მართალია თუ არა რომ მწვანე ჩაი წონის დაკლებაში გვეხმარება? - რა სასარგებლოო და უარყოფითი თვისებები აქვს სასმელს
მწვანე ჩაი არ არის მხოლოდ გემრიელი სასმელი, ის ასევე მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. მწვანე ჩაი შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. სასმლის მთავარი ინგრედიენტი არის ბუნებრივი სტიმულატორი კოფეინი, რომელიც ტვინის სხვადასხვა ფუნქციებს აუმჯობესებს, მათ შორის მეხსიერებასა და განწყობას. გარდა ამისა, ჩაი მდიდარია ამინომჟავით, რომელსაც ეწოდება L-theanine, ის ზრდის დოფამინს და ასტიმულირებს ტვინის მუშაობას. რაც შეეხება კალორიულ შემცველობას, მწვანე ჩაი იდეალური სასმელია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. ერთი ჭიქა ჩაი დანამატების გარეშე მხოლოდ 5 კალორიას შეიცავს, ამიტომ მისი დალევა ზედმეტი კილოგრამების მომატების შიშის გარეშე შეგიძლიათ.
სარგებელი და ზიანი
მწვანე ჩაის კოფეინის შემცველობა უფრო დაბალია, ვიდრე შავი ჩაის ან ყავის. თუმცა, მისი ეფექტი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ჭიქა ესპრესოსი. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ მწვანე ჩაის დალევის შემდეგ უფრო მეტად ენერგიულები ხდებიან. ასევე არსებობს მთელი რიგი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ მწვანე ჩაის დალევა ინსულტის, დიაბეტის, დეპრესიის და კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს ამცირებს.
გარდა ამისა, მწვანე ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ამცირებს ცხიმის გამომუშავებას და ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ. მისი სარგებელი, რა თქმა უნდა, უზარმაზარია, მაგრამ ასევე არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები და უკუჩვენებები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია. კოფეინის დიდ დოზებს შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი და გამოიწვიოს კუჭის აშლილობა. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უძილობა და გაზარდოს შფოთვა. ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ მაღალი წნევა, ისევე როგორც ორსულებმა, სიფრთხილით უნდა დალიონ მწვანე ჩაი. დიდი რაოდენობით ჩაი, ზრდის დატვირთვას თირკმელებზე, კუჭსა და ღვიძლზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ: დღეში 6 ჭიქაზე მეტი ჩაის დალევა ჩვეულებრივ გადაჭარბებულად ითვლება. ჩაი შარდმდენი საშუალებაა და შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ამიტომ, დარწმუნდით, რომ დალიეთ საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი მთელი დღის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ გვერდითი მოვლენები.
მწვანე ჩაი წონის კლებისთვის
მწვანე ჩაის აქვს კიდევ ერთი დადებითი თვისება, მას შეუძლია დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ მწვანე ჩაის დალევამ შეიძლება შეამციროს ცხიმი, განსაკუთრებით მუცლის არეში. გარდა ამისა, მწვანე ჩაის ექსტრაქტს შეუძლია გაზარდოს ცხიმების წვა ვარჯიშის დროს 17%-მდე. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ამ სასმელს შეუძლია არა მხოლოდ სხეულის წონის შემცირება, არამედ წონის შენარჩუნებაც. თუმცა ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ სუფთა ნატურალურ ჩაის, რძისა და შაქრის გარეშე.
როგორ უნდა დალიოთ მწვანე ჩაი თუ წონაში დაკლება გინდათ
პირველი მეთოდია მწვანე ჩაის დეტოქსი. პროგრამა რეკომენდებულია, როგორც მარტივი გზა მავნე ტოქსინების აღმოსაფხვრელად, ასევე ენერგიის ამაღლებისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ამ დეტოქსიკაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სასმელის დალევა ხელს შეუწყობს სახის და სხეულის ნაოჭების შემცირებას, იმუნიტეტის გაძლიერებას და ცხიმების წვას. პროგრამა ითვალისწინებს 0,7-1,4 ლიტრი მწვანე ჩაის დამატებას თქვენს ყოველდღიურ რაციონში. დეტოქსი არ გულისხმობს საკვების შეზღუდვას ან კალორიების მკვეთრ შემცირებას, მაგრამ პროგრამის განმავლობაში რეკომენდებულია ვარჯიში და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ჯანსაღი საკვების მიღება. დილა უნდა დაიწყოთ ფინჯანი მწვანე ჩაით, შემდეგ კი სასმელი ყოველი ჭამის წინ დალიოთ. ჭამის წინ სითხის დალევა დაგეხმარებათ, რომ თავი დანაყრებულად იგრძნოთ და ნაკლები საჭმელი მიირთვათ. დეტოქსიკაციის ხანგრძლივობის რეკომენდაციები განსხვავებულია, მაგრამ ის ჩვეულებრივ ტარდება 14-17 დღის განმავლობაში მოსალოდნელი შედეგების მისაღებად.
არსებობს განტვირთვის დღეებიც ჩაის დახმარებით, მაგრამ ეს შედარებით ექსტრემალური მეთოდია და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა უმოკლეს დროში, საღამოს კაბაში ან ვიწრო ჯინსში თვალისმომჭრელად უნდა გამოვიყურებოდეთ. განტვირთვა 24 საათზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ამ დროს მხოლოდ მწვანე ჩაის სვამენ, ვისაც რძე უყვარს, შეუძლია რძიანი ჩაი მიიღოს.
24 საათში 2-2.5 ლიტრი სასმელი უნდა მივიღოთ. 1-2-ჯერ ჩაიში თაფლის დამატებაც შეიძლება. ჩაის შარდმდენი ეფექტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დასვენების გამო საშუალოდ 2 კილოგრამის დაკლება შეიძლება.
გვახსოვდეს, შედეგის მისაღებად უნდა შევამციროთ საკვების კალორიულობა და რაოდენობა, ჩაი კი მხოლოდ სრულყოფს პროცესს და ეხმარება ორგანიზმს მიზნის მიღწევაში. ასეთ შემთხვევაში ადვილად დავიწყებთ თვალსა და ხელს შუა "დნობას".