როგორ ავარჩიოთ ნესვი,რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?
არ შეიძლება ნესვის მირთმევა სხვა საკვებთან ერთად! ის აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე, შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი ნესვის ჭამა უზმოზე.
სასარგებლო თვისებები
ნესვი შეიცავს B1, B2, PP, A, C ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ამ ელემენტის მასური წილი ნესვში 17-ჯერ აღემატება რძეში არსებულს. ნესვში უხვად არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორიც. ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის (სისხლნაკლებობის) და ორგანიზმის განლევის, აგრეთვე ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ნესვი აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, აქვეითებს მათ ტოქსიკურობას. ნესვი უამრავ ფერმენტს შეიცავს, ამიტომ ის ადვილი ასათვისებელია და ნაწლავთა ფუნქციასაც აუმჯობესებს. ის შეგიძლიათ მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად! ექიმები ნესვს გვირჩევენ ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს.
ის მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გარეგნობას. ნესვის თესლი პოტენციის ასამაღლებელი უძველესი საშუალებაა. ამ მიზნით უმი თესლის დაღეჭვაა რეკომენდებული, უმჯობესია, თაფლთან ერთად და აუცილებლად ზომიერების დაცვით - არა უმეტეს დღეში ორი გრამისა. სხვაგვარად შესაძლოა ელენთა გაგიღიზიანდეთ. თესლს ასევე აშრობენ და ფქვავენ და პოტენციის ასამაღლებლად დღეში სამჯერ იღებენ თითო ჩაის კოვზ ფხვნილს. ნესვს უნიკალურ დიეტურ და სამკურნალო საშუალებად მიიჩნევენ, თუმცა არასწორი გამოყენების შემთხვევაში მან შესაძლოა გვაწყინოს კიდეც. ნესვი დაბალკალორიულია (30-38 კკალ/100გ), ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოიწყოთ მისი ნაყოფით განტვირთვის დღეები, ოღონდ სამ დღეზე მეტხანს ამ "გემრიელი და სასარგებლო" დიეტის გაგრძელებას არ გირჩევთ. ნესვი ფოლიუმის მჟავას ანუ B9 ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის ორსულობისა და კლიმაქტერიულ პერიოდში, ასევე მათთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიის დაძლევა სურს. ნესვში უხვად არსებული ბეტა კაროტინი ალამაზებს კანს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. ნესვი ამაღლებს გუნება-განწყობას, ხსნის უძილობას, დაღლილობასა და გაღიზიანებადობას. ეს ფერმენტ სუპეროქსიდისმუტაზის დამსახურებაა. ნესვის სამკურნალო თვისებებს მასში შემავალი მიკროელემენტები განსაზღვრავს.
როგორ ავარჩიოთ ნესვი
მწიფე და გემრიელ ნაყოფს საოცარი სურნელი აქვს.
მწიფე ნესვი ხელის ოდნავ წამორტყმისას ყრუ ხმას გამოსცემს.
მწიფე ნესვის ქერქი ყუნწის საპირისპირო მხარეს მსუბუქი ზეწოლისას ოდნავ იზნიქება, განსხვავებით უმწიფარი ნაყოფის ქერქისაგან, რომელიც მკვრივი და არადრეკადია.
ნესვი მავნებელია:
რძის ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს;
მეძუძური დედებისათვის, რადგან შესაძლოა, ჩვილებში მონელების დარღვევას გაუწიოს პროვოცირება;
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს;
გასტრიტით (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის.
მეტად სასარგებლოა ნესვის ჩირიც. ის აღმოსავლეთში ჩაის სმის რიტუალის ერთ-ერთი განუყოფელი ატრიბუტია. გამხმარი ნესვი პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. მწიფე ნაყოფის მსგავსად, ჩირიც ორგანიზმის მატონიზებელი და გამწმენდი საშუალებაა. ნესვი შეგიძლიათ გაყინოთ და სამი თვით შეინახოთ მაცივარში. რეკომენდებულია მხოლოდ მწიფე ნაყოფის გაყინვა. გაყინული ნესვისგან შეიძლება კოქტეილებისა და ვიტამინიზებული სასმელების მომზადება. ნესვისაგან მზადდება აგრეთვე მურაბა, ჯემი, მარმელადი და მარინადიც კი.
mkurnali.ge