"აღარ მიირთვათ ხილი ამ დროის შემდეგ, ამ დროს ინსულინი "იძინებს" და თუ "გავაღვიძებთ", მთელი ღამე ჩვენს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის აშენებას მოემსახურება" - ენდოკრინოლოგი გვაფრთხილებს
თუ გულის ფრიალი, ოფლიანობა, გონების დაბინდვა, ან ტრემორი, იგივე კანკალი გაქვთ, ეს სიმპტომები შესაძლოა, სისხლში შაქრის დაბალ დონეზე მიუთითებდეს. როგორ უნდა გავიგოთ, რომ ბევრ შაქარს ვიღებთ, რომელი პროდუქტები შეიცავენ ყველაზე მეტ შაქარს და ასევე, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სეზონურ ხილს - თემაზე ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- გაზაფხულის დადგომა ძალიან გემრიელ და მრავალფეროვან ხილთან და ბოსტნეულთან ასოცირდება.
ალუჩა გაზაფხულის ერთ-ერთი დედოფალი ხილია. მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა A ვიტამინი, რაც ჩვენი მხედველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, შეიცავს E ვიტამინს, რომელიც როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის, სასქესო ჰორმონების სინთეზისათვის აუცილებელია. ალუჩა იმაზე მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე შეიძლება ციტრუსებში იყოს. ასევე, შეიცავს ორგანულ მჟავებსაც. ამიტომაც, ალუჩა სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მაგალითად, წყლულოვანი დაავადებები აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ალუჩა გემოდ არც თუ ისე ტკბილი ხილია, შაქარსაც შეიცავს. თუ ჩვენ ალუჩას დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მოვიხმართ, ან საღამოს საათებში მივირთმევთ, მასში შემავალმა შაქარმა, ანუ გლუკოზამ, შეიძლება, ჩვენს წონაში მომატებას ხელი შეუწყოს. ამიტომ, რაოდენობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. არ მოგვატყუოს იმან, რომ გემოთი ტკბილი ხილი არ არის.
ზოგადად, არა მხოლოდ ალუჩა, ყველა სახეობის ხილი ჯობს, დღის პირველ ნახევარში მივიღოთ. ხილი დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათში შაქარიც ბევრია. ამიტომ, ხილი საღამოს საათებში არ უნდა მივიღოთ. ძალიან ხშირად ქალები, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სხვადასხვა დიეტაზე აქტიურად გადადიან, შეცდომას უშვებენ და ჰგონიათ, რომ საღამოს მიღებული ხილი დიეტური ულუფაა. სინამდვილეში ასე სულაც არ არის. საღამოს უმჯობესია, ბოსტნეული, თევზი, მოხარშული ქათმის ხორცი მიირთვან, ვიდრე ხილი...განაგრძეთ კითხვა