"12 რჩევა თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის..." - რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი? - Gemrielia.ge

"12 რჩევა თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის..." - რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი?

ცნო­ბი­ლი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის თავის გამომწერებს უზიარებს 12 რჩევას, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის დაგეხმარებათ:

  1. მიირთვით ყოველდღე - მინ. 3-ჯერ, ხოლო მაქს-5 ჯერ-ზომიერი ულუფებითა და 2-4 საათის ინტერვალით. ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა, დააგემოვნოთ თითოეული პროდუქტის და კერძის უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას უწყობს ხელს;
  2. კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ;
  3. დილას საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება, წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის;
  4. დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან სმუზის სახით. ამასთანავე უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე;
  5. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით;
  6. ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე, სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს;
  7. არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი;
  8. უმჯობესია დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე ივახშმოთ, ასე ძილი უფრო მშვიდი, ღრმა გექნებათ და კარგად გამოიძინებთ;
  9. ვახშმიდან მეორე დღის საუზმემდე კარგი იქნება მინიმუმ 12 საათიანი უზმო ინტერვალი;
  10. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი; სხვათა შორის, დღე-ღამის ძილის რიტმის დარღვევაც პირდაპირ აისახება წონის ცვლილებაზე. ღამის ძილის ნაკლებობა გასუქებას უწყობს ხელს;
  11. მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა: ფეხით სიარული, ცურვა, პილატესი და ა.შ კვირაში 3-4 ჯერ;
  12. ისწავლეთ სტრესის მართვა. გახსოვდეთ რაც გაღიზიანებთ, გაბრაზებთ და გაშინებთ-ის გმართავთ კიდეც! უნდა ისწავლოთ აგრესიული ენერგიის თქვენთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება; უნდა გაიწაფოთ იმაში, რომ აგრესია გამოიყენოთ „საწვავად“ თქვენი მიზნებისთვის.