რატომ არის საქართველოში ფასები უფრო მაღალი, ვიდრე ევროპაში?
"საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს 0%-იანი ინფლაცია გვქონია, რაც ნიშნავს, რომ ფასები საშუალოდ არ გაზრდილა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც მუდმივად ფასების ზრდაზე წუხს და არცთუ უსაფუძვლოდ. ბოლოს და ბოლოს, თბილისი კავკასიაში ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება. რატომ არის საქართველოში ფასები მაღალი და ამ მხრივ რატომ ვუსწრებთ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი, რომლებიც ეკონომიკურად ჩვენზე წინ არიან? რატომ არის ასეთი სხვაობა ოფიციალურ მონაცემებსა და მოსახლეობის აღქმებს შორის? ამ საკითხებზე ვესაუბრებით ეკონომიკის პროფესორს სოსო არჩვაძეს.
- ფასი ყველაზე მგრძნობიარე ინდიკატორია, რომელიც თანაბრად აწუხებს საზოგადოებასაც, ხელისუფლებასაც, მედიასაც და საერთოდ, რომ იტყვიან, გამადიდებელი შუშით აკვირდება ყველა და არც კრიტიკული შეფასებები აკლია, რადგან ფასების წინა პერიოდთან შედარებით კლებას საზოგადოება იღებს მოცემულობად, როგორც დამსახურებულსა და აუცილებელს, და რაზეც იმატებს, ამას მწვავედ განიცდის.
საზოგადოების მთავარი პრობლემა არის შედარებით დაბალი შემოსავალი, იმიტომ, რომ ფასებს განვიცდით არა მარტო მათი ფაქტობრივი დონის მიხედვით, არამედ ქვეცნობიერადაც ჩვენი შემოსავლების თანაფარდობით ამ ფასებთან. ზოგისთვის ეს შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს, ზოგისთვის კი სავსებით მისაღები. ამიტომ ნებისმიერი ხელისუფლების, ბიზნესსტრუქტურების, თავად მოსახლეობის ზოგადი სტრატეგია უნდა იყოს არა იმდენად ფასებზე გამოდევნება, არამედ აქცენტი უნდა გაკეთდეს ჩვენი შემოსავლების დინამიკაზე ფასების ზრდასთან მიმართებაში - ანუ იდეფიქსი უნდა იყოს, რომ ჩვენმა შემოსავლებმა ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ მომენტში, გადაუსწროს ფასების ცვლილებას ზრდის თვალსაზრისით. თუ ეს არის მიღწეული, ესე იგი, საშუალო შემოსავლის, ხელფასი იქნება, პენსია თუ სხვა, მსყიდველობითუნარიანობა იზრდება. ეს არის მთელი ალგორითმი. იმის თქმა, რომ ამ მხრივ ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებულად მგრძნობიარე ან ემოციურია, არ იქნება სწორი, რადგან ეს ზოგადი პრობლემაა. მაგალითად, აშშ-ში 1 დოლარის მსყიდველობითუნარიანობა 1924 წლიდან დღემდე 19-ჯერ არის შემცირებული, მაშინდელი 1 დოლარი უდრის დღევანდელ 19 დოლარს, ანუ ფასები 19-ჯერ გაიზარდა ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებზე რაღა უნდა ვთქვათ. მეორე საკითხია, რამდენად მიჰყვება ფასების ამ მატებას შემოსავლები.
ჩვენ თუ სტატისტიკის უტყუარობას აპრიორულად ვაღიარებთ, მაშინ საქართველოში ვიღებთ საინტერესო ვითარებას, რომ შარშან ფასები მინიმალური დონით გაიზარდა, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები, მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლებს თუ ავიღებთ, ¼-ზე ცოტა მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ იზრდება შემოსავლები, მაგრამ არ იზრდება ფასები. გამოდის, იმატებს საქართველოს შიდა ბაზრის ტევადობა - ანუ იზრდება მოთხოვნაც საქართველოს შიდა ბაზარზე და იზრდება მიწოდებაც, ეს კი პოზიტიური მაჩვენებელია. ჩვენ რომ გვქონოდა შეზღუდული საბაზრო პოტენციალი, მაშინ ასეთი ზრდის პირობებში ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური სტატისტიკით მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდა. რაც უნდა ვიწუწუნოთ, ფაქტი სახეზეა, ერთი წლის თავზე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას მეტი შემოსავლები აქვს, ვიდრე ერთი წლის წინ ჰქონდა, და ეს არ არის მხოლოდ, როგორც პოლიტიკოსებს უყვართ თქმა, 20-25 ოჯახის ნამატი. ეს პოლიტიკური და პროპაგანდისტული ბრძოლის ფორმაა და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. შესაძლოა ვიღაც მეტ შემოსავალს იღებს, ვიღაც ნაკლებს, მაგრამ ეს არის ზოგადი ტენდენცია. ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკაში და უნდა შევეჩვიოთ ერთ რამეს - სიღარიბეში თანასწორობას სჯობს უთანასწორობა სიმდიდრეში. ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპია და მას უნდა მივდევდეთ. სახელმწიფომ კი თვალი უნდა ადევნოს, რომ რაც შეიძლება ცოტა გვყავდეს დაბალშემოსავლიანები და ხდებოდეს სოციალური ქოლგის გამოყენება, რათა ამ ქოლგის მიღმა საზოგადოების ის ჯგუფები არ დაგვრჩეს, რომლებიც დაცვას საჭიროებენ.
- შარშან აღრიცხული 0%-იანი ინფლაცია წლეულს ეკონომიკაზე როგორ აისახება? ხომ არ არის ეკონომიკის ზრდის დამუხრუჭების საფრთხე, რასაც, როგორც წესი, დეფლაცია იწვევს?
- ჩვენ 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან გვაქვს ურთიერთობა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა დიდწილად არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელისუფლების საქმიანობაზე. ბევრი რამ ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ავიღოთ 2020 და 2022 წლები. ერთ წელს ჩვენ გვქონდა 6,3%-იანი ვარდნა, რომელიც კოვიდპანდემიით იყო გამოწვეული და რაც უნდა კარგად ემუშავა ხელისუფლებას, იმ წელს ეკონომიკურ ზრდას ვერ მიაღწევდა. მეორე შემთხვევაში...განაგრძეთ კითხვა