შეიძლება თუ არა ვაშლის კურკიანად მირთმევა? - რას გვირჩევს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში წერს თუ რა შეიძლება მოჰყვეს ვაშლის კურკიანად ჭამას:
"გავრცელებულია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება ვაშლის კურკის შესახებ. ერთი მხრივ, ამბობენ რომ კურკა ტოქსიკურია, მეორე მხრივ კი პირიქით, სასარგებლოც კი არის ჯანმრთელობისთვის.
სინამდვილეში, ვაშლის კურკა შეიცავს ციანოზიდურ გლიკოზიდს - „ამიგდალინს“, რომელიც შედგება ციანიდისა და შაქრისგან. როდესაც ეს ნივთიერება მეტაბოლიზდება ორგანიზმში წარმოიქმნება მაღალ ტოქსიკური ნაერთი სინილმჟავა (ციანწყალბადმჟავა), რომელსაც ლეტალურ დოზებში შეუძლია სიკვდილის გამოწვევა.
ამიგდალინის გამოთავისუფლება კურკიდან მხოლოდ კურკის მთლიანობის დარღვევის, დაღეჭვის შემთხვევაში ხდება.
საბედნიეროდ, ადამიანის ორგანიზმს შეუძლია მცირე რაოდენობის სინილმჟავის გაუვნებელყოფა, შესაბამისად, რამდენიმე კურკა პრობლემას არ წარმოადგენს. იმისთვის რომ ციანიდისგან გამოწვეული ტოქსიკურობა დადგეს ზრდასრულმა ადამიანმა დაახლოებით 150 კურკა უნდა დაღეჭოს (დამოკიდებულია ვაშლის ჯიშზე)", - წერს ირაკლი არაბული.