითი დაავადებები - ბულიმია და ანორექსია.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კეფირის დიეტა მხოლოდ განტვირთვის დღის მოსაწყობადაა კარგი.

ბოსტნეულის დიეტა
ბევრი ქალი ბოსტნეულის დიეტას იცავს. ამ დროს, ძირითადად კომბოსტოს წვნიანს მიირთმევენ, აგრეთვე სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულს. ერთი შეხედვით, შესაძლოა ასეთი დიეტა სასარგებლოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის მეტისმეტად დაბალკალორიულია და დიეტური დეპრესია ნამდვილად გარანტირებულია, თან უფრო მძიმე ფორმით. იმისათვის, რომ გაკლებული წონა უკან არ დაბრუნდეს, საჭიროა ეტაპობრივად შეცვალოთ კვების რაციონი და ეს უნდა იყოს გრძელ ვადაზე გათვლილი პროცესი. როცა არ იღებთ კალორიებს, ორგანიზმი აგროვებს ცხიმს, ამრიგად წნაში კლება უფრო ძნელდება.

წიწიბურას დიეტა
კიდევ ერთი პოპულარული დიეტაა წიწიბურას დიეტა. ის ბრინჯის დიეტას ჰგავს, მაგრამ მასზე უფრო სასარგებლოა, რადგან წიწიბურას კვებითი ღირებულება ბრინჯზე მაღალია.
ხანგრძლივი დროით წიწიბურას დიეტის დაცვა დაუშვებელია, თუმცა შესაძლებელია 1-2 დღიანი განტვირთვის დღის მოწყობა.

დიეტოლოგების აზრით, იმისთვის რომ გახდეთ, უბრალოდ სწორად უნდა იკვებოთ, დღეში რამდენჯერმე და მცირე ულუფებით. უნდა დალიოთ ბევრი წყალი. და რა თქმა უნდა, ფიზიკური დატვირთვის გარეშე წარმოუდგენელია იდეალური ფორმების მიღწევა