თევზის კვებითი ღირებულება შემოდგომის პერიოდში
გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი ორგანიზმზე ზრუნვის კუთხით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ცხელ დღეებში სხეულს ნაკლები ენერგია სჭირდება სითბოს შესანარჩუნებლად, თუმცა დიდი რაოდენობით სითხესა და მინერალებს კარგავს ოფლიანობის გამო. შესაბამისად, ამ პერიოდში მთავარი ყურადღება ჰიდრატაციასა და გადახურების თავიდან აცილებას ეთმობა. სიცივეში კი სიტუაცია საპირისპიროა –ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად და ამასთანავე, გაცილებით მაღალია ვირუსული ინფექციების გავრცელების რისკიც. სწორედ ამიტომ იმუნური სისტემის გაძლიერება დიდ მნიშვნელობას იძენს. შემოდგომასა და განსაკუთრებით, ზამთარში ორგანიზმს სჭირდება როგორც მეტი კალორიული ენერგია, ისე იმუნიტეტისთვის აუცილებელი ვიტამინები, მინერალები და ცილები.
შემოდგომაზე კვების რაციონში თევზის აქტიური ჩართვა აუცილებელია. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცილოვანი პროდუქტი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყაროა.
თევზის როლი ადამიანის ჯანმრთელობაში
თევზი უნიკალური საკვებია, რადგან შეიცავს მაღალი ხარისხის ცილას, რომელიც ადვილად შეითვისება. ცილა კუნთების აღსადგენად, სხეულის გასაკაჟებლად და ენერგიისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით (EPA და DHA), რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ტვინის ფუნქციონირებასა და ანთებითი პროცესების შემცირებაზე.
შემოდგომაზე, როდესაც დღის სინათლე იკლებს და ორგანიზმი ნაკლებ D ვიტამინს იღებს მზისგან, თევზი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ცხიმიანი თევზები: ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი აღნიშნული ვიტამინის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელობა
შემოდგომაზე ხშირია დაღლილობა, სტრესისა და დეპრესიის ნიშნები. დადასტურებულია, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებს დეპრესიული მდგომარეობის რისკს და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას. ზამთრისთვის მომზადების პროცესში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გრძელი ღამეები და მზის ნაკლებობა ადამიანის განწყობაზე ნეგატიურ ახდენს გავლენას.
გარდა ამისა, ომეგა-3 იცავს გულს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ებრძვის ანთებით პროცესებს. სწორედ ამიტომ, თევზის რეგულარული მოხმარება ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ცილის მნიშვნელობა
ცილას ხშირად სხეულის „საშენ მასალას“ უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ თევზის ცილა უფრო ადვილად შეითვისება, ვიდრე სხვა, მაგალითად, წითელი ხორცის ცილა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს ან მისი მიზანი ჯანსაღი კვებით ორგანიზმის გაძლიერებაა.

თევზში შემავალი სხვა ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა
თევზი შეიცავს:
D ვიტამინს – ძვლების და იმუნური სისტემისთვის;
B ვიტამინის ჯგუფს – ენერგიის გამომუშავებისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის;
იოდს – ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;
სელენსა და თუთიას – ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონე მინერალები იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ამინდის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული ელემენტების ნაკლებობა ზამთრის პერიოდში უფრო ხშირია, ამიტომ მათი მიღება შემოდგომიდანვე აუცილებელია.
თევზის სახეობები, რომელთა მიღებაც შემოდგომაზეა რეკომენდებული
ზოგადად, რეკომენდებულია როგორც ზღვის, ისე მტკნარი წყლის თევზის მიღება. სასურველია, ის კვირაში მინიმუმ ორჯერ შეიტანეთ კვების რაციონში. უპირატესობა კი მიანიჭეთ ცხიმიან თევზს, რომელიც ომეგა-3-სა და D ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. ესენია: ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი და თინუსი. მრავალფეროვნებისთვის, თევზის აღნიშნული სახეობები შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა ფორმით ან გამოიყენოთ შებოლილი სახით სენდვიჩებსა და სალათებში. სანდო ბრენდის, ხარისხიანი, სწორად შერჩეული და ჯანსაღად მომზადებული თევზი შემოდგომაზე არამხოლოდ გემრიელი საკვებია, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობაც. მისი რეგულარული მოხმარება ადამიანს იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ენერგიის მიღებასა და ზამთრისთვის ფიზიკურად თუ ემოციურად მომზადებაში ეხმარება.

NS