"თავი შეიკავეთ ზამთრის პერიოდში მკაცრი დიეტებისგან..." - როგორ უნდა ვიკვებოთ ზამთარში? - Gemrielia.ge

"თავი შეიკავეთ ზამთრის პერიოდში მკაცრი დიეტებისგან..." - როგორ უნდა ვიკვებოთ ზამთარში?

ზამთარში მზის დაბალი აქტივობისა და სიცივის გამო, ადამიანის ორგანიზმი სუსტდება. ქვეითდება იმუნიტეტი, ნელდება ნივთიერებათა ცვლა და შრომისუნარიანობა. ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს ნოყიერი საკვების მოთხოვნილება აქვს, თუმცა აუცილებელია ზომიერების დაცვა.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ:

jansagi-kveba1-1735294400.jpg

უპირველესად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზამთრის პერიოდში მკაცრი დიეტებისგან თავი შევიკავოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების ნაკლებობის შედეგად, ზამთრის დიეტის დროს იწყება თმის ცვენა და კანი ძალიან შრება. ყველაფერში აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა. როგორც ზედმეტი კვებაა მავნე, ასევე გადამეტებული და არადროული დიეტაც ვნებს ორგანიზმს. უმჯობესია, გამოვთვალოთ ჩვენთვის კალორიების სადღეღამისო ნორმა და რაციონი შევადგინოთ მის მიხედვით. გასათვალისწინებელია ადამიანის ასაკი, წონა, სქესი, აქტიურობის დონე, აგებულება, საქმიანობა.

ზამთარში ორგანიზმი იმარაგებს თითოეულ კალორიას და ოპტიმალურია კვებათა შორის 2,5-3-საათიანი ინტერვალი, ანუ 3 ძირითადი კვება და 2 წახემსება. არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ისეთ რეჟიმს, როგორიცაა: დილით ყავა, სადილად წახემსება სწრაფი კვების ობიექტზე, საღამოს კი უხვი და ნოყიერი ვახშამი, რადგან ყოველივე ეს უარყოფითად აისახება ჩვენს სხეულზე.

ცხელი კერძები წლის ნებისმიერ დროს აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა ზამთარში. აქ იგულისხმება ცხელი წვნიანები და არა ღუმლიდან ახალგამოღებული შემწვარი ხორცეული. ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლოა ფრინველის, საქონლის და თევზის მსუყე ბულიონებზე მომზადებული წვნიანები, რაც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ახდენს სითხის ბალანსის ნორმალიზებას.

ახალ ხილს გაცილებით მეტი სასარგებლო თვისებები გააჩნია, ვიდრე ზამთრისათვის შენახულს. ამიტომ ადრეულ ხილზე მეტად ამ პერიოდში უფრო სასარგებლოა ციტრუსები, ბროწეული, ხურმა, ფეიხოა, კივი და სხვა. შემოდგომაზე იღებენ სტაფილოს, ჭარხალს და სხვა ძირხვენებს, რომლებიც გაზაფხულამდე ინარჩუნებენ ვიტამინებს. ცხიმიანი პროდუქტები შევცვალოთ ცილების შემცველი პროდუქტებით. ნახავთ, რომ, მაგალითად, კურდღელი არანაკლებ გემრიელია, ვიდრე ღორის ხორცი. ძალიან სასარგებლოა D ვიტამინით მდიდარი ოკეანისა თუ მდინარის თევზი და ნაკლებად მზიან ზამთარში აუცილებელია მისი მიღება D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად.

ამ პერიოდში ძალიან სასარგებლოა თხილეული, რადგან სასარგებლო ნივთიერებების მთელ წყებას შეიცავს, თუმცა გვახსოვდეს, იგი არ დავამუშაოთ თერმულად და შაქრისა და მარილის გარეშე მივირთვათ.სანელებლების გარეშე არაფერი იქნებოდა კულინარია. ვანილი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მიხაკი, ყვითელი კოჭა, ძირა, როზმარინი, ზაფრანა, დარიჩინი და კიდევ მრავალი სხვა ეს ის ინგრედიენტებია, რომელთა სასარგებლო თვისებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგალითად: ვანილი აფერხებს დაბერების პროცესს, სეზამი არეგულირებს წნევას, ყვითელი კოჭა იმუნიტეტს ამაღლებს და სხვა. სანელებლები წლის ნებისმიერ დროს სასარგებლოა, ზამთარში კი აუცილებელია.

jansagi-kveba2-1735294381.jpg

რატომღაც ზამთარში გვავიწყდება, რომ ჩვენი ორგანიზმის 60-70 პროცენტს წყალი წარმოადგენს და თუ ზაფხულში წყალს უხვად ვიღებთ, ზამთარში ამის განსაკუთრებული მოთხოვნილება არ გაგვაჩნია, ორგანიზმი კი ამას ითხოვს. აუცილებელია დღეში რამდენიმე ჭიქა წყლის დალევა, რათა დეფიციტი არ წარმოიქმნას.

აქვე დავძენ, რომ ზამთარში ბევრს უჩნდება ცომეულისა და ტკბილეულის მიღების სურვილი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის პროდუქტებია, რომლებსაც არაფერი კარგი არ მოაქვს ორგანიზმისათვის და უმჯობესია, შევზღუდოთ მათი მიღება.