ზაფხულში ამ კერძებზე უკეთესს, ვერაფერს მოამზადებთ - 3 განსხვავებული, მსუბუქი და საოცრად გემრიელი კერძის რეცეპტი - Gemrielia.ge

ზაფხულში ამ კერძებზე უკეთესს, ვერაფერს მოამზადებთ - 3 განსხვავებული, მსუბუქი და საოცრად გემრიელი კერძის რეცეპტი

ზაფხულის ცხელ დღეებში იშვიათად თუ მოგვინდება ცხელი კერძები და მათ ნაცვლად, უპირატესობას მსუბუქ და ცივ კერძებს ვანიჭებთ. ამასთან ერთად, თანამედროვე ადამიანებს არ რჩებათ ბევრი დრო, სამზარეულოში დიდი ხნით ტრიალისთვის და სწორედ ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა კულინარიულ ჯგუფებში, სწრაფად მოსამზადებელ, მარტივ რეცეპტებზე.


სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ 3 ძალიან გემრიელი და მსუბუქი კერძის რეცეპტი:

სალათა კარამელიზებული ნიგვზითა და ლეღვით

legvi1-1724329782.jpg


ინგრედიენტები:


  • 30 გ ნიგოზი
  • 30 გ კეშიუ (იხ. გვ. 71)
  • 30 გ თხილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. ბალზამიკო
  • მწიკვი მარილი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 1 თავი ხახვი შალოტი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1/4 ღერი დაჭრილი ნიახური
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 4 ცალი ლეღვი
  • 200 გ სალათის მიქსი
  • 1 კონა რუკოლა
  • შავი პილპილი

მომზადების წესი:


თხილეული მსხვილად დავჭრათ და გახურებულ ტაფაზე 2-3 წთ მოვხალოთ. 2 ს.კ. თხილეული ამოვიღოთ, დანარჩენს დავაყაროთ შაქარი და 1-2 წუთის განმავლობაში ერთად მოვშუშოთ. კარამელიზებულ თხილეულს დავასხათ 1-2 ს.კ. ბალზამიკო, გადავიტანოთ საცხობ ქაღალდზე, ცოტა მარილი მოვაყაროთ და გავაგრილოთ. დანარჩენ თხილეულს შევურიოთ მდოგვი, დარჩენილი ბალზამიკო, თაფლი, ზეთი და მარილი. ხახვი დავჭრათ წვრილად, ლეღვი - რგოლებად. ბოლოს კი ყველა ინგრედიენტი ავურიოთ.

ქათამი გარგარის ჩირით მაროკოულად

salata-1724330038.webp


ინგრედიენტები:


  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 600 გ ქათმის ბარკლის ხორცი, ძვლებ გამოცლილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 2 კბილი დანაყილი ნიორი
  • 120 გ გარგარის ჩირი
  • 1 ჭიქა შავი ზეთის ხილი
  • 1,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1/2 ჭიქა თაფლი
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი პიტნა
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი ნუში
  • 1 ს.კ. სეზამის მარცვლები
  • მარილი, წიწაკა
  • მოხარშული ბრინჯი გარნირად

მომზადების წესი:


ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და შევწვათ ქათმის ხორცი. შემწვარი ხორცი ამოვიღოთ, ტაფაში მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და 4 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ნიორი, შუაზე გაჭრილი გარგარის ჩირი, ზეთისხილი, დარიჩინი და თაფლი. ამოვურიოთ, დავუმატოთ დაჭრილი ქათმის ხორცი და თავდახურული 15 წუთი ვშუშოთ.ამ კერძის ტრადიციული გარნირია მოხარშული გრძელი ბრინჯი.

კარამელიზებული ორაგული სალათის მიქსით

caramelizedsalmonsaladspruce3-15fe60ebfd9f4bb6ba6589766e99a319-1724330354.webp


ინგრედიენტები:


  • 1 კგ ორაგულის ფილე
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1,5 ს.კ. კარაქი
  • 1/2 ჩ.კ.ზღვის მარილი
  • 1/2 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 1/2 ჩ.კ. შებოლილი პაპრიკა
  • 1/2 ჭიქა თაფლი
  • 5 კბილი ნიორი
  • 1/2 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • 2 ს.კ. ლიმონის ან ლაიმის წვენი
  • 3 ს.კ. სოიის სოუსი
  • 1 ს.კ. ჩილის სოუსი
  • 1/4 ჭიქა წყალი
  • 1 დიდი შეკვრა სალათის მიქსი - სერვირებისთვის

მომზადების წესი:


ორაგულის ნაჭრები ხელსაწმენდით შევამშრალოთ, წავუსვათ მრილი, პაპრიკა, პილპილი, ცოტა ჯანჯაფილი და ნიორი. ტაფა საშუალო ტემპერატურაზე გავახუროთ, გავადნოთ კარაქი, ზედ დავაწყოთ ორაგულის ნაჭრები კანით ქვემოთ და შევწვათ ყველა მხრიდან, თითო მხარეს - 2-3 წთ. თევზის ნაჭრები ამოვიღოთ, ტაფაში, ცხიმში ჩავამატოთ დარჩენილი ჯანჯაფილი დანიორი, ამოვურიოთ რამდენიმეჯერ და თაფლი დავასხათ. დავუმატოთ ასევე ლიმონის წვენი,სოიისა და ჩილის სოუსები და წყალი. 20-25 წამში ტაფაზე დავაბრუნოთ ორაგულის ნაჭრები, შევწვათ 2-3 წუთის განმავლობაში და ზემოდან თავისი წვენი ვასხათ. ტაფა გახურებულ ღუმელში შევდგათ 5 წუთით და რამდენიმეჯერ თავისი წვენი დავასხათ კარამელიზებისთვის. თევზი დავჭრათ და სალათის მიქსთან ერთად მივირთვათ, მოვასხათ დარჩენილი წვენიც.