როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი - Gemrielia.ge

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი



ახალი თევზი

გაუყინავ ახალ თევზს დამახასიათებელი სუნი აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მომჟავო ან უსიამოვნო.

ლაყუჩები ღია ვარდისფერი უნდა ჰქონდეს, ზედმეტი ლორწოს გარეშე. თვალები კი გამჭვირვალე და სუფთა, შეუმღვრეველი.
გარედან ახალი თევზი დაფარული უნდა იყოს სუფთა, გამჭვირვალე ლორწოვანი ფენით, ქერცლები მბრწყინავი, პრიალა, სხეულზე მჭიდროდ მიკრული. თავად თევზიც მკვრივი უნდა იყოს და თითის დაჭერაზე ადვილად იბრუნებდეს პირვანდელ ფორმას. გაჭრილი თევზის შემთხვევაში - ხორცი ფხებს ადვილად არ უნდა სცილდებოდეს და მჭიდროდ უნდა იყოს მიკრული.

გაყინული თევზი

ხარისხიან გაყინულ თევზს ლაყუჩები უფრო მკრთალი აქვს, ვიდრე ახალს. თუ თევზს მონაცრისფრო ან მოყვითალო ფერი დაჰკრავს, მისი მოხმარება არ ღირს, რადგან უკვე ძველია, შენახვის პირობები კი დარღვეული. შესაბამისად, ის უკვე აღარ გახლავთ სასარგებლო პროდუქტი.
თუ თევზი დაჭერისთანავე, მოკლე დროში გაიყინება, გალღვობის შემდეგ ისეთივე ელასტიური და გემრიელი იქნება.