რომელი პროდუქტები იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ ავიცილოთ ეს დისკომფორტი თავიდან - რას გვირჩევს გიორგი ფხაკაძე?
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მუცლის შებერილობის გამომწვევ მიზეზებზე წერს.
მისი თქმით, მუცლის შებერილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ყოველდღიურად მოხმარებული ზოგიერთი პროდუქტით, რომლებიც აირების დაგროვებას უწყობს ხელს.
"მუცლის შებერილობა ბევრ ადამიანს აწუხებს და ხშირად დისკომფორტს იწვევს. ეს პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს ყოველდღიურად მოხმარებული ზოგიერთი პროდუქტით, რომლებიც აირების დაგროვებას უწყობს ხელს.
პროდუქტები, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევს:
- ხახვი და ნიორი: მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მცირე რაოდენობით გამოიყენება კერძებში, ისინი შებერილობის გამომწვევი შეიძლება გახდეს;
- ლობიო: ცნობილია, რომ ლობიო შებერილობის ტიპური გამომწვევია;
- საზამთრო და ატამი: ამ ხილებში შემავალი შაქრები შეიძლება აირების წარმოქმნას უწყობდეს ხელს;
- სოსისი: დამუშავებული ხორცპროდუქტები, როგორიცაა სოსისი, შებერილობას უკავშირდება;
- პური: მნიშვნელობა არ აქვს, თეთრია თუ შავი – პური შებერილობას უკავშირდება;
- ვაშლი და სოკო: ამ პროდუქტების მიღებამაც შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს;
- იოგურტი, თაფლი, ავოკადო, ნაყინი: ამ პროდუქტების ყოველდღიურობაში ნაკლებად მიღება შებერილობის ხარისხს შეამცირებს.
პროდუქტები, რომლებიც არ იწვევს მუცლის შებერილობას:
- ბულგარული წიწაკა, კიტრი, პომიდორი: ეს ბოსტნეული შებერილობას არ იწვევს
- ფორთოხალი: ამ ხილის მიღება შებერილობას არ იწვევს;
- ხორცი (სოსისის გარდა), თევზი, ქათამი: ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც შებერილობას ნაკლებად იწვევს;
- კვერცხი: შებერილობას არ იწვევს;
- ულაქტოზო რძე: თუ რძის მიღება გსურთ, ულაქტოზო რძე აირჩიეთ
- ბრინჯი: ნაკლებად ასოცირდება შებერილობასთან;
- ბადრიჯანი, სტაფილო: ეს ბოსტნეული შებერილობას არ იწვევს;
- ანანასი, მარწყვი, კივი: ამ ხილის მიღება შებერილობას არ იწვევს;
- კარაქი, შავი შოკოლადი: შებერილობას არ იწვევს.
რეკომენდაციები მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად:
- გაზიანი სასმელების შეზღუდვა: ლუდი, ბურახი და სხვა გაზიანი სასმელები შებერილობის გამომწვევია;
- საკვების ნელა მიღება: სწრაფი ჭამა ჰაერის ჩაყლაპვას უწყობს ხელს, რაც შებერილობას იწვევს;
- სტრესის მართვა: სტრესი საჭმლის მონელებაზე მოქმედებს და შებერილობას აძლიერებს;
- ფიზიკური აქტივობა: მოძრაობა საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და აირების დაგროვებას ამცირებს.
მუცლის შებერილობა ხშირად დაკავშირებულია კვების ჩვევებთან. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, რომელი პროდუქტები იწვევს დისკომფორტს და შევეცადოთ, ისინი ჩავანაცვლოთ ალტერნატიული, ნაკლებად შებერილობის გამომწვევი საკვებით. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სტრესის მართვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პრობლემის პრევენციაში", - წერს გიორგი ფხაკაძე.