საინტერესო ფაქტები ხილის შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით - Gemrielia.ge

საინტერესო ფაქტები ხილის შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით



ლეგენდა გუარანზე

ალბათ, ბევრისთვის ცნობილია, რომ გუარანი ენერგეტიკული სასმელების მთავარი ინგრედიენტია. ამ ხილზე უამრავი მითი არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, გუარანის ნერგი მოკლული ბიჭის თვალიდან ამოიზარდა და იმიტომაც აქვს ასეთი საშიში ფორმა.

XVII საუკუნეში ბრაზილიაში მოხვედრილი ევროპელი მისიონერები წერდნენ, რომ გუარანი ადგილობრივ მოსახლეობას ენერგიასა და ძალას აძლევდა. ხილი დიდი ხნით უხშობდა მათ შიმშილის გრძნობას და დაავადებებისგანაც კურნავდა. მაგრამ გუარანის ხშირი ჭამა უძილობას იწვევდა.

ყავის მსგავსად, გუარანშიც აღმოაჩინეს კოფეინი. მასში ტანინიცაა, რაც უფრო აძლიერებს კოფეინის მოქმედებას. წლების წინ გუარანისგან დამზადებული სასმელების სმა შეხვედრებსა და წვეულებებზე აკრძალული იყო. ახლა ნებადართულია.

დურიანი - ძლიერი აფროდიზიაკი


მას ”ხილის მეფესაც” ეძახიან და იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული, მაგრამ უსიამოვნო სუნის გამო მისი ჭამა მრავალ ადგილასაა აკრძალული. სუნის მიუხედავად, მას მაინც ჭამენ, რადგან ძლიერ აფროდიზიაკად ითვლება. დურიანი დიდი რაოდენობით შეიცავს ტრიპოფანს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას სეროტონინად - ბედნიერების ჰორმონად იქცევა. აგრეთვე, ინდოელი მეცნიერების აზრით, მისი ჭამა აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას და აუმჯობესებს პოტენციას მამაკაცებში.

ზოგიერთი კენკრა სულაც არაა კენკრა


ბოტანიკოსების აზრით, კენკრა არის ყურძენი, საზამთრო და არა მარწყვი, ჟოლო და მაყვალი, როგორც ეს ჩვენ გვეგონა.

ბანანი ბალახის ნაყოფია

მსოფლიოში 300 ჯიშის ბანანი არსებობს, მაგრამ ყველაზე პოპულარული კავენდიშის ჯიშია. 1950 წლამდე გროს მიშელის ჯიში იყო ყველაზე პოპულარული, მაგრამ ბანანის პლანტაციებს სოკოვანი დაავადება შეეყარა და ჯიში განადგურდა. საოცარია, მაგრამ ბანანის ხე ხე კი არა, გიგანტური ბალახია.

კარგი ხილი ძვირი ღირს

იაპონიაში ხარისხიანი ხილი იმდენად იშვიათობაა, რომ მას, როგორც საჩუქარს, მეგობრებსა და ნათესავებს მიართმევენ. ამომავალი მზის ქვეყანაში არსებობს მაღაზია SENBIKIYA, სადაც იდეალურ ხილს ყიდიან. მაღაზიაში ყურადღებას აქცევენ არა მარტო ნაყოფის ხარისხს, არამედ მის ფორმას, ზომასა და არომატს. ზოგიერთ ხილს იმდენად სრულყოფილი იერი აქვს, რომ იგი ხელოვნურად შექმნილი გეგონებათ. თუ SENBIKIYA-ში აპირებთ შესვლას, მოემზადეთ ფულის დახარჯვისთვის. აქ 12 ცალი მარწყვი 83 დოლარი ღირს, ხოლო საშუალო ზომის სამი ნესვი - 419 დოლარი. ხილს სპეციალურად მომზადებული ადამიანები 365 დღის მანძილზე, 24 საათის განმავლობაში უვლიან სათბურებში. ყურადღებას აქცევენ, რომ ხილმა მიიღოს საჭირო სინათლე, სითბო და აუცილებელი კვება.

რა ფერისაა ფორთოხალი?

ტროპიკულ ქვეყნებში მწიფე ფორთოხალი, უხვი ქლოროფილის წყალობით, მწვანე ფერისაა, ხოლო ცივ რაიონებში ეს პიგმენტი ირღვევა და კანი იმავე შეფერილობას ღებულობს, რაც მის ნაყოფს აქვს. სინამდვილეში, მწიფე ფორთოხალი მწვანე ფერისაა, ნარინჯისფერ შეფერილობას კი უკვე გადამწიფებული ხილი იღებს. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მწვანე ფორთოხალს არ ყიდულობენ. ამიტომ მწარმოებლები მათ ჯერ ყინავენ და შემდეგ ეთილენით ამუშავებენ.

ხე, რომელმაც ეშმაკი მოატყუა

შინდისგან აღმოსავლეთ ევროპაში ღვინოსა და არაყს ამზადებენ. თურქეთში ასეთი თქმულება არსებობს: გაზაფხულზე ეშმაკმა ნახა აყვავილებული შინდის ხე, მოიხიბლა მისი სილამაზით და იფიქრა, რომ თუ ყვავილი ასეთი ლამაზი იყო, ნაყოფიც გემრიელი ექნებოდა და დაჯდა, ხილის დამწიფებას დაელოდა. აყვავილდა სხვა ხეები, მოისხეს ნაყოფი, მაგრამ შინდმა ნაყოფი მხოლოდ ზაფხულის ბოლოს გამოიღო. მას შემდეგ შინდს SEYTAN ALDITAN AGACI-ს ეძახიან, ანუ ”ხე, რომელმაც ეშმაკი მოატყუა”.

საზამთრო - წყლის საბადო

საზამთროს 50 ათასი წლის წინაც მიირთმევდნენ. მის სამშობლოდ კი სამხრეთი აფრიკა მიიჩნევა. საზამთრო 92 პროცენტი წყლისგან შედგება და იგი იდეალური ხილია უდაბნოში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ვაშლი - დღეში ერთი

ინგლისური გამონათქვამი: ”დღეში ერთი ვაშლი ექიმს სამუდამოდ დაგავიწყებს” - ყველას გვსმენია და იგი სრული სიმართლეა. მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ვაშლი შეიცავს უამრავ, ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინსა და მინერალს, სასარგებლოა უამრავი დაავადების დროს. ასე რომ, ვისაც ვაშლი არ გიყვართ, უნდა შეიყვაროთ.

დაბოლოს, სტირლინგის (შოტლანდია) პროფესორები გვინეაში მობინადრე შიმპანზეების ქცევას იკვლევდნენ დაწყვილების პერიოდში და აღმოაჩინეს, რომ დედალი მაიმუნი უფრო მეტ ყურადღებას იჩენს იმ მამალი მაიმუნის მიმართ, ვინც ხილით უმასპინძლდება.