"ეს არის ერბოს მომზადების უადვილესი რეცეპტი და თან მხოლოდ ერთი ინგრედიენტი დაგჭირდებათ!" - როგორ მოვამზადოთ ერბო სახლის პირობებში?
სოციალურ ქსელში Kate's Dinner ერბოს მომზადების წესს გვიზიარებს.
ერბოს მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ ერთი ინგრედიენტი – კარაქი. მთავარი პირობაა, რომ ის იყოს მაღალი ხარისხის – მინიმუმ 82%-იანი ცხიმის შემცველობით. Kate's Dinner ამჯობინებს სახლში დამზადებულს, თუმცა ნაყიდი კარაქითაც მშვენიერი შედეგის მიღება შეიძლება.
მომზადება ძალიან მარტივია: სქელძირიან ქვაბში, დაბალ ცეცხლზე უნდა დავადნოთ კარაქი. პროცესში არ შეიძლება მორევა – საჭიროა მოთმინება და ყურება, როგორ წარმოქმნის კარაქი ქაფს. ქაფი ეტაპობრივად უნდა მოვაშოროთ.
მთელი პროცესი ქურაზე გრძელდება დაახლოებით 1 საათი და 20-30 წუთი. ამ დროის შემდეგ მიღებული სითხე ხდება გამჭვირვალე და კამკამა, ქვედა ფენაში კი რჩება ნადები, რომელიც უხვად იძლევა მოხალული ნიგოზის არომატს. ამ დროს მთელ სახლში ვრცელდება სასიამოვნო სურნელი.
მზად ერბო უნდა გადავასხათ მინის ჭურჭელში და დაველოდოთ სრულ გაციებას. ხუფი მხოლოდ შემდეგ უნდა დავახუროთ. მიღებული პროდუქტი დიდხანს ინახება: ოთახის ტემპერატურაზე 9 თვე, ხოლო მაცივარში – 16-18 თვე.
Kate's Dinner გვიზიარებს, რომ 1 კგ კარაქისგან მიიღო 650-700 გრამი ერბო, რაც საკმაოდ კარგი რაოდენობაა.
ეს რეცეპტი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ბუნებრივ, სურნელოვან და გემრიელ ცხიმს როგორც ცხობისთვის, ისე ყოველდღიური კერძებისთვის.