"კონდიციონერი შესაძლოა ვირუსებისა და ინფექციის წყარო გახდეს..." - როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე და რას გვირჩევს სპეციალისტი? - Gemrielia.ge

"კონდიციონერი შესაძლოა ვირუსებისა და ინფექციის წყარო გახდეს..." - როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე და რას გვირჩევს სპეციალისტი?

კონდიციონერი ზაფხულის განუყრელი ნაწილია და ბევრი ადამიანისათვის ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, ის შესაძლოა, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს და სხვადასხვა ინფექციისა და დააავდების წყარო გახდეს. რა შემთხვევაში შეიძლება კონდიციონერმა ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან ავირიდოთ, თემაზე "პალიტრანიუსის" ეთერში ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს:

- კონდიციონერი თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთი მიღწევაა, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს და მისი გამოყენება კარგია. თუმცა, არსებობს გარკვეული მიზეზები, რომელთა გამოც კონდიციონერი ჩვენი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა არა სასარგებლო, არამედ მავნებელიც აღმოჩნდეს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ სიტუაციებს, როცა შესაბამის წესებს არ ვიცავთ. პირველ რიგში, კონდიციონერის შემოწმება სპეციალისტის დახმარებით უნდა მოხდეს.

კონდიციონერით შექმნილი პრობლემა მის ბიოფილტრებს უკავშირდება, რომლებსაც წესების შესაბამისად არ ვწმენდთ ან არ ვცვლით. თუ ჩვენ შესაბამის წესებს ვიცავთ, კონდიციონერით რაიმე დაავადების, განსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი დაბალია. მაგრამ, თუ ბიოფილტრები დაბინძურებულია, მას შეუძლია, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს. ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. არის როგორც ბაქტერიული, ვირუსული ინფექციები, ასევე სოკოვანი ინფექციები. დაწყებული ზემო სასუნთქი გზების პრობლემიდან, როგორიც შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ზემო სასუნთქი გზების გამოშრობა, დამთავრებული ფილტვების ანთებით. ასევე, ცნობილია, რომ კონდიციონერს შეუძლია ისეთი დაავადების გამოწვევა, როგორიცაა ლეგიონელოზი. რომელსაც ბაქტერია იწვევს და მძიმე ბაქტერიული პნევმონია ვითარდება. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ძალიან იშვიათია იმიტომ, რომ ლეგიონელას მთავარი წყარო დაბინძურებული წყალია. თუ დაბინძურებული წყალი კონდიცირების სისტემაში მოხვდება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია საფრთხე, რომ ლეგიონელოზი განვითარდეს.

ყველაზე ხშირად კონდიციონერს გრიპის მსგავსი ინფექციების გამოწვევა შეუძლია. გავრცელებას არა მხოლოდ დაბინძურებული ფილტრი უწყობს ხელს, არამედ თავად კონდიცირების სისტემაც. თუ ინფიცირებული ადამიანი ოთახშია და ვირუსს გამოყოფს, შემდეგ თუ ეს კონდიცირების სისტემაში ხვდება, რისკები იზრდება, რომ სხვა ადამიანებიც დაინფიცირდნენ. ამიტომ, თუკი ვირუსული ინფექცია გვაქვს, კონდიციონერის ჩართვას ან თავშეყრის ადგილებს ყოფნას მოვერიდოთ.

თუ ფილტრები არ იწმინდება და არ იცვლება, შეიძლება, კონდიციონერი გახდეს ადგილი, სადაც სხვადასხვა ობის სოკო გაჩნდება. ობის სოკოც შეიძლება, კონდიცირებით გავრცელდეს. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ ან ალერგიულები არიან. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება განუვითარდეთ როგორც ზემო სასუნთქი გზების მძიმე დაზიანება, ასევე უფრო სერიოზული დაავადებებიც.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ადამიანისათვის სასარგებლო არ არის. განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისათვის და მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ...განაგრძეთ კითხვა