როდის არ უნდა გამოვიყენოთ ბეტადინი - ხსნარი ბაქტერიებისა და ინფექციების წინააღმდეგ - Gemrielia.ge

როდის არ უნდა გამოვიყენოთ ბეტადინი - ხსნარი ბაქტერიებისა და ინფექციების წინააღმდეგ

ჭრილობების სამკურნალოდ და დასამუშავებლად ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ სხვადსხვა სამკურნალო მცენარეებს, თბილ და ცივ აბაზანებს, თაფლს, ნიორს და ა.შ. მედიცინის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ანტისეპტიკური პრეპარატების ფართო სპექტრი, რომელთა უსაფრთხოებაზე, ეფეტიანობასა და განვითარებაზე მედიცინა დღესაც მუშაობს.

ბეტადინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანტისეპტიკური პრეპარატია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას აქვს გამოყენებული. მას მოიხმარენ როგორც უმნიშვნელო ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე ხელების დეზინფექციისთვის, დამწვრობებზე, ინიექციამდე და ა.შ.

ბეტადინის ხსნარი ბაქტერიებისა და ინფექციების ნამდვილი „მტერია“. იგი ანადგურებს მიკროორგანიზმებს, სოკოებს, სპორებს, ბაქტერიებს, ვირუსებსა და უმარტივესებს. ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას სხვადასხვა სახის ჭრილობებისა და დამწვრობების დროს. გამოიყენება ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დეზინფექციისთვის, ლორწოვანი გარსების ანტისეპტიკური დამუშავებისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, ოფთალმოლოგიაშიც კი, კერძოდ, ოფთალმიის პროფილაქტიკისათვის.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისა, ამ ერთი შეხედვით უწყინარ ხსნარს გვერდითი მოვლენები და გარკვეული უკუჩვენებებიც კი შეიძლება ჰქონდეს.

მაგალითად: ბეტადინის ხსნარის გამოყენებისას, იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა გამოვლინდეს:

  • კანის ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა: ქავილი, სიწითლე, ბუშტუკები;
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • სუნთქვის გაძნელება (ანაფილაქსიური რეაქციები);
  • იოდით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი.

რაც შეეხება ბეტადინის ხსნარის უკუჩვენებებს, ესენია:

  • მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
  • ჰიპერთირეოზის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
  • 6 თვემდე ასაკი;
  • ორსულობა 2 თვემდე და ლაქტაცია.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბეტადინის ხსნარის ხანგრძლივი (14 დღეზე მეტხანს) გამოყენება რეკომენდებული არ არის, ასევე არ შეიძლება მისი მოხმარება ფართო ზედაპირებზე (სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტი).

განუზავებელი თუ განზავებული - როგორ გამოვიყენოთ ბეტადინი

ბეტადინის ხსნარი, რომელიც მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვისაა განკუთვნილი, გამოიყენება როგორც გაზავებული, ისე განუზავებელი სახით. იგი უნდა განზავდეს ცივი ან სხეულის ტემპერატურის წყლით. დაუშვებელია ცხელი წყლით განზავება.

საჭიროების შემთხვევაში, განზავებისათვის შეიძლება სუფრის მარილის ფიზიოლოგიური ან რინგერის ხსნარი გამოიყენოთ.

ბეტადინის განუზავებელი ხსნარი გამოიყენება ჭრილობების (დამწვრობები და სხვა ჭრილობები) დასამუშავებლად, ასევე ხელებისა და კანის დასამუშავებლად ქირურგიულ ოპერაციამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ინიექციამდე, პუნქციამდე და ა.შ. ოპერაციის წინ კანის დეზინფექციისას დაუშვებელია ზედმეტი რაოდენობის ხსნარის გამოყენება, რადგან ამან შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

R