როგორ ავარჩიოთ იდეალური ავოკადო? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარტივ ხრიკებს გვიზიარებს
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ უნდა ავარჩიოთ იდეალური ავოკადო:
"როგორც ბევრი სხვა ხილი და ბოსტნეული, ავოკადო გაყიდვაში ხშირ შემთხვევაში, მოუმწიფებელი გვხვდება. ღია მომწვანო ფერის ნაყოფს ხშირად ვიხილავთ სუპერმარკეტის დახლებზე. არსებობს რამდენიმე ჯიშის. ჩვენთან, მეტწილად, მწვანე და ძალიან მუქი შემოდის.
- მუქი ფერის ავოკადო, რომელიც, ხელით მოსინჯვისას მაგარი და ხორკლიანია, განსაკუთრებით გემრიელი ჯიშია და უმეტეს შემთხვევაში, იდეალური შიგთავსიც დაგხვდებათ.
- არჩევანის გასამარტივებლად ყურადღება ავოკადოს ყუნწს მიაქციეთ. მოაშორეთ და დააკვირდით: თუ მომწვანო-მოყვითალო ფერია, ავოკადო დამწიფებულია.
- თუ მწვანე ხასხასა ფერის ავოკადო შეგხვდებათ, ხელით მოსინჯვისას თითი დააჭირეთ, თუ რბილია, ესე იგი მწიფეა, მაგრამ ეს ჯიში ლატარიასავითაა.
- თუ აპირებთ, მკვახე შეიძინოთ და 2-3 დღეში დაამწიფოთ, ჯობს, ვაშლთან ან ბანანთან ერთად, ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ. ავოკადოს ამწიფებს ბანანი, თუმცა თავად ბანანი შავდება და ფუჭდება, ესეც უნდა გაითვალისწინოთ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხშირად მკვახე ავოკადოს დამწიფება არ ხერხდება და ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ პროდუქცია არასწორად შეინახეს, სანამ დახლზე გამოიტანდნენ, მაგალითად, მკვახე მდგომარეობაში მაცივარში შეინახეს და შემდეგ სითბოში გამოიტანეს.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დაჭრილი ავოკადო ფერს დაჭრილ ხახვთან ერთად უფრო დიდხანს ინარჩუნებს. კარგი შესახედაობა დიდხანს ექნება, თუ მას ლიმონის, ან ლაიმის წვენს მოასხამთ. კიდევ ერთი ხრიკი: თუ გაჭრილი ავოკადოს მაცივარში შენახვას აპირებთ, კურკა არ მოაშოროთ", - წერს ირაკლი არაბული.