რომელი ხილის გაყინვა შეგვიძლია ზამთრისთვის და როგორ შევინახოთ პროდუქტი ისე, რომ არც გემო დაკარგოს და არც სასარგებლო თვისებები?
დღესდღეობით ხილის გაყინვა ძალიან პოპულარული გახდა. ეს მეთოდი მოსახერხებელი და გამოსადეგია მათთვის, ვისაც ზაფხულის სეზონური ხილი ძალიან უყვარს. ამისთვის კი მთავარია ყველაფერი სწორად გააკეთოთ. მაშ ასე, ვისწავლოთ როგორ გავყინოთ ზაფხულში შემოსული ხილი ზამთრისთვის. ჩვენ მოგიყვებით პროდუქტებზე, რომლებიც გაყინვის შემდეგაც შეინარჩუნებენ გემოსა და სასარგებლო თვისებებს.
ჟოლო
ჟოლო საოცარი კენკრაა, გაყინულიც კი ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს და გემოს. სამწუხაროდ, გაყინვის შემდეგ კენკრა კარგავს ფორმას და ხდება რბილი და წყლიანი. ასეთ ჟოლო დესერტების გასაფორმებლად ვერ გამოიყენებთ, მაგრამ შეგიძლიათ ისინი შეგიძლიათ დაამატოთ კომპოტებში, ჯემებსა და საცხობ შიგთავსებში.
ჟოლოს გაყინვის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია კენკრის ჩაჭყლეტა შაქართან ერთად, პიურედ, რომელიც შემდეგ ჰერმეტულ კონტეინერებში უნდა გადაიტანოთ და საყინულეში მოათავსოთ.
თუ გირჩევნიათ, რომ კენკრის ფორმა არ დაიკარგოს, მაშინ უმჯობესია გამოიყენოთ შემდეგი მეთოდი: ახალ მწიფე კენკრა კარგად გარეცხეთ, დააწყვეთ ქაღალდის პირსახოცზე ერთ ფენად და გააშრეთ. ჟოლო საყინულეში მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე ერთ ფენად 24 საათი, რის შემდეგაც გადაიტანეთ კონტეინერში და მოათავსეთ ისევ საყინულეში (–18°C).
მარწყვი
მარწყვი კიდევ ერთი ვიტამინებით მდიდარი საზაფხულო კენკრაა, რომელიც ხშირად ინახება ზამთრისთვის. ჟოლოს მსგავსად, მას იყენებენ კონსერვების, მურაბებისა და კომპოტების დასამზადებლად. საყინულეში მოთავსებული მარწყვიც ძალიან გემრიელი რჩება. მარწყვი გაყინვამდე სათანადოდ უნდა მომზადდეს.
გაყინვისთვის შეარჩიეთ მშრალ, მზიან ამინდში ბაღიდან მოკრეფილი ახალი და მყარი კენკრა.
მარწყვი ჯერ გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ და კარგად გააშრეთ სუფთა პირსახოცზე. მოაცალეთ ყუნწები. ამის შემდეგ უნდა გაშრეს, რათა ერთმანეთს არ მიეკრას.
უმჯობესია, პატარა-პატარა პორციებად გაყინოთ. დააწყვეთ თეფშზე ერთ ფენად და შედგით საყინულეში. როგორც კი ცოტა შემაგრდება, მაშინვე აიღეთ და პაკეტში გადაიტანეთ, რადგან თუ ძლიერად გაიყინა, შეიძლება თეფშიდან ვეღარც აიღოთ და დაზიანდეს.
გაყინვის მეორე მეთოდი ყველაზე კარგად ინარჩუნებს მარწყვის გემოსა და არომატს. საქმე ისაა, რომ ხშირად გაყინვისას მარწყვი კარგავს ფორმასა და გემოს. ამიტომაც კარგი იქნება თუ მარწყვს გაყინვამდე შაქარს მოაყრით.
აიღეთ 300 გ წმინდა შაქარი ან შაქრის პუდრი ყოველ 1 კგ მარწყვზე. ფენაფენა გაანაწილეთ ჭურჭელში გარეცხილი და გარჩეული მარწყვი და შაქარი.
მოათავსეთ საყინულეში 2-3 საათით, რათა მარწყვმა წვენიც გამოუშვას, შემდეგ გადაიტანეთ შაქრიანი მარწყვი იმ ჭურჭელში, სადაც დიდი ხნით გაყინავთ და დაასხით გამოშვებული წვენი.
მოცხარი
მწიფე შავი და წითელი მოცხარი, დავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ კარგად. თხელ ფენად დავაწყოთ დაფაზე, მოვათავსოთ საყინულეში 5-6 საათი. შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ შაქარი (200 გრამი 1 კილო კენკრაზე). შემდეგ გადაიტანეთ კენკრა კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში 1 წლამდე. ასეთივე მეთოდით შეგიძლიათ შეინახოთ მოცვი, მაყვალი, ხურტკმელი და ა.შ.
ალუბალი
პირველ რიგში, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გაყინვამდე კარგად უნდა გაირეცხოს და დაზიანებული ნაწილები სრულად მოშორდეს, შემდეგ კი კარგად უნდა გააშროთ და 2 საათის განმავლობაში საყინულეში მოათავსოთ. გაყინვის პროცესში ალუბალი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. შემდეგ გადაიტანეთ ალუბალი კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში 1 წლამდე. გალღობის შემდეგ ასეთი ალუბალი შეიძლება გამოვიყენოთ კომპოტების მოსამზადებლად და დესერტების გასაფორმებლად.
გარგარი
გარგარი ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული და უგემრიელესი ხილია. დიასახლისები ამ ხილისგან ამზადებენ მურაბებს, კომპოტებს, ჯემებს და ა.შ. გაყინული გარგარიც არანაკლებ კარგია, მთავარია ხილის სწორად შერჩევა. ისინი უნდა იყოს მკვრივი, სრულად მწიფე და ჩაღრმავების გარეშე.
გარეცხეთ ხილი თბილ წყალში და გააშრეთ. გარგარი გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკები. შუაზე გაჭრილი გარგარი მოათავსეთ ლანგარზე და შედგით საყინულეში 1 საათით. როდესაც ნაყოფი გამკვრივდება, მოათავსეთ ისინი პაკეტებში ან კონტეინერებში.
ატამი
ღრმა გაყინვის შემდეგ ატამი ინარჩუნებს არა მხოლოდ გემოს, არამედ ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების უმეტეს ნაწილს. როგორ გავყინოთ ატამი სწორად? ამის გაკეთების უმარტივესი გზაა მათი ნაჭრებად დაჭრა. მაგრამ თუ ატმის პიურეს გაყინვა გინდათ, ცოტათი გახეხვა მოგიწევთ.
მწიფე ატამი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, გააშრეთ პირსახოცით და გაჭერით შუაზე. ამოაცალეთ კურკა და ფრთხილად მოაცალეთ კანი დანით. რბილობი მოათავსეთ ღრმა კონტეინერში და გახეხეთ პიურემდე ბლენდერის გამოყენებით. თუ პროდუქტი არასაკმარისად ტკბილია, დაამატეთ შაქარი გემოვნებით. დაასხით პიურე ყინულის უჯრებში და შედგით საყინულეში. მიღებული ხილის კუბურები შეგიძლიათ დაამატოთ კომპოტებს, წვენებს, კოქტეილებს, სმუზიებსა და ა.შ.
გაყინვა ხდება -15°C ტემპერატურაზე, გაყინული ატმის შენახვის ვადა იქნება 6-დან 9 თვემდე.
ქლიავი
ქლიავი უნდა გაყინოთ იგივე ტექნოლოგიით, როგორც გარგარი: გარეცხეთ, გააშრეთ, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკები, მოათავსეთ საყინულეში ერთი საათით და შემდეგ ჩადეთ კონტეინერებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ქლიავთან ძალიან სწრაფად უნდა იმუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რბილობი ამოჭრილ ზონაში ჩაბნელდება, რაც ვიზუალს გააფუჭებს. გალღობილი ხილიდან შეგიძლიათ მოამზადოთ კომპოტები, მურაბები, ასევე შეგიძლიათ შიგთავსად დესერტებშიც გამოიყენოთ.
გაყინვასთან ერთად გალღობის ცოდნაც მნიშვნელოვანია. გაყინული ხილი უმჯობესია მაცივარში ნელა გაალღოთ. არ გამოიტენოთ გასალღობად მიკროტალღურ ღუმელი. ასე გამლღვალი პროდუქტი ფაფასავით ხდება და არომატსაც კარგავს.