გასული 20 წლის განმავლობაში საქართველოში თევზის მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა - საინტერესო ფაქტები თევზის კულტურაზე
თევზს უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანის კვების რაციონში. მისი კვებითი ღირებულება და გემოვნური თვისებები განსაზღვრავდა პროდუქტის პოპულარობას და დღემდე რჩება როგორც ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
მკვლევრები თვლიან, რომ თევზაობა დაახლოებით 40,000-30,000 წლის წინ დაიწყო. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი კაუჭები და ბადეები მიუთითებენ, რომ ადამიანები პრეისტორიული ხანიდან აქტიურად იყენებდნენ მდინარეებსა და ზღვებს თევზის მოსაპოვებლად. ადრეული თევზაობის მაგალითები დაფიქსირებულია აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
თევზის არაერთი სახეობიდან დღეს საკვებად მხოლოდ მათი ნაწილი გამოიყენება. ძველ პერიოდში კი ადამიანები თევზის იმ სახეობას მიირთმევდნენ, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე წყლებში ბინადრობდა. მაგალითად, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში მიირთმევდნენ ზღვის თევზს, სკუმბრიასა და ქაშაყს. აღმოსავლეთ აზიაში - ჩინეთში და იაპონიაში უძველესი დროიდან ცნობილი იყო კარპი, კალმახი და წყალმცენარეები, რომლებიც თევზთან ერთად გამოიყენებოდა. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ტომები კი მოიპოვებდნენ ორაგულსა და კალმახს.
დღეს თევზის მოპოვება-ტრანსპორტირების საკითხი გამარტივებულია და შესაბამისად ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის თევზის შეძენა.
საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში?
საქართველოში თევზის კულტურის გარკვეული ტრადიციები არსებობს. ძველად საქართველოს მდინარეებში, მაგალითად, რიონსა და მტკვარში, თევზის არაერთი სახეობა ბინადრობდა. თევზს ქართულ სუფრაზე ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. ივანე ჯავახიშვილი წერდა - „ქართველს უთევზოდ პურის ჭამა და დროის ტარება არაფრად მიაჩნდა“. მართლაც, სხვადასხვა დღესასწაულზე, ჭირსა თუ ლხინში, თევზისგან რამდენიმე დასახელების კერძი მზადდებოდა.
ახალდაჭერილ თევზს თბილისელი მეთევზეები ქუჩებსა და ბაზრებში ხელზე ყიდდნენ, მაგრამ არსებობდა უფრო მოწესრიგებული სისტემა და თევზით სავაჭრო სპეციალური ადგილებიც, სადაც მეთევზეები თევზს აბარებდნენ. სწორედ ამ სავაჭრო ადგილების მეპატრონეთა დაკვეთით იჭერდნენ მეთევზეები სხვადასხვა სახის თევზეულს თბილისსა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში.
შემდეგ თითქოს თევზის კულტურა დაიკარგა, მაგრამ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, თევზზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, ბოლო 20 წელში თევზის მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა. თევზზე მოთხოვნის გაზრდამ წარმოების განვითარებასაც შეუწყო ხელი და ასორტიმენტიც უფრო მრავალფეროვანი გახდა, მაგრამ მოხმარებული თევზის უდიდესი ნაწილი, ჯერ კიდევ, იმპორტირებულია. როგორც სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2023 წელს, თევზის წარმოების ძირითადი წილი ცისარტყელა კალმახზე მოდიოდა. ასევე, განსაკუთრებით პოპულარულია ორაგული, თინუსი, ქაშაყი და სკუმბრია.
ქართულ ბაზარზე მიმართულების ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელია კომპანია „ოკეანე“, სადაც განმარტავენ, რომ მათი წარმოებიდან განსაკუთრებით მოთხოვნადი ცივად შებოლილი სკუმბრია და ქაშაყისგან დამზადებული სალათებია.
„თევზზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენს ასორტიმენტში არსებული შებოლილი სკუმბრია და ქაშაყი ძალიან პოპულარულია. ნედლეული ნორვეგიიდან შემოგვაქვს, რადგან იქ ცივი წყლები და საუკეთესო ხარისხია. მომხმარებელს ტრადიციულად მაღალი ხარისხის თევზს ვთავაზობთ. კონტროლის საკმაოდ დახვეწილი მექანიზმი გვაქვს, რომლის ფარგლებშიც შემოწმება რამდენიმე ეტაპზე ხდება. მოწმდება მზა პროდუქციაც და მხოლოდ ამის შემდეგ გადის ის რეალიზაციაში. თევზი ჩვენი კვების კულტურაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და მასზე მოთხოვნაც სტაბილურად მზარდია“, - აცხადებენ „ოკეანეში“.
თევზი თითოეული ადამიანის კვების რაციონის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს მისი ასაკის მიუხედავად. ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებ პროდუქტებს შორის მას მართლაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. მდიდარია D ვიტამინითა და ომეგა 3-ით. თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა. თევზის ცილებს ორგანიზმი მარტივად და კარგად ითვისებს. მასში შემავალი ნივთიერებებიდან გამომდინარე ებრძვის დეპრესიას და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. სწორედ ამიტომ თევზის რეგულარული მიღება განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ზამთარში.
NS