"რა სამწუხაროა, რომ მედიცინა მაინც არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ე.წ. მსუქან ადამიანებს, კუჭის მოჭრა და ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება გვიწევს, როდესაც შეიძლება, ჩვენი კუჭები USB კაბელებზე გადავიყვანოთ..." - სანდრო ელოშვილი იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს - Gemrielia.ge

"რა სამწუხაროა, რომ მედიცინა მაინც არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ე.წ. მსუქან ადამიანებს, კუჭის მოჭრა და ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება გვიწევს, როდესაც შეიძლება, ჩვენი კუჭები USB კაბელებზე გადავიყვანოთ..." - სანდრო ელოშვილი იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს

ეჰ, რა სამწუხაროა, რომ მედიცინა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ზომიერად ფერხორციან, ანუ ე.წ. "მსუქან" ადამიანებს, კუჭის მოჭრა და ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება გვიწევს, როდესაც შეიძლება, რომ ჩვენი კუჭები USB კაბელებზე გადავიყვანოთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვიყენოთ ხოლმე.

აი, მაგალითად ამას წინად ვიყავი ქორწილში და მიუხედავად იმისა რომ სუფრაზე ისეთივე არარაობად ვარ ქცეული, როგორც "ბარსელონა" - "რეალის" ლეგენდების საქველმოქმედო მატჩის დროს შეცვლაზე მჯდომი რობერტ პროსინეჩკი, მაინც ძველმა გამოცდილებამ და კლასმა იდეალური ადგილი ამარჩევინა... ზურგით თამადისკენ, რომ ფეხზე წამოსადგომი სადღეგრძელოს დროსაც შეუმჩნევლად მოახერხო სულგუნის ფირფიტებში გადახვეული ნადუღის ჭამა და სახით სამზარეულოსკენ, რომ დროულად შეამჩნიო სუფრაზე შემოსასვლელი კერძები და თეფში მოამზადო... რაც მთავარია, ასეთი ადგილი უნდა იყოს ოდნავ სიბნელეში და სტრატეგიულად ახლოს ერთ დროულად სამ თეფშთან: ხიზილალის, გოჭის და ხორცის ბლინების. აი, ზუსტად ეგეთ იდეალურ ადგილას მოვთავსდი! ფაქტობრივად სუფრის მიწიერ სამოთხეში, გეტსამანიის ბაღში... სხვებს გადავხედე...

ღმერთო! სადაა სამართალი?! საიდან მოდიან ასეთები ქორწილში?! ზოგი ტელეფონ მომარჯვებული დგას ნეფე-პატარძლის გადასაღებად, ზოგი უმუსიკოდ ცეკვავს, ზოგიც - ბავშვებს ეუბნება, წინ დადექითო... არადა რა თაობა გვეზრდება, ჩემნაირი სენსეი რომ ჰყავდეთ. მოკლედ, სანამ სხვები მსგავსი რამეებით იყვნენ დაკავებულები, მე აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერ-მუშაკივით, დინჯად შევისწავლე სუფრის ზედაპირი და სტრატეგიაც შევიმუშავე... - მთავარია ხაჭაპურს არ მიეკარო! - ჩემს თავს ვუთხარი და გორის თეატრის აწ გარდაცვლილი მსახიობის, ოქრო კაცის, მერაბ მეზურნეს რჩევა გავიხსენე - ხაჭაპური დაგამძიმებს და ვეღარაფერს შეჭამ.

მას შემდეგ რაც ნეფე - პატარძალმა დაიკავა საკუთარი ადგილი, ისეთი ჩამოყალიბებული გეგმით ჩამოვჯექი, ასე ალბათ ერთი რეიგანი იყო გორბაჩოვთან შეხვედრისას და მეორე მე! ინსტინქტურად წყალი დავისხი, მოვსვი და... მორჩა! გაივსო კუჭი... თუ ნაკუჭარი... რაცაა! ეს ვეღარ გავთვალე...

ორმა ყლუპმა წყალმა დამაბრუნა რეალობაში, ორმა ყლუპმა წყალმა გამომაღვიძა, ორმა ყლუპმა წყალმა თვითმფრინავიდან გადმომაგდო პარაშუტის გარეშე... ზუსტად მივხვდი რას განიცდიდა აპოლო 13 ის ეკიპაჟი, მთვარიდან რომ იძახდა - Houston, we have a problem... მაგრამ ისე სწრაფად გადავერთე გეგმა "ბ" - ზე, როგორც საავადმყოფოში ირთვება გენერატორი დენის წასვლის დროს. მყისიერად შევაფასე რეალობა და ჩემი შესაძლებლობები... შემიძლია მივირთვა დაახლოებით ორი-სამი ასანთის კოლოფის ზომისა და მოცულობის ნებისმიერი რამ, მაგრამ რა უნდა იყოს ეს "ნებისმიერი რამ"?!

ნუ, შემწვარი ქათამი თავიდანვე გამოირიცხა... მიუხედავად იმისა, რომ "ლეშიჭამია" ოღრაში ვარ, ქათმის ხორცი ის არაა, რასაც ვისურვებდი სიკვდილის წინ და საერთოდაც ქათამს ხორცეულობაში ზუსტად ისე ეთქმის სიტყვა, როგორც კახა კუკავას დიდი რვიანის სამიტზე.

ნუ, ეს კერძად წოდებული მოხარშულ-მობურთული ბალახეულობა, ე.წ. ფხალის ასორტი, თავიდანვე გამოვრიცხე... არ მცალია ხოლმე ასეთ დროს, თორემ ერთხელ უნდა დავაკვირდე საერთოდ ვინ ჭამს ამ დაჭყლეტილ ეკოსისტემას!

ნუ, ცოდვა გამხელილი სჯობს და კი გამექცა თვალი ნიგვზიანი ბადრიჯნისკენ, მაგრამ ვიცოდი ჭამის ღმერთები არ მაპატიებდნენ ამ არჩევანს და ამიტომაც მალევე გადავიფიქრე!

ხიზილალისკენ გამიწია გულმა, მაგრამ ხიზილალას პური უნდა, პურს კარაქი... ყველზე, სალათებზე, კუჭმაჭზე და მსგავს რამეებზე არ მიფიქრია... ესენი კერძები რომ არ იყოს, იქნებოდნენ საჰაერო ბურთის იდეალური ბალასტი... რომ არ ჩამოვარდეს, ტომრებით რომ ყრიან სიმძიმეებს.

ცალკე იმაზე დავიწყე ფიქრი, თავი ხომ არ შემენახა და სიურპრიზებისთვის დამეცადა, ანუ კერძებისთვის, რომელიც მოგვიანებით შემოდის ხოლმე სუფრაზე... მწვადი, აფხაზურა, სოკო კეცზე, ხორციანი ბლინები, ხბოს ჩაშუშული... მაგრამ ამ დროს, ჩემს წინ მჯდომმა ლიმონათის ბოთლი აიღო და მის უკან, როგორც ფოთლებს უკან შემალული სამოთხის ჩიტი, როგორც ზღვაში, მარჯანებში აბრდღვიალებული მარგალიტი, როგორც ტყის პირას, ნაკადულთან ამოსული შროშანი, ისე ანათებდა შეწითლებულ კანიანი გოჭუნას პიწკინა ნაჭერი. იცით რა ნაჭერი იყო? რა ეს და რა გრაკლიანის არქეოლოგიური გათხრები... თითოეული ფენა ეპოქალური საოცრება რომ არის! პირველი ფენა - წვრილ და რბილ ძვლებზე შეფენილი ჩიჩია... მეორე ფენა - ვარდისფერი, გამეტებული ხორცის ნაჭერი, პირში რომ ორქლდება უდანაკარგოდ... მესამე ფენა - ქონის ოქროსფერი, თხელი, ზომიერი მასა... და მისი უდიდებულესობა, მეოთხე ფენა - კრაწუნა, ქარვისფრად შებრაწული კანი... გადმოვიღე და ისეთი ცრემლით გავაქრე ეს სილამაზე, როგორც მარიტა ნაცრისფერმა ბრბომ...

რადგანაც ამის შემდეგ მთელი საღამო უფუნქციო და სევდიანი ვიყავი, შერეკილებში რომ ბიძია-ბაბუა ამბობს, მას მერე არ მასვენებს USB კუჭის შექმნის იდეა! განსაკუთრებულ დღეებში, დავუშვათ თვეში ერთხელ მივიერთებთ... (ოღონდ იქ არა, სადაც იფიქრეთ!) თემურ ლენგივით ავაოხრებდით სუფრას და დილიდან გავაგრძელებდით ადამიანურ ცხოვრებას... ეჰ, სულ ბრძოლაა რა ეს ცხოვრება!

ავტორი: სანდრო ელოშვილი