1 შემთხვევა, როცა კარტოფილი მომწამვლელი ხდება - Gemrielia.ge

1 შემთხვევა, როცა კარტოფილი მომწამვლელი ხდება

 

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კარტოფილი რომ არ უყვარდეს. ამ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვენი რაციონი, არამედ მრავალგვარი მრეწველობაც

- კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, რძის მჟავას, აცეტონს, პლასტმასას, ფოტოფირს, წებოვან ნივთიერებებს და სხვა. კარტოფილს დღეს მეორე პურს უწოდებენ, თუმცა ოდესღაც ის "ეშმაკის ვაშლად" იყო მონათლული. სამხრეთ ამერიკიდან მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში პეტრე I-ის მიერ შემოტანილი ეს კულტურა რუსეთში, ცოტა არ იყოს, ძნელად მიიღეს, თუმცა დღეს მის გარეშე არათუ რუსებს, ქართველებსაც ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება.


შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები


კარტოფილი უძველესი ბოსტნეული კულტურაა. ინდიელები მას ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინათ იყენებდნენ, თანაც არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. დღეს ყველამ იცის, რომ კარტოფილში შემავალ ცილას (2%-მდე) ახასიათებს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ამინმჟავას. პოლისაქარიდები აქ უმთავრესად წარმოდგენილია სახამებლით, პექტინებით, უჯრედისით, მონო- და ოლიგოსაქარიდებით - ფრუქტოზით, გლუკოზით, საქაროზით. მინერალური მარილებიდან კარტოფილში ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის შემცველი ნაერთები. მიკრო- და მაკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, იოდი, მანგანუმი. კარტოფილის ქიმიური შედგენილობა გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გაიშიფრა, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები ადამიანმა გაცილებით ადრე შეამჩნია. დღეისათვის ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონისას, ვაშლისას და სხვა), ვიტამინებს. ბევრს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა. სინამდვილეში კარტოფილი მდიდარია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U ვიტამინებით.

 



კარტოფილი როგორც მკურნალი


ტუბერკულოზით დაავადებულებს ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ურჩევდნენ კარტოფილით კვებას. სასარგებლოდ მიიჩნეოდა ეს ბოსტნეული შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც, მის თხელ ანათალს კი დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის დასაამებლად. კარტოფილის სახამებელს სამედიცინო პრაქტიკაში კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველ სა­შუალებას. ფარმაცევტულ წარმოებაში ის მრავალი აბისა და ფხვნილის დანამატია, ზოგჯერ - ძირითადი კომპონენტიც. ცნობილია, რომ კარტოფილი ძალიან უხდება ზედა სასუნთქი გზების კატარს. მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია სასარგებლოა მშრალი ხველის დროს. უმი კარტოფილის საფენები რეკომენდებულია არა მხოლოდ ეგზემის (კანის ანთებითი არაგადამდები დაავადება), არამედ თავის ტკივილის დროსაც (შუბლზე აპლიკაციის სახით). მას რთავენ გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მკურნალობაში. მომატებული მჟავიანობითა და გულძმარვით შეწუხებულ ავადმყოფებს ურჩევენ, დღეში ორჯერ, ჭამის წინ, მიიღონ 50-150 გრამი კარტოფილის წვენი. უმი კარტოფილის სანთლები წარმატებით გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. მოხარშული კარტოფილის დიეტას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მათ შორის - ჰიპერტონიული დაავადების დროს. კალიუმის უხვი შემცველობის გამო კარტოფილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.

 

Image result for potato for skin



კარტოფილი კოსმეტოლოგიაში


დიდია კარტოფილის როლი კოსმეტოლოგიაშიც. მოხარშული კარტოფილის, კვერცხის გულისა და რძის ნარევი უნიკალური მკვებავი ნიღაბია სახის კანისთვის. ეს ნარევი 15-20 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ სახეზე, ჩამოიბანოთ ცხელი წყლით, მერე კი პირი ცივი წყლით დაიბანოთ. ამ პროცედურის შემდეგ კანი გლუვი, ნაზი და დრეკადი ხდება, ნაოჭები ქრება. მზით დამწვრობისა თუ კანის სხვა ანთებითი დაავადებების დროს სასურველია უმი, გახეხილი კარტოფილის კომპრესები - მათ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ. თუ ხელებზე კანი გამოგიშრათ და გექერცლებათ, გირჩევთ, აიღოთ ახალმოხარშული კარტოფილი, გაგლისოთ ცხელ რძეში და ეს ფაფის მაგვარი მასა - ცხელი, რამდენადაც გაუძლებთ - მტევნებზე წაისვათ, შეიფუთნოთ და გაცივებამდე გაიჩეროთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგით გაოცებული დარჩებით.

და ბოლოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ:  კარტოფილის ქერქი და მწვანე ნაწილები შეიცავს ტოქსიკურ სტეროიდს - ალკალოიდ სოლანინს, ამიტომ სასურველია, ბოსტნეული ბნელ ადგილას შეინახოთ. თუ მაინც სინათლეზე დაგრჩათ და გაგიმწვანდათ, აუცილებლად ჩამოაჭერით გამწვანებული ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ შეჭამოთ! სოლანინი ალკალოიდის ერთ-ერთი სახეობაა. ის განსაკუთრებით უხვად გროვდება გამწვანებულ ან ძველ კარტოფილში. ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას ამ ნივთიერებას შეუძლია მოწამვლის სიმპტომები - ქოშინი, გულისრევა, ფაღარათი გამოიწვიოს. სოლანინი ყველაზე მეტია მწვანე კარტოფილში. ის მაშინ გროვდება, როცა კარტოფილი სიბნელის ნაცვლად სინათლეზე დევს, თუმცა ჩვეულებრივ პირობებშიც შეიძლება პროდუქტში ალკალოიდის რაოდენობამ თანდათან მოიმატოს. ამის შედეგად ალკალოიდის შემცველობა მაქსიმუმს აღწევს გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, ამიტომ წლის ამ პერიოდში კარტოფილის გონივრული მოხმარებაა საჭირო. არ გირჩევთ, ეს ბოსტნეული ყოველი კვების დროს მიირთვათ. ჩვეული გარნირი შეცვალეთ ბრინჯით, მაკარონით, მოშუშული ბოსტნეულით, ხოლო წვნიანში კარტოფილის ნაცვლად ბურღული ან პარკოსნები ჩაამატეთ.