რისი ბრალია ნაადრევი გაჭაღარავება და როგორ შეგიძლიათ ამ პროცესის შენელება? - რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს თმის ნაადრევ გაჭაღარავებაზე.
მისი თქმით, თუ ჭაღარა შეგეპარათ, ვიტამინი B12, ასევე ფარისებრი ჯირკვალი და ორგანიზმში ფერიტინის შემცველობა დროულად უნდა შეამოწმოთ.
- გაჭაღარავება ყველაზე ხშირად ასაკს უკავშირდება. 35 წლის ასაკიდან ჭაღარა თმა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. თუმცა, ზოგჯერ ადამიანს უფრო ადრეც უჩნდება და ფიქრობს, ასე ნაადრევად რატომ დაეწყო. თუ თმის გაჭაღარავება დაგეწყოთ, მას რამდენიმე ტიპური მიზეზი აქვს:
პირველ რიგში, მიზეზი შეიძლება ვიტამინი B12-ის დეფიციტი იყოს. თუ ადამიანს B12 აკლია, ამ შემთხვევაში გაჭაღარავება უფრო ადრე დაეწყება. ამიტომ, ამ ვიტამინით ორგანიზმის ადეკვატურად შევსება გაჭაღარავებისაგან უფრო დაგვიცავს, თუ დროულად მივაქცევთ ყურადღებას.
მეორე მიზეზი შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, იგივე ჰიპოთირეოზი იყოს. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, მაშინ გაჭაღარავებაც მოსალოდნელია.
რაც შეეხება მესამე მიზეზს, ეს მწეველობაა - თუ ადამიანი აქტიური ან პასიური მწეველია, გაჭაღარავება აქაც უფრო ადრეა მოსალოდნელი, ვიდრე იმავე ასაკის არამწეველ პირებში.
კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება გაჭაღარავებას ხელს უწყობდეს უფრო ადრე, ვიდრე მოსალოდნელია, ეს შეიძლება სხეულში ფერიტინის ნაკლებობა იყოს. ფერიტინი ის ცილაა, რომელიც რკინას იმარაგებს. თუ ადამიანს ფერიტინი აკლია, მოსალოდნელია, რომ გაჭაღარავების პროცესი უფრო ადრე დაეწყოს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჭაღარა თმის ამოღების შემთხვევაში უფრო მეტი ჭაღარა გაგვიჩნდება, ეს ტყუილია. თუ თქვენ ამოიღებთ თმას, რომელიც გაჭაღარავებულია, ამით უბრალოდ იმავე ადგილას სხვა ჭაღარა თმა ამოვა. მიზეზი იმისა, რომ უფრო მეტი ჭაღარა გიჩნდებათ ის კი არ არის, რომ თქვენ ჭაღარა თმა ამოიღეთ. არამედ ის, რომ გაჭაღარავების პროცესი დაიწყო. სამწუხაროდ, სხეულს პიგმენტ მელანინის წარმოქმნა აღარ შეუძლია და ამიტომაც არის, რომ ჭაღარა ნელ-ნელა გვეპარება.
მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, თუ ჭაღარა შეგეპარათ, ვიტამინი B12, ასევე ფარისებრი ჯირკვალი და ორგანიზმში ფერიტინის შემცველობა დროულად შეამოწმეთ.